რევოლუციური ტურიდან მე-13 ტურამდე
რევოლუციური ტურიდან მე-13 ტურამდე
24.05.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის მეთორმეტედან მეცამეტე ტურამდე მინიმუმ ორ გუნდში, შემადგენლობა შეიცვალა.

ლანჩუხუთში, „ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე" გამართული მე-12 ტურის პირველი შეხვედრის შემდეგ, „სამტრედიასა" და „დინამოს თბილისს" შორის, სამტრედიელთა რიგები გუნდის მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა და კაპიტანმა ბუბა დაუშვილმა დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ „სამტრედია", რომელსაც დაახლოებით თვენახევარში ევროტურნირზე სტარტი მოუწევს, მიმდინარე სეზონში ვერც თამაშს ალაგებს და ვერც ვითარებას გუნდში. შეგახსენებთ, რომ გუნდი ეროვნული ლიგის გათამაშების დაწყებიდან მალევე, მარტის სანაკრებო ფანჯრამდე დატოვა მთავარმა მწვრთნელმა  უჩა სოსიაშვილმა და მისმა თანაშემწემ თამაზ სამხარაძემ. მიმდინარე სეზონში გუნდის დატოვება მოუხდა ჰენრი ნდონგისაც, რომელმაც ბოლოს ელიგის მე-4 ტურში ჩაატარა შეხვედრა ფოთის „კოლხეთი 1913"-თან და გახსოვთ, რომ იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხზე პატარა შეხლა-შემოხლაც იყო. მაშინ, სადისციპლინომ სამტრედიელ ლეგიონერს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა, თუმცა ნდონგი, მინდორზე არც მომდევნო ტურებში გამოჩენილა.




ივნისის სანაკრებო ფანჯრამდე კი, „სამტრედიის" ირგვლი კიდევ ახალი თემა აგორდა. ერთი ვერსიით, გუნდიდან მაღალანაზღაურებადი ფეხურთელები „მოიშორეს". ყოველ შემთხვევაში ასე ლაპარაკობენ კულუარებში. Tsff.ge შეეცადა ინფორმაციის ფეხბურთელებთან გადამოწმებას. თუმცა, ისინი ჩვენთან კავშირზე არ გამოვიდნენ. ჩვენ შევეცადეთ, ინფორმაცია გადაგვემოწმებინა კლუბის პრეს-სამსახურთანაც, სადაც გვითხრეს რომ ფეხბურთელების წასვლის თემა განიხილება, თუმცა დაწვრილებით უფრო ზემდგომ საფეხურზე გაგვცემდნენ პასუხს. იქ კი, ისეთ დროს მოგვიწია დარეკვა, როდესაც საპასუხოდ არ ეცალათ. მოკლედ, კვლავ უპასუხოდ დავრჩით. თუმცა, მედიაში დაუშვილისა და მიგინეიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაიცა მაინც გამოქვეყნდა.



ასეა თუ ისე, „ევგრაფი შევარდნაძეზე", „დინამო თბილისთან" რომ არა ომარ მიგინეიშვილი, თუმცა ისევე, როგორც მიმდინარე სეზონზე სხვა ბევრ მატჩში, „სამტრედია" ბევრად უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა და სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფი გუნდების მსგავსად 13 მიღებულ გოლზე მეტი ექნებოდათ მითითებული სატურნირო ცხრილში.

რადგან კონკრეტული მატჩი მოიტანა თემამ, შეგახსენებთ, რომ ის „დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა 1-2. დინამოელთაგან  გოლები ოთარ კიტეიშვილმა და დმიტრო ივანისენიამ გაიტანეს. დინამოელთა ლეგიონერისთვის „სამტრედიასთან" გატანილი გოლი სადებიუტო გამოდგა. შეხვედრა, საერთო ჯამში დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და ალბათ, მშრალი ანგარიშითაც დასრულდებოდა, რომ არა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „დინამოს" კარში, „საეჭვოდ" ჩათვლილი გოლი.




