„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
01.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" 3-წლიანი შესვენების შემდეგ, ტიტული დაიბრუნა. უპრეცედენტოდ დაძაბულ ჩემპიონატში, დინამოელებმა ჩემპიონობა ბოლო ტურში იზეიმეს. ეროვნული ლიგის ბოლო ტურამდე, ტიტულზე პრეტენზიას ორი „დინამო", თბილისისა და ბათუმის აცხადებდა.


ძლიერთა შორის დაბრუნებულმა ბათუმელებმა, აღნიშნულ ჩემპიონატში მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა სახელებითა და გვარებით, ქართული რეალობისთვის ვარსკვლავურმა შემადგენლობა, ახალგაზრდა და ლეგიონერი, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ნაკლებად ცნობილი ლეგიონერებით მიზანს მიაღწია.


ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, ბათუმის „დინამომ" თბილისში მიხეილ მესხზე, ანგარიშით 2-1 წააგო თბილისურ „ლოკომოტივთან". ამ სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრში კი, „დინამო არენაზე" იდენტურ დროში დაწყებული თამაშის 90 წუთის შემდეგ, გამარჯვება თბილისურმა გუნდმა იზეიმა, „ვიტ ჯორჯიასთან" ანგარით 2-0.


მიუხედავად, გამარჯვებისა და კიდევ იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული მატჩის წინ, დინამოელები პირველ, ხოლო ვიტელები ბოლო ადგილზე იყვნენ, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, თუმცა, უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოდგა, რადგან „დინამო თბილისი" სრულ უპირატესობას ფლობდა და ალბათ, სამომავლოდ, რაც დინამოელთა სამწვრთნელო შტაბს გამოსასწორებელი ექნება, უამრავი გამოუყენებელი საგოლე მომენტია.


„მადლობა მთელ გუნდს, ფეხბურთელებს, პერსონალს, გუნდის პრეზიდენტს - რომან ფიფიას. მძიმე წელი გამოდგა, თუმცა დინამო მუშაობს, დინამო იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. ემოციურად და სპორტულად მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მოგება შევძელით - ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს", - ამბობს მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარში ჩისკო მუნისოი, დინამოელთა სამწვრთნელო შტაბიდან, რომელიც წლების წინ, სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყო. სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ, გასახდელებთან ჩისკოს კითხეს, რომელი უფრო გაგიხარდა, მაშინ, რომ ჩემპიონი და საუკეთესო იყავი, თუ დღევანდელი გამარჯვებაო? რაზეც ესპანელმა ცალსახად უპასუხა, რომ ეროვნული ლიგის მოგება, მისთვის მეტად უფრო საამაყოა.


ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში ანგარიში ლევან კუტალია, შეხვედრის 35-ე წუთზე, აკაკი შულაიას გადაცემის შემდეგ გახსნა. ეს, კუტალიას მე-20 გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატზე და შესაბამისად, 20 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.


„ძალიან გვიხარია დღევანდელი გამარჯვება და მეჩვიდმეტე ტიტული. ვიტ-ჯორჯიას მინდა მადლობა გადავუხადო, გუნდი ფაქტიურად გავარდნილი იყო ჩემპიონატიდან და დღეს ბოლომდე იბრძოლეს, მადლობა მათ ამისთვის. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ლევან კუტალიამ.


დინამოელებმა ამ შეხვედრაში მეორე გოლი, შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე გაიტანეს და ჩემპიონობა საბოლოოდ დააფიქსირეს. გოლი, გიორგი ზარიას გარღვევისა და პასის შემდეგ, დინამოს სენეგალელმა ლეგიონერმა - არფან დაფემ აიღო.


საბოლოოდ, "დინამო თბილისმა" სატურნირო ცხრილში, უშუალო მდევარს, ბათუმის "დინამოს" 7 ქულით გადაუსწრო და ჩემპიონატი 75 ქულით დაასრულა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშების ჩემპიონებს საჩემპიონო ფარი, 1 წლით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.


ამ დღეს, "დინამო თბილისის" საპატივცემულოდ, თბილისის ანძა დინამოს ფერებში განათდა.