ვილის ტრადიციული შეხვედრა ქართულ მედიასთან და ცხელი ზაფხულის მოლოდინები
ვილის ტრადიციული შეხვედრა ქართულ მედიასთან და ცხელი ზაფხულის მოლოდინები
05.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, დაახლოებით ერთ საათში, თბილისში, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, არასრული შემადგენლობით, უეფა-ს ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის ივნისის ფანჯრის დროს დაგეგმილი ორი გასვლითი შეხვედრისთვის დაიწყებს მზადება. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს ლარნაკაში, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი, გლაზგოში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

„ის, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ჩვენთვის არაფერს ცვლის. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც მაგალითად ნორვეგიასთან მატჩის მეორე ტაიმში",  - ამბობს ვილი სანიოლი და ერთ-ერთი შეკითხვის შემდეგ, კვლავ უბრუნდება ნორვეგიის თემას. „ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ. თუმცა, ეს მხოლოდ ტაქტიკის დამსახურება არ იყო. ფეხბურთელების მიდგომა შეიცვალა, უფრო თავდაჯერებულები ვიყავით და ამან თამაშის მიმდინარეობა შეცვალა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და აჩვენეს, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს. ახლა სხვა მოცემულობაა, განსხვავებული მეტოქეები გვყავს".


ამასთან სანიოლიმ, ქართული მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ის თამაშის წინ არ ისაუბრებს. ამასთან,  დაელოდება და რაც მთავარია დააკვირდება თბილისში, 10 დღიანი შეკრების დროს, ვინ როგორ ფორმაში იქნება.




„ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან ქულები დავკარგეთ, თუმცა, მე დადებით მხარეს ვხედავ და მიმაჩნია, რომ ქულა მოვიპოვეთ. კვიპროსი განსხვავებული გუნდია...


ჩვენ გვინდა კვალიფიკაცია და ჩვენ გვინდა ჯგუფიდან გასხვლა. აქედან გამომდინარე ფრე შოტლანდიასთან მისაღები შედეგი იქნება.


ივნისი, განსხვავებული თვეა. ბიჭებმა ბევრი თამაში ითამაშეს. მაგალითად, როგორც ხვიჩამ. მაგრამ ისინი ჩამოდიან და ჩვენ მზად ვართ სამუშაოდ... 


მე ვიც ჩემი გუნდი. ვიცი, თუ გუნდურად დავიცავთ თავს, ჩვენთან გოლის გატანა გაუჭირდებათ. სწორედ დაცვაში უფრო ძლიერ თამაშს ველი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებში," - ამბობს სანიოლი.



ამ მიდგომის, დისციპლინისა და ამბიციურობის შენარჩუნებას და აქედან გამომდინარე დადებით შედეგს ელის სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი, არა მხოლოდ, ივნისის თამაშებიდან, არამედ, მოსამზადებელი ციკლიდანაც. ვიდრე დღეს,  სასტუმრო "პულმანში" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები შეკრებას იწყებდნენ. გურამ კაშია, ირაკლი აზაროვი, ლევან შენგელია, გიორგი ქვილითაია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი გველესიანი, ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ჩვენ, პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, სასტუმროს ჰოლში „გადავეყარეთ", თუმცა, სანაკრებო პროტოკოლიდან გამომდინარე, დიდი ხნის უნახავ ლეგიონერებს უბრალოდ მივესალმე და მოვიკითხე. თუმცა, მანამდე, გიორგი გველესიანის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, ეროვნული გუნდის თავკაცს, მაინც შევეკითხე.


„გველესიანი რაიმე განსაკუთრებული მიზნით არ გამოგვიძახია. მანამდე, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მას, არ იცნობდა. თუმცა, მისმა შედეგებმა ბოლო, 12 თვის განმავლობაში, ჩვენ ამის გაკეთების საშუალება მოგვცა. ვფიქრობ, ის გამოგვადგება. ეს იყო სწორი მომენტი მის გამოსაძახებლად", - ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, წელს პირველად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების ჩემპიონებითა და თასის მფლობელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ეს საერთო ჯამში ნაკრებში განწყობას ამაღლებს.


კიდევ ერთი თემა, რომელიც მედიას და ალბათ, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს - როგორ გადაინაწილებენ ფეხბურთელებს ვილი სანიოლი და რამაზ სვანაძე, ვინაიდან, ეროვნული და 21-წლამდეთ ნაკრებების კალენდარი რეალურად, ერთმანეთზეა გადაბმული. შესაბამისად, ვილის, სვანაძის გუნდის მინიმუმ 5 ფეხბურთელი ჰყავს „დაკავებული".




„ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი დონის ტურნირების ჩატარება. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ყოველთვის კარგი და საქმიანი დამოკიდებულება გვაქვს. დისკუსიის შედეგად, მექვაბიშვილი, საზონოვი, სიგუა და წიტაიშვილი თავიდანვე იქნებიან 21-წლამდეთა ნაკრებში. ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს ტურნირიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს. მოვახერხებთ ორგანიზებას და ვიზამთ, რომ ეროვნულმა ნაკრებმაც და 21-წლამდებმაც მაქსიმალური შედეგი და სანახაობა აჩვენონ", - ამბობს სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის, საერთო ჯამში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. გუნდს, ნელ-ნელა ლეგიონერი და საქართველოს ეროვნული ლიგის ფეხბურთელები დღევანდელი ტურის შემდეგ, დაემატებიან. ქართველთა გუნდი, კვიპროსზე გამგზავრებას 15 ივნისს გეგმავს.



#მევარსაქართველო