შერმო, ბექა, დუდა - ქართული ლეგიონის ამბები
შერმო, ბექა, დუდა - ქართული ლეგიონის ამბები
10.11.2019
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინი

შერმადინისგან MVP-ის ტიტული არავის უკვირს. საინტერესო ის გახდა, თუ რამდენად შთამბეჭდავი თამაშით მოახერხებს ესპანური ტენერიფე იბეროსტარის ქართველი ცენტრი ამ ყოველსამატჩო ტიტულის მოპოვებას. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგის ტენერიფემ ბურგოსს 3 ქულით, 85:82 მოუგო. ქართველმა კალათბურთელმა საოცარი მატჩი ჩაატარა. მან 27:57 წუთში 22 ქულას, 10 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ ბურთი 5-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა და 5-ჯერ საკუთარი გუნდის ფარზე.


შერმადინის კლუბმა ბოლო მეოთხედი 9 ქულით წააგო, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედებში მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 5 მოგებითა და 3 წაგებით იბეროსტარი ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ხუვენტუდ ბადალონას შეხვდება.




ბექა ბურჯანაძე


ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა სტუმრად "ბილბაო" დაამარცხეს, მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა კი სწორედ ბურჯანაძე გახლდათ. 


კანარელებმა საბოლოოდ 97:90 გაიმარჯვეს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარბულ 20:44 წუთში 17 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. კუნძულელების ბომბარდირი გახდა ჯონ შურნა, რომელმაც ბურჯანაძეზე ორით მეტი ქულა ჩააგდო - 19, გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვეტერან გამთამაშებელ ომარ კუკს. მან 16 ქულას 9 პასი მიამატა.


"გრან კანარიას" 4-4 მოგება-წაგება აქვს და ორ გუნდთან მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ეს ორი კლუბი ბურჯანაძისა და შერმადინის ძლეულები არიან - "ბურგოსი" და "ბილბაო".


"გრან კანარია" მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს შინ "მურსისსთან" გამართავს.




დუდა სანაძე


დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიის ჩემპიონატში. ქართველი უკანახაზელის "ოლივეირენშემ" "ვიტორიას" უმასპინძლა და 90:63 რომ დაამარცხა, სანაძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:47 წუთი გაატარა. სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 


ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე მთლიანობაში 20 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ის ოლივეირენშელთაგან შედეგიანობით მხოლოდ მარკ ნორელიას ჩამორჩა, რომელმაც 29 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 


5 მოგებითა და 1 მარცხით "ოლივეირენშე" ჩემპიონატში 1-2 ადგილებს "ბენფიკასთან" იყოფს. შემდეგ ტურში სანაძის გუნდი 16 ნოემბერს, სტუმრად "მადეირასთან" ითამაშებს.