„თანაბარი თამაში იყო, შეიძლებოდა მოგვეგო, თუმცა საბოლოო ჯამში დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. მინდა მივულოცო მათ ეს გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. მარცხი პირველ რიგში ჩვენმა შეცდომებმა განაპირობა. როგორც მოწინააღმდეგეს, ისევე ჩვენც გვქონდა მომენტები იმისა, რომ გაგვეტანა, მაგრამ ამ შეცდომებს დავაბრალებდი მარცხს.  ვიცოდი და ვაფრთხილებდი გუნდს, მეტოქე  შეცდომებს არ გვაპატიებდა და ასეც გამოვიდა" - ეს კომენტარი თამაშის შემდეგ „სამტრედიის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ გააკეთა.

„ჩვენ წინა ტურის მატჩის დროს დაშვებული შეცდომების ანალიზი გავაკეთეთ. დღეს კი იყო ბრძოლა, მეტოქეზე მეტი ვიბრძოლეთ, მათზე მეტი გავაკეთეთ. ჩვენი ფეხბურთელები მეტად კონცენტრირებულები იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ სრულ უპირატესობას ვფლობდით,. თამში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა გარკვეული მომენტები შეგვეძლო უფრო დიდ ანგარიშში გადაგვეზარდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. რთულია, როდესაც ისეთ საფარზე თამაშობ ფეხბურთს, როგორზეც ჩვენ ვითამაშეთ. ჩვენთან ბევრი ახალი ფეხბურთელია და ცვლილებებიც ნორმალური იყო.  ტაქტიკური ცვლილებები მინდვრის საფარიდან გამომდინარე იყო. დღევანდელ თამაშში ასე ჩავთვალე საჭიროდ, მომავალი თამაშისთვის ვიფიქრებ იმაზე თუ როგორ ვითამაშო. დღევანდელ მატჩში, ხარაბაძის „ცვლილება" იმით იყო განპირობებული, რომ  ჩვენ გვინდოდა ფლანგები ყოფილიყო აქტიური და ამიტომ ავწიეთ ის წინ. მას აქვს წინ თამაშის პოტენციალი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ითამაშა, თუმცა ისე ვერა, როგორც მცველის პოზიციაზე. ვნახოთ წინ კიდევ არის მატჩები და თამაშს ვინც დაიმსახურებს მინდორზეც ისინი გამოვლენ", - აღნიშნა კახა კაჭარავამ.




თუმცა, ფაქტია, რომ მომდევნო მე-13 ტურის მატჩებში „სამტრედიასაც" და „დინამოსაც" დანაკარგით მოუწევს თამაში. თუ სამტრედიელებს გუნდიდან წასვლის შემდეგ ორი გამოცდილი ფეხბურთელი აღარ დაეხმარება 26 მაისს, ფოთის „კოლხეთი 1913"-ის წინააღმდეგ მატჩში,  „დინამო თბილისს" ყვითლების გამო, ქუთაისის „ტორპედოს" წინააღმდეგ არ ეყოლება 18 წლის ლევან ხარაბაძე. ახალგაზრდა ფეხბურთელით, შეგახსეებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაინტერესდა და ის კიდევ 2 დინამოელთან ოთარ კიტეიშვილთან და ბუდუ ზივზივაძესთან ერთად, ნაკრებშია გამოძახებული.



სხვათა შორის, მე-12 ტურის შემდეგ, „მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე კულუარულად ითქვა, რომ „ტორპედოდან" მთავარ მწვრთნელს კახა ჩხეტიანს დაითხოვენო. შესაძლოა, ასეთი ჭორის აგორებას საბაბი, „ლოკომოტივთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჩხეტიანის გაკეთებულმა განცხადებამაც შეუწყო ხელი.

„დღევანდელ მარცხზე, სრულიად ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, არც იმას ვიტყვი, ცუდად ვითამაშეთ თუ როგორ. ახლა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი არის რომ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დამარცხებასაც ვიმსახურებდით. „დინამოსთან" თამაშამდე, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და ყველა გაიგებთ რა თქმა უნდა. „დინამოსთან" გუნდი გამოვა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ, რომ მობილიზება გავაკეთოთ და ასეთი თამაშის შემდეგ, სრულიად სხვა გუნდი წარსდგეს, მარტო ამ თამაშიდან გამომდინარე არა", -ამბობს კახა ჩხეტიანი.



