მისიადაც რთული და შესასრულებლადაც
მისიადაც რთული და შესასრულებლადაც
08.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ექვს წუთში მორჩენილი „ბრძოლა", რომელიც როტერდამში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, შესაძლოა, „ომის" დასასრულიც იყოს. 8 აგვისტო, „დინამო თბილისისთვის" ისევე, არ გამოდგა სასურველი თარიღი, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში გლოვის დღე იყო და დინამოელებმაც ევროპული ფეხბურთის მთავარ ორგანოს თხოვნით მიმართეს, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეს მატჩი, შავი ლენტებით ეთამაშათ, ქართველების თხოვნა მხედველობაში არავის მიუღია. თუმცა, ისევე, როგორც ის განმარტება, თუ რა დატვირთვა ჰქონდა „დინამო არენაზე" ქართველთა ფან-სექტორში გამოფენილ დროშას, წარწერით 1988 - Old School. რაც დინამოელთა ძველი ფან-სექტორის პირველ ოფიციალურ „გასვლას" გულისხმობს და არაფერი საერთო არ აქვს, საფეხბურთო წრეებში აკრძალულ რიცხვთან - 88 და არც მასთან ასოცირებული ყველა სხვა ქმედებასთან. „დინამო თბილისი" - „გაბალას" თამაშის დროს გამოფენილი დროშის გამო, 15 აგვისტოს თბილისში, „დინამოს" - „ფეიენოორდთან" მატჩის გამართვა ცარიელი ტრიბუნების ფონზე შესაძლოა მოუწიოს.




ალბათ, გახსოვთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო თამაშის დროს, „დინამო თბილისის" მე-17 სექტორი ცარიელი იყო და მასზე გადაჭიმული უეფა-ს ერთ-ერთი კომპანიის სლოგანი იყო გადაჭიმული. რა მოხდება ერთ კვირაში, უახლოეს დრეებში შევეცდებით გიამბოთ.


ყოველ შემთხვევაში დღეს, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე, ეს გადაწყვეტილება უეფა-მ ოფიციალურად გაახმოვანა, ჰოლანდიურმა მხარემ კი, ის ელვის სისწრაფით გაავრცელა, რაც თამაშზე მიმავალი გუნდისთვისაც, ცნობილი გახდა. ეს იყო, პირველი დარტყმა, რეალურად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჰოლანდიელებმა შეასრულეს. ახლა, „დინამო თბილისს" გასაჩივრებისთვის 5 დღის ვადა აქვს და ქართული მხარე, იმედოვნებს, რომ არაა გამორიცხული, უეფა-ს აზრი შეაცვლევინოს.




თუმცა, იმედები და რეალობა, ზოგჯერ ხშირად ცდება ერთმანეთს. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, რის გამოც „ჩიხურა" დააჯარიმეს მეორე საკვალიფიკაციოს თბილისურ მატჩში, აქ, როტერდამში, დელეგატმა უბრალოდ „არ დაინახა". ყოველ შემთხვევაში, გაზონზე გუნდების გამოსვლისას, ვისაც, როგორ უნდოდა, ისე დადიოდა და ფოტოგრაფებისთვის, მუშაობა სრულიად შეუძლებელი იყო.


უკვე თამაშის დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც უშუალოდ მატჩის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ დაარტყა „დინამო თბილისის" კარის მიმართულებით, საფეხბურთო გარემო. გარემო, რომელიც საქართველოში უბრალოდ არ არის და თუ არის, ისიც, მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშზე და ისიც  მაშინ, როცა შეხვედრას იგებ...


ის, რომ „ფეიენოორდი" რაღაცას ამზადებდა, ეს გუშინ და დღეს, ჩვენც  დავაანონსეთ. ყოველ შემთხვევაში, ღიმილისა და ფრაზების მიღმა, როგორც ჩვენ გვხდებოდნენ, თავს მათზე დაბლად გაგრძნობინებდნენ. სხვა საქმეა, შენ ამ დროს თავს დახრი თუ ამაყად გაივლი. ქართველ ჟურნალისტებს არ დაგვიძახეს პრესკონფერენციაზე, არ გვითხრეს, სად ვარჯიშობდა გუნდი.




თამაშის დღემდე, მოედანზე სავარჯიშოდ შესულ დინამოელებს, კარებების ადგილას, „ახლადდათესილი" და ცელოფან გადაფარებული ადგილები დახვდათ, ასე  ივარჯიშეთო... მინდორიც გასაკრეჭი იყო, თუმცა, ეს გარემოება, ქართველების გარდა ყველამ გაატარა.


