თბილისში, 3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება დასრულდა
თბილისში, 3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება დასრულდა
09.09.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

თბილისში დასრულდა, კალათბურთში, 3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება. ტურნირი, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა, ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ოქროს მედლები: ვაჟებში - ლიეტუვამ, ხოლო გოგონებში - ესპანეთმა მოიპოვა.


ევროპის თასის დასკვნით დღეს, გაიმართა პლეიოფის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რამდენიმე მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. პლეიოფის მატჩები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გავიდნენ ესპანეთისა და გერმანიის გოგონათა ნაკრებები, ხოლო ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლიეტუვამ და საფრანგეთმა მოიპოვეს.


ორივე ფინალურ მატჩში,  რიყის პარკში შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდაპირველად ჩემპიონი გოგონებში გამოვლინდა. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხა გერმანიის ნაკრები, ხოლო ვაჟთა ფინალში ლიეტუვამ საფრანგეთს 21:14 მოუგო.


3X3 U18 ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა ვაჟთა და გოგონათა შორის შერეული სროლების კონკურსი. შეჯიბრის შესარჩევი ეტაპი  ტურნირის პირველ და მეორე დღეს ჩატარდა, ხოლო ფინალი გულშემატკივარმა ტურნირის დასკვნით დღეს იხილა. ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ნაკრებიდან კონკურსში თითო მოთამაშე გამოდიოდა. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი მონაწილე ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა და გამარჯვებული გამოავლინა.


სროლების კონკურსი გერმანელმა გოგომ ვიქტორია პოროშმა მოიგო, რომელმაც 47.4 წამში 12 ქულა დააგროვა. მეორე და მესამეადგილოსანმა კონკურსანტებმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს (7-7) და უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭა, რომელმაც ეს შედეგი ნაკლებ დროში აჩვენა. უნგრელმა მოთამაშემ ბენდეგას ორბანმა 7 ქულა 44 წამში მოაგროვა, ხოლო რუსმა დანილა ჩიკარევმა - 59.3 წამში.


ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები