ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ
ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ
07.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც როტერდამში, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დაპირისპირების წინ „ფეიენოორდმა" ქართველი ჟურნალისტების გარეშე გამართა პრეს-კონფერენცია და ვარჯიშიც „დე კუიპზე" არ ჩაატარა, ხვალინდელი საასპარეზო სტადიონიდან 800 მეტრით მოშორებულ მინდორზე ივარჯიშა.  სამაგიეროდ, „დინამო თბილისის" ვარჯიშს, რომლის სამწვრთნელო შტაბმაც არ დახურა 15 წუთის შემდეგ ვარჯიში, ქართული მედიისა და მსგავსი ვარჯიშებისთვის დაუშვებელი რაოდენობის როტერდამელების თანდასწრებით, თითქმის ერთ საათს დაჰყო მოედანზე.




თუმცა, მანამდე  ქართულმა გუნდმა, „დინამო თბილისისადმი" არც თუ დაინტერესებული ჰოლანდიური მედიის გარეშე, პრესკონფერენცია თბილისიდან წასული 15 ჟურნალისტისთვის ხვალინდელი მატჩის გეგმებზე ისაუბრა.




ფელის ვისენტემ, დინამოელთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იცის, „ფეიენოორდში" მიმდინარე ცვლილებების შესახებ. კერძოდ, „ფეიენოორდმა", „ლივერპულიდან" ჯორჯ ჯონსტონი დაიმატა. სწორედ, ეს ფეხბურთელი წარუდგინეს დღეს როტერდამელ ჟურნალისტებს. ჯონსტონი დიდი ალბათობით, ხვალინდელ შეხვედრაში დიდი დროით თუ არა, მცირე ხნით მაინც გამოჩნდება მინდორზე. კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება, შესაძლოა, „ფეიენოორდმა" საპასუხო მატჩისთვის დაიმატოს. კერძოდ, საუბარია იტალიურო „რომადან", კარსდორპი, რომელსაც ჰოლანდიური კლუბი იჯარის წესით იმატებს და რიკი ვან ვოლფსვინკელის დამატებაზე.




მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიას არც კი გვითხრეს მატჩისწინა პრესკონფერენციის შესახებ, TSFF.GE-ს ადგილობრივი ჟურნალისტი დაგვიკავშირდა და დეტალურად გამოგვკითხა ინფორმაცია ქართულ გუნდზე, „დინამო თბილისის" თამაშის სტილზე, ტაქტიკურ მონახაზზე და კლუბის მფლობელის თაობაზეც კი.




დინამოელთა სამწვრთნელო შტაბში კი აცხადებენ, რომ „ფეიენოორდთან" თამაშზე გუნდი 200%-ით დაიხარჯება.


„ვემზადებით ამ თამაშისთვის და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ფსიქოლოგიურად და ჯანმრთელად კარგად არიან ფეხბურთელები და დანარჩენს ხვალ ვნახავთ ვინ მოხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, მძიმე მატჩი იქნება, საკმაოდ სახელოვან გუნდ ვეთამაშებით. თუმცა, ჩვენ ვგრძნობთ აღმავლობას და ვეცდებით ხვალ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას და ფეხბურთელები 200%-ით დაიხარჯებიან. შესაბამისად, ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ", - განაცხადა  ფელის ვისენტემ.




რამდენი გულშემატკივარი მოვა, ხვალ, „დე კუიპზე" ჩვენთვის უცნობია. 51 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე, ერთი სექტორი, ქართული კლუბის ფანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც „დინამო თბილისთან" ერთად, „აირზენას" ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. ჩვენი ინფორმაციით, მატჩზე დასწრებას, ბელგიიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიაში მყოფი ქართველებიც აპირებენ.




 „როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ხვალ მძიმე მატჩი გვექნება, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. აღვნიშნავ, რომ აქ ტურისტებად არ ვართ ჩამოსულები და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება", - ამბობს პერალესი.




„დინამო თბილისის" შემადგენლობაში, ყველა ფეხბურთელი, რომელიც როტერდამში იმყოფება, ჯანმრთელადაა. ერთად-ერთი, რომელმაც დღეს, ინდივიდუალურად ითამაშა, ნოდარ იაშვილია.


შეგახსენებთ, „ფეიენოორდისა" და „დინამო თბილისის" მატჩი 8 აგვისტოს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.


როტერდამო, ჰოლანდია


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები