საქართველოს ჩემპიონი „ზამთრის თასის“ გათამაშებას გამოეთიშა
საქართველოს ჩემპიონი „ზამთრის თასის“ გათამაშებას გამოეთიშა
11.01.2019
ავტორი:

„დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშების პირველ დღეს, ასპარეზობას გამოეთიშა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო". საბურთალოელებმა, რომლებიც „ბ" ჯგუფში, გორის „დილასთან" და „თელავთან" ერთად ასპარეზობდნენ ორივე შეხვედრა წააგეს. თავდაპირველად, გორელებთან 1-3, შემდეგ კი „თელავთან"ანალოგირი ანგარიშით 1-3. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასპარეზობის პირველ დღეს მოთამაშე გუნდთაგან, მხოლოდ „საბურთალო" და „დილა" წარსდგენენ გულშემატკივრის წინაშე ძირითადი შემადგენლობებით.

„ამ ტურნირზე ძირითადი გუნდით გამოვდივართ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ვისი ხსოვნის და სახელობის ტურნირიც არის, ის ადამიანი არ იმსახურებს ჩვენგან, „საბურთალოსგან" მეორე გუნდით გამოსვლას. თუმცა, არც საერთოდ, ასეთი კარგი ტურნირი. ჩვენი აზრით, ამ ტურნირში მონაწილეობა პრესტიჟია. ფედერაციის მხრიდან კი, ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ითამაშო ძირითადი გუნდებით. ერთგვარი მომზადებაა ახალი სეზონის წინ", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი, „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, TSFF.GE-სთან საუბარში.




საქართველოს ჩემპიონი, აღნიშნული ტურნირის შემდეგ, მზადებას 19 იანვრამდე თბილისში გაივლის. შემდეგ კი, გუნდი თურქეთში (საერთო ჯამში 2 შეკრება) გაემგზავრება, სადაც 7 სპარინგი უკვე დაგეგმილია. 2018 წლის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თურქული შეკრებისას, არაა გამორიცხული, კიდევ ერთი, მე-8 ამხანაგური თამაშიც ჩაინიშნოს.

„ვძლიერდებით ფეხბურთელებით. უკვე დავიმატეთ ლევან კაკუბავა, ომარ მიგინეიშვილი ინტერს გი და უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი. ამაზე არ ვჩერდებით, არის კიდევ ვარიანტები და შევეცდებით, კიდევ უფრო გავძლიერდეთ. უშუალოდ მოსამზადებელი შეკრებების დროს, რამდენიმე ფეხბურთელის ნახვა მოგვიწევს. დავით ვოლკოვი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ იაშვილი, ლაზარე კუპატაძე - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც კლუბი 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვეს. ასე, რომ დანაკლისიც დიდია. რეხვიაშვილი, ერთ-ერთი საუკეთესო მცველია საქართველოში, თუმცა ვთვლი, რომ მას კაკუბავათი კარგად ჩავანაცვლებთ. ლევანს, აქვს დიდი გამოცდილება. ელიგის პირველი თამაშებიც გვაჩვენებს, რა წერტილოვანი გაძლიერება გვჭირდება", - ამბობს საბურთალოელთა მთავარი მწვრთნელი.

ახალი სეზონის დასაწყისში „საბურთალოს" სტრატეგია პირველი ორი წრის გაძლიერებული შემადგენლობით თამაშია. უშუალოდ, ევროტურნირების წინ კი, გუნდში კიდევ ერთხელ გადახედავენ, სჭირდებათ თუ არა, დამატებით ფეხბურთელები. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ელიგის 2019 წლის გათამაშების პირველ შეხვდრას თბილისში, 1 მარტს, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.