რა იგულისხმა ტორპედოელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებში, ამ დღეს არ დაუკონკრეტებია. თუმცა „ტორპედოში", ჩხეტიანის გადაყენების ანდა თუნდაც საკუთარი ნებით გუნდიდან წასვლის  თაობაზე,  ყოველგვარ ინფორმაციას ამ ეტაპზე უარყოფენ და აბსურდულად ეჩვენებათ. ერთად-ერთი ცვლილება, რის შესახებაც ქუთათურები საუბრობენ, კლუბში, ჩინური ინვესტიციის ჩადება, კერძოდ კი „ჰუალინგის" შესვლაა.


ქუთაისში ადარდებთ ისიც, რომ ამ კვირაში იწურება უეფას-თან დადებული ვადა, სტადიონის ევროტურნირებისთვის მზადყოფნის საბოლოო დასტურამდე. ქუთაისის მერია, კი როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ნაკისრი პირობის შესრულებას აჭიანურებს. ასე, რომ თუ უმოკლეს დროში პრობლემა არ გადაიჭრა, „ტორპედოს" ევროტურნირებზე თამაში თბილისში მოუწევს, რაც საერთო ჯამში, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს და მოაკლებს სანახაობას, რასაც ქუთაისლები ასე რიგ ელოდებიან.

თუმცა, ამ სანახაობამდე, „ტორპედომ", თბილისის „ლოკომოტივთან" 1-0 წააგო.



ეროვნული ლიგის მე-13 ტურს, საფეხბურთო კლუბი „რუსთავი" მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ გაზაევისა და 4 ლგიონერის  გარეშე დაიწყებს. გაზაევმა გუნდი 20 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა.  მას შემდეგ, რაც „რუსთავმა" საჩხერის „ჩიხურასთან" დიდი ანგარიშით 0-4 წააგო, გაზაევი ფეხბურთელებს გასახდელში დაემშვიდობა და „მიხეილ მესხი" თავდაღუნულმა ისე დატოვა, რომ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.  მწვრთნელის მსგავსად, გუნდი დატოვეს ტარას ცარიკაევმა, ბათრაზ ხადარცევმა, გეორგ გაბულოვმა და ალბერტ ცხოვრებოვმა.


ამ დღეს, მიხელ მესხზე, „რუსთავის" ფეხბურთელები, რომელთა მიმართულებითაც კლუბის ქომაგები სკანდირებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ „რუსთავი", მინდორზე სრულიად უსუსურად გამოიყურებოდნენ. რთული სათმქელია, ეს იყო საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელების მხრიდან, რომლითაც სკ „რუსთავია" დაკომპლექტებული პროტესტი გუნდის მთავარი მწვრთნელის ვლადიმე გაზაევის  მიმართ, პროტესტი საკუთარი ქომაგის მიმართ, თუ საერთო ჯამში,  „მესხზე" საგანგებოდ დადგმული საპროტესტო სპექტაკლი იყო, რომელიც დაიყწო:




პირველი - „მესხი 2"-ზე, „ლოკომოტივი"- „ტორპედოს" მატჩის დროს,, რუსთავის ფანების მივარდნით ქუთაისელების ტრიბუნასთან. „რუსთავის" ფანებს, როგორც სჩანს, ხელი ექავებოდათ და ჯერ კიდევ „რუსთავი"-„ქუთაისის" საკალათბურთო მატჩის დროს დაწყებული ჩხუბის (საქართველოს სუპერლიგის მე-4 მატჩისას, რუსთავში ფანები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ) გაგრძელებას ლამოდბნენ. თუმცა, ეს მოვლენა ძალოვანებმა, რომლებსაც სავარაუდოდ წინასწარ ჰქონდათ მოსალოდნელის შესახებ ინფორმაცია, დროულად აღკვეთეს.

მეორე - პროტესტი, რომელიც ელიგის დაწყებიდან რუსთავის ფანსექტორიდან გამუდმებით ისმის. ფანები აპროტესტებენ იმ გარემოებას, რომ ელიგაში ამოსვლის შემდეგ გუნდიდან „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი, ვარლამ კილასონია გაუშვეს, იმ ფეხბურთელებთან  ერთად, რომლებმაც „რუსთავი" ელიგაში ამოიყვანა. ამ პრტესტის დემონსტირებას ფანები ყველა მატჩზე ცდილობდნენ. თუმცა, კონკრეტული შეხვედრის დროს ეს ქმედება იყო, ყველანაირ ზღვარს გადასული.


