ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
04.11.2019
ავტორი: ი.პ.

თორნიკე შენგელია


ევროლიგაზე თამაშობს თუ ესპანეთის ჩემპიონატში, თორნიკე შენგელია ბასკონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს სასიამოვნო ტრადიცია ესპანეთის ჩემპიონატშიც გაგრძელდა, სადაც მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველი ფორვარდი შეუჩერებელი იყო. სამწუხაროდ, ბასკონიელები დაძაბულ ბრძოლაში - ბოლო წამზე მიღებული ბურთის გამო - 89:91 დამარცხდნენ. მეტოქე ესპანეთისა და ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - მადრიდის რეალი გახლდათ.


ბასკონეელებმა მრისხანე მეტოქეს მე-3 მეოთხედი 36:18 მოუგეს და მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, მადრიდელთა არგენტინელმა ლეგიონერმა გაბრიელ დეკმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი დრო - 32:32 წუთი ითამაშა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ მეტ ჯენინგს (23) და ლუკა ვილდოზას (20) ჩამორჩა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 18 ქულა ჩააგდო, არგენტინელი მცველის მონაგარი კი 15 ქულა და 5 პასი იყო.


ბასკონიას 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, სტუმრად, ობრადოიროსთან გამართავს.




გიორგი შერმადინი


გიორგი შერმადინის იბეროსტარმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოიგო. ტენერიფულმა გუნდმა გასვლითი შეხვედრა მადრიდში მოიგო, სადაც დაძაბულ ბრძოლაში - 74:72 ესტუდიანტესი დაამარცხა.


ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:47 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.


ტენერიფელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა შეიტანა, რომელმაც 18 ქულას 8 პასი წაამატა. 


4 მოგებითა და 3 მარცხით ტენერიფული გუნდი მე-4 ადგილზეა. იბეროსტარი მე-8 ტურის მატჩს 9 ნოემბერს, შინ, სან პაბლო ბურგოსთან გამართავს.




ბექა ბურჯანაძე


ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან პრონციპული მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელიც სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 88:86 იმარჯვა.


კუნძულელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:25 წუთი დაჰყო. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა 6 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. საუკეთესო კი უბერებელი ომარ კუკი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 8 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. 


3 მოგებითა და 4 მარცხით გრანკანარიელები ცხრილში 8-14 ადგილებს იყოფენ. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 9 ნომბერს, სტუმრად "ბილბაოსთან" გამართავს.




გოგა ბითაძე


ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 20 წლის ქართველმა, გოგა ბითაძემ სასტარტო უთეულში პირველად ითამაშა. ეს გასულ მატჩში, ჩიკაგო ბულსთან მოხდა, რომელიც ინდიანა პეისერსმა 108:95 დაამარცხა წარმატებული სერია სამამდე გაზარდა. 


ბითაძემ მოედანზე 18:57 წუთი გაატარა და ალბათ, მეტი დროც მიეცემოდა, პერსონალური ფოლებით რომ არ დატვირთულიყო. შეხვედრაში ინდიანელთა პირველი ქულები სწორედ ქართველმა ლეგიონერმა მიითვალა, საბოლოოდ კი, მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება იყო.


გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 1 დაკარგვა და 6 ფოლი ჰქონდა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. ინდიანელთ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო 26 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულას 7 პასი წაამატა, ტი ჯეი ლიფმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 15 მოხსნა.


სეზონის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ ინდიანამ ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 6 ნოემბერს, სტუმრად, შარლოტ ჰორნეთსთან ჩაატარებს.