ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
03.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველო, ჩრ. მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი -  ამ თანმიმდევრობით დალაგდნენ გუნდები ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშებაში, რომელიც პირველი ეტაპი 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  ერთა ლიგის, რიგით მეორე ტურნირის წილისყრა დღეს 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 ამსტერდამში ჩატარდა.


საქართველოს ნაკრები, აღნიშნულ გათამაშებაში C დივიზიონის პირველ კალათაში იყო გადანაწილებული. შესაბამისად, მე-2 ჯგუფში, სადაც ჩვენს გუნდს მოუწევს თამაში, ის ყველაზე ბოლო მონაწილე იყო, რომელიც დღეს დასახელდა.


თუ სად ჩაატარებს ერთ ლიგის რიგით მეორე გათამაშების პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები, უახლოეს დღეებში გაირკვევა. მანამდე კი უეფა-ს ვებ-გვერდის დახმარებით გთავაზობთ მატჩების სავარაუდო თარიღებს, ე.წ. ფანჯრებს თუ რომელ პერიოდებში მოუწევს თამაში საქართველოს ნაკრებს:


1 მატჩის დღე: 3-5 სექტემბერი, 2020

2 მატჩის დღე: 6-8 სექტემბერი, 2020

3 მატჩის დღე: 8-10 ოქტომბერი, 2020

4 მატჩის დღე: 11-13 ოქტომბერი, 2020

5 მატჩის დღე: 11-14 ნოემბერი, 2020

6 მატჩის დღე: 15-17 ნოემბერი, 2020


როგორც ამ კალენდარიდან ხედავთ, გუნდები სახლი-გასვლა სისტემით ითამაშებენ. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს ის, ავტომატურად B დივიზიონში დაწინაურდება.


ანალოგიური სისტემა მოქმედებს A, B, C და D დივიზიონებში ნაკრებების დაწინაურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, A დივიზიონის გამარჯვებულებს, ისინი 2021 წლის 2,3 და 6 ივნისს ფინალურ ტურნირს ითამაშებენ და ერთა ლიგის მეორე გათამაშების გამარჯვებულს გამოავლენენ.


ოდნავ სხვაგვარადაა საქმე, თითოეულ დივიზიონში, ჯგუფში ბოლო ადგილოსნებთან  დაკავშირებით. ის გუნდები, რომლებიც  A და B დივიზიონებში ბოლო ადგილზე გავლენ მექანიკურად დივიზიონით დაქვეითდებიან. განსხვავებაა მხოლოდ C და D დივიზიონებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ C დივიზიონში 4, D-ში კი, მხოლოდ 2 გუნდია, C-დან 2 გუნდი გავარდება. თუ, რომელი ორი გუნდის ხვედრი იქნება ეს 2022 წლის მარტში ფლეი-ოფის მატჩებში გაირკვევა. თუ გუნდი, რომელიც C დივიზიონში ბოლო ადგილზე გავა და ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ითამაშებს, მაშინ C დივიზიონიდან ავტომატურად ერთა ლიგის რეიტინგის 47-ე და 48-ე ადგილზე გასული გუნდები გავარდებიან.


პლეი-ოფები 2022 წლის 24,25,28 და 29 მარტს გაიმართება.  


ერთა ლიგისა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კავშირი


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფორმატი ბუნებრივია, უცვლელია. 10 ჯგუფის გამარჯვებული, ავტომატურად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება. კიდევ 3 საგზურის ვინაობას პლეი-ოფები გაარკვევს. ამ მატჩებში, საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მეორეადგილოსანი, ასევე ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული 2 საუკეთესო ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის ტურნირის რეიტინგით განისაზღვრება. ბუნებრივია, ეს ეხებათ მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოხვდებიან, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში.  


და ბოლოს, უკვე ზემოთ ჩამოთვლილ თარიღებთან დაკავშირებით დავამატებთ ერთს, რომ უეფა-ს განსაზღვრული აქვს თუ რომელ საათებზე შეიძლება ჩატარდეს ერთა ლიგის გათამაშების 2020-21 წლების შეხვედრები. თუკი მატჩები გაიმართება შაბათ-კვირას, მათი ჩატარების დრო განისაზღვრა 15:00 СЕТ, ხოლო სხვა დღეებში 18:00 СЕТ და 20:45 СЕТ საათი.