მორიგი ოქრო და ბრინჯაო ზაგრებიდან
მორიგი ოქრო და ბრინჯაო ზაგრებიდან
26.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ძიუდოს გულშემატკივარს წელს თავი მოანატრა, დღესაც ამოვარდნილი გრიგალივით გადაურა ჯერ ბადეს, შემდეგ ნახევარფინალს და ფინალშიც 44 წამში დაასრულა საქმე. -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და ჯერ ფრანგი დიალო, შემდეგ სერბი სოგენოვი და უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა. ბადის მოგების შემდეგ, ფინალისკენ გზად დარჩენილი ბოლო შეხვედრა ანტონიო ესპოზიტოს მოიგო და ფინალში, ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა. ამასთან, შეხვედრა 44 წამში, ისე დაასრულა, რომ გრიგალაშვილის მეტოქე, მგონი ახლაც ფიქრობს იპონით როგორ დასცეს. აღსანიშნავია, რომ ტატომ ყველა შეხვედრა იპონით დაასრულა. სხვათა შორის, 1/2 ფინალში ქართველს მოსაგებად 40 წამი დასჭირდა.


ტატო გრიგალაშვილმა მესამედ მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოგება, ამასთან ისე, რომ რეალურად არც დაღლილა.


ველოდით ოქროს, მაგრამ საბოლოოდ ბრინჯაოს დავჯერდით -73 კვ წონით კატეგორიაში, სადაც ლაშა შავდათუაშვილმა, რეალურად მხოლოდ ბადეს ბოლო შეხვედრაში, სამი შიდოს გამო დასთმო შეხვედრა და რეპეშაჟში გადაერთო. თუმცა, ქართველი ოლიმპიადამდე, აშკარად კარგ ფორმაშია და ალბათ, უფრო დიდი წარმატებისთვის „ინახავს" თავს და ძალებს ანაწილებს. ტატოს მსგავსად, „შავიმაც" ასპარეზობა იპონებით მოგებული შეხვედრებით დაიწყო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბადის მოსაგებად, დამატებით დროის 7:59 წთ-ის გასვლის შემდეგ, მას შეხვედრის დათმობა მოუხდა. ამის შემდეგ, შავიმ, რეპეშაჟში, უნგრელ ჰრისტოვს მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი, დამატებით დროში, ვაზარით მოლდოვას წარმომადგენელი ადილ ოსმანოვი დაამარცხა.


-73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა გიორგი ჩიხელიძე, რომელმაც პირველი ეტაპის შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში მარცხი განიცადა.


დღესვე, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა გოგონებს შორის. სამწუხაროდ, ორივე წონაში (-63 კგ ეთერ ასკილაშვილი, -70 კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი) თუმცა, ასპარეზობა ჩვენებურებისთვის საწყის ეტაპზევე წარუმატებელი აღმოჩნდა.


ხვალ, ზაგრებში, პირადი ასპარეზობის ბოლო დღეა და მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდება, საიდანაც ჩვენი „მძიმე არტილერია" ოთხ წონით კატეგორიაში შეეცდება მედლების მოგებას.


-90 კგ  ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100 კგ  ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი



ფოტო: © EJU