ქართველმა ხელბურთელებმა იტალიაში გამოსვლა დაასრულეს
ქართველმა ხელბურთელებმა იტალიაში გამოსვლა დაასრულეს
12.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ქართველებმა სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი და ისიც, იტალიის ნაკრებთან გამარჯვეს ანგარიშით 28-25 მოახერხეს. ჯგუფის 2 შეხვედრაში კი, ჯერ რუმინეთთან დამარცხდა 29-24, დღეს კი, კოსოვოს ნაკრებთან 21-30.


აღსანიშნავია, რომ მესამე მატჩი გუნდმა განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო: ცინცაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. მწვრთნელები ასვენებდნენ ვეტერანებს, თევზაძესა და ჩიქოვანს, ორივე გუნდის მოტივაცია კი ერთნაირი იყო - დაეკავებინათ მეორე ადგილი, რომელიც არაფერს იძლევა - რუმინეთის ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა პლეიოფში გასვლა.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი, თამაშის მიმდინარეობაზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: „თამაში საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით დაიწყო. დაცვის ცენტრში მშვენივრად იდგნენ ორჯონიკიძე და წითელიშვილი და შეტევაშიც აწყობილი გვქონდა საქმე. მალევე დავწინაურდით 7-2, 11-7. აშკარად ჩანდა რომ საქართველო კოსოვოზე ძლიერი გუნდია. მე-19 წუთზე მეტოქემ ტაიმაუტი აიღო.


ამის შემდეგ მოხდა აუხსნელი რამ. ჩვენი შემადგენლობა ნელ-ნელა შეიცვალა, თამაშის საშუალება მიეცა ყველას, ვისაც აქამდე ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, გუნდმა უმატა შეცდომებს და 12-წუთიანი მონაკვეთი 0-9 წააგო - 11-7-დან 11-16-მდე! ტაიმი 13-18 დასრულდა და მეორე ტაიმში ვერც ჩიქოვანმა გვიშველა, ვერც თევზაძემ და ვერც ვერაფერმა: 21-30, ეს თამაში დასავიწყებელია და შეიძლება ბენევენტოს ტურნირის მოკლე შეჯამებაც.


ფორმალურად სამივე მეტოქე ჩვენზე მაღლა დგას: რუმინეთს, იტალისაც და კოსოვოსაც უკვე განაღდებული აქვთ ადგილი ევრო-2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, ჩვენ კი იქ გასაღწევად ფინეთი გვყავს დასამარცხებელი, რეალურად კი, ჩვენ თანაბრად ვებრძოლეთ რუმინეთს, აშკარად ვაჯობეთ იტალიას და შეგვიძლია ფინეთის ძლევაც".


ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები თბილისში, 14 იანვარს ბრუნდება და არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის გააგრძელებს მზადებას.


ჩვენი ხელბურთელები, 16 და 19 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს გამართავენ ფინეთის ნაკრებთან და წარმატების შემთხვევაში, ხელბურთში, 20-წლიან ნავსს გატეხავენ.


ხელბურთის ფედერაციის ფოტო