ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
22.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები 24 ივლისიდან აიღებენ სტარტს. ამ დღეს, ოლიმპიურ მარათონში ჩაერთვებიან ქართველი ძიუდოისტებიც, რომლებიც, თამაშებზე, 9 სპორტსმენით არიან წარმოდგენილები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ტრადიციულად და ოპერატიულად, წილისყრის შედეგები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.


ქართველთაგან პირველი, 24 ივლისს, ტატამზე -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა. ლუხუმი, რომელიც საასპარეზო ბადის C ჯგუფში მოხვდა, პირველ წრეს გამოტოვებს და მხოლოდ მეორე წრეში, დიდი ბრიტანელი ეშლი მაკენზისა და აზერბაიჯანელი კარამაყ ჰუსეინოვის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამავე წონაში, საფრანგეთისა და რუსეთის სახელით კიდევ ორი ქართველი, ლუკა მხეიძე და რობერტ მშვიდობაძე იასპარეზებენ, რომლებიც ასევე მეორე წრიდან დაიწყებენ ასპარეზობას.


25 ივლისს, ტატამზე ორი ქართველი გამოვა. -66კგ  წონით კატეგორიაში, D ჯგუფის მეორე წრიდან ჩაერთვება ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რუსი იაკუბ შამილოვისა და გერმანელი სებასტიან შეიდლის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


ამავე დღეს, ქალთა შორის, -52კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შკუვნი ასპარეზობას  პირველი წრიდან დაიწყებს და  ჰაიტელ საბიანა ანესტორს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენიანი, დოჰას 2021 წლის გამარჯვებულსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ ამანდინ ბიუშარს შეხვდება.


26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს. -73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ბადეს C ჯგუფიდან დაიწყებს, პირველ წრეს გამოტოვებს და მეორეში, ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ფრანგი გუიმ შენს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქალთა შორის, -57კგ წონით კატეგორიაში კი, ეთერ ლიპარტელიანი ანგოლელი დიასონემა მუჩუნგუის შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, გერმანელ, ტერეზა შტოლს დაუპირისპირდება.


27 ივლისს, მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ტატო გრიგალაშვილი. -81კგ წონით კატეგორიაში, ტატო, D ჯგუფში მოხვდა და  რომელიც გუამელი ჯოშტერ ენდრიუსა და ტაჯოკი აკმალ მუროდოვს შორის გამარჯვებულს დაელოდება. ამავე ჯგუფში ასპარეზობს მონღოლეთში გადაბარგებული საიდ მოლაი, რომელსაც ორივე სპორტსმენის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ქართველი ½ ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში დაუპირისპირდება.  


28 ივლისს, ტატამზე, ლაშა ბექაური გამოვა. -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა, B ჯგუფში ასპარეზობს და პირველ შეხვედრას, მეორე წრეში გამართავს, სადაც პოლონელ პიოტრ კუჩერას დაუპირისპირდება, რომელიც, ასევე მეორე წრიდან ერთვება ასპარეზობაში. მეორე წრიდან დაიწყებს გამოსვლას, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, სადაც მისი მეტოქე მონღოლი სპორტსმენი იქნება.


29 ივლისს, -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც A ჯგუფი გადაანაწილა ლოტოტრონმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასპარეზობას,  მეორე წრეში დაიწყებს და  პაკისტანის წარმომადგენელ შაჰ ჰუსაინ შაჰისა და ეგვიპტელ რამადან დარვიშისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობისას კი, ქართველს, ყველაზე რთული ბრძოლა, დიდი ალბათობით ჯგუფიდან გასასვლელ დაპირისპირებაში მოუწევს, სადაც ყველა ლოგიკით, მისი მოწინააღმდეგე, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევსა და ფრანგ ალექსანდრე იდირს შორის გამარჯვებული უნდა იყოს. ეს წყვილი ასპარეზობას პირველი წრიდან იწყებს.


და ბოლოს, 30 ივლისს,  +100კგ წონით კატეგორიაში ქართველთაგან ბოლოს, ტატამზე გურამ თუშიშვილი გამოვა. გურამი, სხვა ქართველი ძიუდოისტების მსგავსად, პირველ წრეში ისვენებს და მხოლოდ, B ჯგუფში, მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც  ტაჯიკ ტემურ რახიმოვისა და კუბელი ენდი გრანდას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში ასპარეზობს, ქართული წარმომავლობის უშანგი კოკაური, რომელიც ტოკიოში, აზერბაიჯანის ღირსებას იცავს. აქვე გეტყვით, რომ ტედი რინერი ასპარეზობას A ჯგუფში, პირველი წრიდან იწყებს.


აქვე შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 128 ქვეყნის 393 ძიუდოისტი მონაწილეობს. მათ შორის 201 მამაკაცი და 192 ქალია. საერთო ჯამში, ინდივიდუალურ ჩათვლაში, მედლების 14 კომპლექტი გათამაშდება.



მასალა (ფოტო) მომზადებულია @IJF-ის მიხედვით