„ტენერიფეს“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში „ჩარჩა“
„ტენერიფეს“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში „ჩარჩა“
22.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა მალტაზე, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა და გუნდი ისრაელში, ჯგუფის მორიგი მატჩის სათამაშოდ უნდა გადაფრენილიყო, გაირკვა, რომ ესპანური „ტენერიფესა" და საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანს ტატა მატვეევას, კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, თამარ ქველიძესთან ერთად, შესაძლოა ისრაელში შესვლაზე პრობლემა ჰქონოდათ. მიზეზი, ფეხბურთელების სამოგზაურო ისტორია იყო, რომელსაც მსოფლიოში COVID19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისრაელის სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდა. ესპანეთი და გერმანია კი, იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდნენ, რომლებთანაც 8 მარტის მონაცემებით ისრაელს, პირდაპირი ფრენები შეჩერებული ჰქონდა.


TSFF.GE დაუკავშირდა ქართველ ფეხბურთელს და შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ განვითარდა მოვლენები 8 მარტის შემდეგ.


„მალტიდან ეგრევე ისრაელში გვიწევდა წასვლა. თუმცა, რაც გაირკვა, რომ ისრაელი არ იღებდა მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეული ქვეყნიდან იქნებოდნენ ჩამოსულები, მაგალითად გერმანია, ჩინეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. მე, რადგან ესპანეთიდან მოვდიოდი, ისრაელში არ შემიშვებდნენ და სამწუხაროდ, თამაშის გამოტოვება მომიწია. მალტიდან, ეგრევე თბილისში დამაბრუნეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემმა ესპანურმა კლუბმაც შეწყვიტა ვარჯიში. ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ყველას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა", - ამბობს ტატა მატვეევა.


- ესპანეთიდან არ მოგთხოვეს, ჩასვლა და გუნდთან ერთად ვარჯიში?


- ახლა სავარჯიშო პროცესი შეწყვეტილია. თუმცა, ესპანელები პროფესიონალები არიან და სახლის პირობებში აგრძელებენ ვარჯიშს. მწვრთნელები და ჩვენ ვიდეო-ქოლით ვუკავშირდებით. ისინი გვაძლევენ სავარჯიშოებს, რომლებსაც ჩვენ ვასრულებთ და მწვრთნელები თვალს გვადევნებენ. თანაგუნდელებთანაც, კვირაში 3-4-ჯერ, ვიდეო-ჩართვის დროს მაქვს კონტაქტი. ვიცი, რომ არიან ჯანმრთელად და სახლებში გამოკეტილები.


ტატა მატვეევას „ტენერიფე" ესპანური ჩემპიონატის შეწყვეტამდე მე-9 ადგილზე იყო. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან ვვარჯიშობენ, ტატაც და მისი გუნდელებიც აცხადებენ, რომ ფსიქოლოგიურად მოტივირებულები არიან. ამ მომენტში ტატა, თბილისში რჩება და არ იცის, როდის მოუწევს ესპანეთში დაბრუნება. ფორმის შესანარჩუნებლად, ტატა სახლის პირობებში ვარჯიშობს და დროგამოშვებით დარბის. თუმცა, ძირითადად, ცდილობს იყოს სახლში და ნაკლებად მოუხდეს გადაადგილება.


ფოტო: JOE BORG