კაპიტნის ტრავმა და თითქოს არაფრის მთქმელი მსაჯის შეცდომა
კაპიტნის ტრავმა და თითქოს არაფრის მთქმელი მსაჯის შეცდომა
03.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხელბურთში, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა, ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი დათმო ლიეტუვასთან 28-19. თუმცა, ქართველი გოგონების გატეხვა ლიეტუველებმა, მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს.


თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში ქართველმა გოგონებმა საკმაოდ ათლეტურ (მაღალი მოთამაშეები გვაქვს მხედველობაში) მოწინააღმდეგეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა თითქმის მთელი თამაშის მანძილზე 2-3 ბურთიანი უპირატესობით იყო წინ, საქართველოს ნაკრები ახერხებდა ანგარიშის 1 ბურთამდე შემცირებას და მეტოქეს, დიდი სხვაობით, ერთპიროვნულად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. საქართველოს ნაკრებში თამაშის ბოლოს, მე-11 ნომერი, ანა ჩხაიძე დასახელდა, თუმცა, ჩვენის მხრივ კიდევ რამდენიმე მოთამაშეს გამოვარჩევდით, რომელთა შორის ლომის წილი  გუნდის მეკარეზე, ხატია ჯიქურაშვილზე მოდის.


უკვე მატჩის შემდგომ ანალიზისას, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა ის გარემოება, რომ საქართველოს ნაკრებმა  თბილისური ჩემპიონატი, ძალიან უიღბლოდ დაიწყო. ლიეტუვასთან მატჩის მე-7 წუთზე ტრავმის გამო, თამაში დატოვა გუნდის კაპიტანმა ნენო ჯგერენაიამ. რეალურად ის, ამ ასაკობრივ ნაკრებში გამთამაშებელი და გამოკვეთილი ლიდერი იყო. გუნდის ტაქტიკური მონახაზიც სწორედ, ამ ხელბურთელზე იყო აგებული. შესაბამისად თამაშის მსვლელობისას, სამწვრთნელომ, უცბად გადაწყობა ვერ მოახერხა და თანაგუნდელის ტრავმა, სხვა მოთამაშეების განწყობასაც დაეტყო. დიდი ალბათობით, ჯგერენაიას „ჯვარედინი" აქვს დაზიანებული და თუ ეს დადასტურდა, ხელბურთელ გოგონას კარგა ხნით მოუწევს მოედნის მიღმა ყოფნა.


კაპიტნის დაშავების მომენტში ანგარიში 2-2 იყო და საქართველოს ნაკრები, თამაშის სადავეების ხელში აღებას ცდილობდა. თუმცა, ჯგერენაიას ტრავმით გამოწვეული საქართველოს ნაკრების დაბნეულობით, კარგად ისარგებლეს ლიეტუველებმა და ანგარიშში დაწინაურდნენ. რამდენიმე მომენტში, ჰოლანდიელი მსაჯების შეცდომებმაც ლიეტუველების საქმე გააადვილეს და მეორე ტაიმის მიწურულს, საქართველოს გოგონათა ნაკრები გატეხეს.


თამაშის ფოტო ალბომი

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი 3 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. თავდაპირველად თამაშები 2 ჯგუფში გაიმართება. ჯგუფებიდან გასული 2-2 საუკეთესო გუნდი, ½ ფინალში ითამაშებს.


3 აგვისტოს კი სხვა თამაშები, შემდეგი ანგარიშით დასრულდა:

ა ჯგუფი:

სერბეთი-ფარერის კუნძულები 30-26 (თამაშის ფოტო-ალბომი)

უკრაინა -საბერძნეთი 19-18 (თამაშის ფოტო-ალბომი)

ბ ჯგუფი:

ლიეტუვა-საქართველო 28-19

შვეიცარია - ლატვია 39-20


მომდევნო 2 დღის კალენდარი ასეთია:

 4 აგვისტო

12:00 ფარერები - ბულგარეთი

14:00 საბერძნეთი - სერბეთი

16:00 საქართველო - ფინეთი

18:00 ლატვია - ლიეტუვა

 5 აგვისტო

12:00 ბულგარეთი - უკრაინა

14:00 ფარერები - საბერძნეთი

16:00 საქართველო - ლატვია

18:00 ფინეთი - შვეიცარია


გეტყვით ასევე, რომ სპორტის სასახლეში თამაშებზე დასწრება თავისუფალია.