სკანდირება - სკანდირებად, საპროტესტო ბანერები - პროტესტად, შეძახილი - შეძახილად, მაგრამ პიროტექნიკის მოედნის საფარზე გადმოყრა, მატჩის დაწყებიდან 1 წუთში და ისედაც კვამლში გახვეული „რუსთავის" „ბედის" კიდევ უფრო დაკვამლიანებამ, იმ დღეს გუნდი საბოლოოდ, მარცხამდე მიიყვანა.

მესამე - რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფანებსა და კლუბს შორის იყო შეხვედრები და მოლაპარაკება. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეორე წრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქე მწვრთნელი და ფეხბურთელები „რუსთავს" დატოვებდნენ.


თუმცა, თუკი ამ კლუბში მყოფი ქართველი ფეხბურთელები კონკტრაქტების შესაბამისად სატრანსფერო ფანჯრის გახსნას და მხოლოდ ამის შემდეგ ქმედებებს ელოდებიან, „რუსთავში" მოთამაშე ლეგიონერებმა, გუნდთან კონტრაქტები ცალსახად გაწყვიტეს და გაზაევის წასვლის შემდეგ, პირველივე ვარჯიშზე აღარ გამოცხადდნენ.

ასე, რომ მე-13 ტურიშიც და სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, „რუსთავს" განაცხადში დარჩენილი ფეხბურთელებით მოუწევს ფონს გასვლა. და კიდევ ერთი, რის შესახებაც ამ კონკრეტულ გუნდთან და თამაშთან მიმართებაში დაგვრჩა სათქმელი და რამაც, ყველა ჩამოთვლილ მიზეზთან ერთად მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. ეს იყო, „რუსთავის" კარში გატანილი პირველი გოლის მომენტი, როდესაც 34-ე წუთზე,  გვერდითა მსაჯმა არ დააფიქსირა თამაშგარეში მყოფი ირაკლი ბუღრიძე, მან კი, საბოლოოდ გოლის გატანა მოახერხა.

***

მე-13 ტურში კი „რუსთავს", „საბურთალოს" წინააღმდეგ ვალერი კილასონია გამოიყვანს. საინტერესოა, რუსთაველთათვის ნანატრი მწვრთნელი რამდენად მოახერხებს გათამაშების ლიდერთან მატჩში,  ჯერ შემადგენლობის, შემდეგ კი გუნდის დალაგებას.

გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ" კი სრულად მოულოდნელად გორში, „დილასთან"  4-1 წააგო. ამ დღეს სამი გოლის გატანა მოახერხა გორელთა ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. „დილა" კი, სატურნირო ცხილში 23 ქულით მე-3 საფეხურზეა.

ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" ფოთის „კოლხეთი 1913"-ს არ გასჭირვებია ბოლნისის „სიონის" დამარცხება, ანგარიშით 2-0.  სხვათა შორის, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სიონში" მოსალოდნელ ცვლილებებიც დაანონსდა. ამ შემთხვევაში  საუბარი იყო გუნდიდან ბუბა ტყავაძის დათხოვნაზე. თუმცა, ჩვენ შევხდით „ბოლნისის" გენერალურ დირექტორს, რომელმაც განგვიმარტა, რომ ის, „სიონიდან" წასვლას არსად არ გეგმავს და არც მისი გაშვები თემაზე ყოფილა საუბარი. უბრალოდ, კლუბის მენეჯმენტში შესაძლოა, რაღაც ცვლილელბი მოხდეს, და პასუხისმგებლობები სხვანაირად გადანაწილდეს.

ასეა თუ ისე, მე-12 ტური ელიგაში საკმაოდ რევოლუციურად ხმაურიანი აღმოჩნდა. დღეიდან კი, მე-13 ტური იწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ელიგაში, სანაკრებო შესვენება ცხადდება.

ე-13 ტურში:

24 მაისი, 17:00 „საბურთალო"-„რუსთავი"

25 მაისი.  17:00 „სიონი"-„დილა"

              20:30 „ტორპედო" -„დინამო თბილისი"

26 მაისი, 17:00  „ჩიხურა"-„ლოკომოტივი"

            19:30  „კოლხეთი 1913"- „სამტრედია"