ბუნებრივია, არავინ უარყოფს, რომ რაც არ უნდა ვიხტუნაოთ, სხვაობა ქართულ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის არის, მითუმეტეს, თუ მას გარემო ხელს უწყობს. „ფეიენოორდიც" სულაც არ არის თავზე ხელწამოსაკრავი გუნდი, რა სირთულეებიც კლუბს არ უნდა ჰქონდეს. და თუკი, ვინმე ასე ფიქრობს ნაღდად ცდება. უფრო მეტიც, 2019-2020 წლების ევროთასებზე, ოთხივე ქართულ გუნდს შორის, ყველაზე ძლიერი მეტოქე (კლუბში არსებული პრობლემების მიუხედავად) ეს გუნდი იყო.




მატჩის შემდეგ, „ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მისი გუნდი, „მოედანზე მშიერი გამოვიდა. საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ, კარგი და დალაგებული კომბინაციებით და ეს არ გამკვირვებია. წინ განმეორებითი მატჩია. რა თქმა უნდა, „დინამო" სწრაფ გოლზე ითამაშებს, რაც ჩვენ, არ უნდა დავუშვათ. იქაც ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთო".


ისიც ფაქტია, რომ მთელი მატჩის მანძილზე, „დინამო თბილისმა", „ფეიენოორდის" კარში, რეალურად მეორედ დაარტყა. ერთი, პირველ ტაიმში, როდესაც ლევან შენგელიას დარტყმის შემდეგ ვერმეერს ბურთი ხელებში მიუვიდა და, მეორე მეორე ტაიმში, როდესაც იგივე ვერმეემრმა, ნოდარ ქავთარაძის შესანიშნავი მცდელობისას, მოახერხა ბურთისთვის მიმართულების შეცვლა  და აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი კარი. გუნდი, მთელი მატჩის მანძილზე დაცვაში იდგა და რეალურად, ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.




„რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. ვფიქრობ, მე-80 წუთამდე ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილებით მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით და ამან მთლიანად შეცვალა თამაშის სცენარი, გუნდი მოიშალა. ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ ამ მატჩისთვის. მოედანზე კარგად ჩანდა, რომ გაძევებამდე ყველაფერი ასე თუ ისე, ნორმალურად მიდიოდა. ჩემი სუბიექტური აზრით, მსაჯის გადაწყვეტილები მაინცდამაინც სამართლიანი გაძევებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონიათ", - იტყვის ფელის ვისენტე მატჩის დასრულების შემდეგ.




პირველი ტაიმის მიწურულს გასულ გოლს თუ არ ჩავთვლით, „დინამო თბილისმა" დაცვითი თამაში ასე თუ ისე,  მოახერხა. თუმცა, მეორე ტაიმის მიწურულს,  აქ უკვე გარემომ იჩინა თავი, რომელშიც ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიურად მყარი ადამიანიც კი, დიდი ალბათობით გატყდებოდა. გატყდა, „დინამოც" 6-7 წუთში. სწორედ დროის ამ მონაკვეთში, აკაკი შულაიას გაძევების შემდეგ, 10 კაცით დარჩენილმა თბილისელებმა 3 გოლი გაუშვეს და საპასუხო მატჩის წინ, თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდეს. „დინამომ" 4-0 წააგო.


ორი კითხვა, რომელიც ქართულ მედიას პრესკონფერენციაზე დაებადა შენგელიას შეცვლა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში მჭიდროდ მეურვეობდნენ, საქმეს აკეთებდა და კარიკარი, დაფეს თამაშში არ შემოყვანა იყო.




„შენგელიას შეცვლა? ასეთი გადაწყვეტილება ტაქტიკური ცვლილებით იყო განპირობებული. ის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პერსონაა. კარიკარი და დაფე? მინდა ვთქვა, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელი მზადაა თამაშისთვის, ამიტომ ახლა ვერ გეტყვით, რა შემადგენლობით ვითამაშებთ მომდევნო მატჩს. სახლში ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ გვექნება გულშემატკივრების იმედიც. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ უეფას გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ვისენტემ.


შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს, „დინამო არენაზე" გაიმართება და დღევანდელი მოცემულობით, დიდი ალბათობაა, რომ  შეხვედრამ, მაყურებლის გარეშე ჩაიაროს. აქვე, გეტყვით, რომ საქართველოდან ჩარტერით წასული დელეგაციის გარდა, როტერდამულ შეხვედრას დღეს, ევროპაში მცხოვრები ქართველებიც, დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა.

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები