ხოშტარამ "დინამო" დაამარცხა
ხოშტარამ "დინამო" დაამარცხა
03.11.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

"ვერა" - "დინამო" 74-69


სუპერლიგის მე-4 ტურში პირველი მარცხი იგემა მუია ტაჩის გაწვრთნილმა "დინამომ". დინამოელები სუპერლიგის დებიუტანტმა "ვერამ" დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა და თსუ-სთან ერთად გათამაშების ლიდერია. ირაკლი ხოშტარიამ, რომელიც გასულ წლებში "დინამოს" წვრთნიდა, თავის ყოფილ გუნდთან პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა "ვერამ" გამართული და დალაგებული თამაშის წყალობით მეტად ღირებული მატჩი მოიგო - 74:69. 


შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გარდმავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის მუია ტაჩის გუნდი 3 ქულას იგებდა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც ვერელებმა 16:13 მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. ვერელებმა კონტროლი დაამყარეს მეტოქის სამწამიანში, რაც ვახტანგ ქადარიასა და ვენდელ ლუისის შედეგიანი თამაშის დამსახურება გახლდათ. ფარვეშ მეტოქის შეჩერების ფონზე ვერელებმა უპირატესობა პერიმეტრიდან შედეგიანი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. ბექა ჩიკვილაძის და განსაკუთრებით გივი ბაქრაძის შორი და ზუსტი სროლებით ვერელებმა ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა არა ისეთი საიმედო, რომ ბოლო წუთებზე მშვიდად ყოფილიყვნენ.


თანაბარ ბრძოლაში, როცა ანგარიშში მცირედი სხვაობა იყო, გარდამტეხი გამოდგა ბექა ჩიკვილაძის ჩაჭრა, რომელიც ვერელების უკანახაზელმა მატჩის ბოლო წუთზე განახორციელა და ის ჯარიმით შეაჩერეს. ჩიკვილაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და "ვერა" 72:69 დააწინაურა. მატჩის ბედი მაშინ გაირკვა, როცა დინამოელთა ახალგაზრდა ფორვარდს, ირაკლი კილაძეს ფარქვეშ მოპოვებული ბურთის შემდეგ 2 საჯარიმოს სროლის უფლება მიეცა და ორივე ააცილა. ვერელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, ბრენდონ სლაიმ გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და თავის გუნდს მოგება გაუნაღდა.


გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 17 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 16 ქულითა და 10 მოხსნით ტაილერ უილიამსი გამოირჩა, 16 ქულა და 5 მოხსნა სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე დაგროვდა.



"ტიტები" - "მგზავრები" 66-75


სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა. მე-4 ტურამდე 3 წაუგებელი გუნდი იყო - დინამო, თსუ და ტიტები, რომლებმაც ამ უქმეებზე მარცხის სიმწარე პირველად იგემეს. თსუ-სა და დინამოს შემდეგ, მე-4 ტურის ბოლო მატჩში მარცხი განიცადა ტიტებმა. ლაშა გამყრელიძის გუნდი ბუბა ბერიშვილის მგზავრებთან ხელმოცარული დარჩა. მგზავრების ახალწვეული, დარელ ქომბსბი გამრჯე მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც თავის გუნდს სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.


სწრაფ და თანაბარ თამაშში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხელჩასაჭიდ ლიდერობას ვერც ერთი გუნდი ვერ ეპატრონებოდა. პირველი მეოთხედი ტიტებმა 13:12 მოიგეს, ხოლო მეორე 15:18 დათმეს. დიდ შესვენებაზე მგზავრები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე ათწუთეულში მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და დასკვნით პერიოდს 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ - 54:50.


ცხადი იყო, რომ გამარჯვებული ის დარჩებოდა, რომელიც ბოლო მეოთხედში მეტ დისციპლინას და შედეგიანობას გამოავლენდა. ამერიკელი ლეგიონერების - დარელ ქომსბის, ტაჯ სპენსერის და დანიელ დუარტეს შედეგიანობით, რომლებსაც კოტე ბიწაძეც ეხმარებოდა, მგზავრებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს - 69:60 დასრულებამდე 4 წუთით ადრე. დარჩენილ დროში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ლიდერობა წარმატებით შეინარჩუნეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ - 75:66.


გამარჯვებულებს ტაჯ სპენსერმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა დანიელ დუარტემ მოაგროვა, ხოლო კოტე ბიწაძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. მგზავრების ახალწვეულმა დარელ ქომსბიმ 14 ქულა და 5 პასი მიითვალა. ტიტებში 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი, 13 ქულა და 10 მოხსნა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე დაგროვდა.


სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 8 და 9 ნოემბერს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი