ნორვეგიის შემდეგ ესპანურ პრიმერაში
ნორვეგიის შემდეგ ესპანურ პრიმერაში
03.08.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

ესპანურ „ტენერიფეს" ქართველი ფეხბურთელი ქალი 2019 წლის 9 იანვარს შეუერთდა. თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ კაპიტანს, 2018-2019 წლების ქალთა პრიმერა დივიზიონში 2 თამაშში მოუხდა მონაწილეობის მიღება „ესპანიოლისა" და „მალაგას" წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ფეხბურთელმა, მხოლოდ 55 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა, ახალ გუნდში ადაპტაციისთვის, ნორვეგიისგან განსხვავებული ჩემპიონატში, ბუნებრივია, რომ დრო დასჭირდა.


„ნორვეგიის შემდეგ, კანარის კუნძულებზე ვარ, „ტენერიფეში". წინა ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დავამთავრეთ და ახლა მოსამზადებელი პერიოდი გვქვს. მთელი აგვისტო მოვემზადებით და სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატი იწყება. ახალ გუნდში, თავს იდეალურად ვგრძნობ. ნორვეგიაში თამაში აღარ მინდოდა. აქ, ყველანაირად უკეთესია. თუნდაც იმიტო, რომ აქ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, კლასია, მაინც ესპანეთია. იქ უფრო ძალისმიერი და ფიზიკური ფეხბურთის თამაში იყო საჭირო", - ამბობს ტატა მატვეევა TSFF.GE-სთან საუბარში.  


ტატა მატვეევა, ნორვეგიაში 2015, 2016 და 2018 წლებში თამაშობდა. ნორვეგიაში გატარებული სეზონების  მანძილზე, ტატა ორი ნორვეგიული გუნდის, „მედკილასა" და „სანდვიკენის" ღირსებას იცავდა. „სანდვიკენის" შემადგენლობაში მან, ნორვეგიის თასის ფინალშიც ითამაშა. ჩვენთან საუბრებში, ტატა ხშირად აღნიშნავდა ნორვეგიის მკაცრ კლიმატურ პირობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიაში ერთ-ერთი ძლიერი ქალთა ჩემპიონატი ტარდება, მისი ესპანეთში გადასვლა, შესაძლოა ამიტომაც, გამართლებულია. მითუმეტეს, რომ ესპანეთის ქალთა პრიმერა დივიზიონი, თუ არ აღემატება, არაფრით ჩამოუვარდება ნორვეგიულს. აქვე შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გამარჯვებული, სწორედ კატალონიური „ბარსელონაა"


ტატა მატვეევას ესპანური გუნდი, 2019-2020 წლების უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, თუმცა, ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გუნდში ამის სურვილი და სწრაფვა არის. „ტენერიფესთან", ტატა მატვეევამ 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა, 29 წლის ქართველი შემტევი არ გამორიცხავს, რომ კლუბის წარმატების და კლუბიდან სურვილის შემთხვევაში ის კიდევ გაახანგრძლივოს.


ტატა მატვეევას ესპანური კლუბი 2013 წელს დაარსდა. კლუბმა ასპარეზობა ქალთა სეგუნდა დივიზიონიდან დაიწყო და პირველივე მცდელობაზე პრიმერა დივიზიონში გადასვლის შანსი ჰქონდა. თუმცა, ახლადშექმნილი გუნდისთვის ეს რთული აღმოჩნდა და მხოლოდ, 2015-2016 წლების სეზონზე „ტენერიფე" ძლიერთა ლიგაში გადავიდა. კლუბი 2-ჯერ ესპანეთის თასის ½ ფინალისტიც იყო.


ესპანეთის ქალთა პრიმერა დივიზიონში, რომელიც სტარტს 8 სექტემბრიდან აიღებს 16 გუნდი მონაწილეობს.