3 ოქროს ნაცვლად „12 ნოემბერი“
3 ოქროს ნაცვლად „12 ნოემბერი“
21.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღევანდელი დღის დასაწყისში, ჩეხეთში, პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ველოდით 3 ოქროს და კიდევ ერთ სხვა ყალიბის მედალს, მითუმეტეს, რომ ასე ფიქრის საბაბი ქართველმა სპორტსმენებმა მოგვცეს. თუმცა, საბოლოოდ ხელში 3 ბრინჯაო შეგვრჩა. ევროპის ჩემპიონატზე, დღეს 4 ქართველი 3 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.


წარმატებით დაწყებული დღის შემდეგ, მოვლენები ასე განვითარდა - ლევან მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი ორ სასონი გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ½ ფინალში გავიდა გურამ თუშიშვილიც, რომელმაც, ნიდერლანდელი ძიუდოისტი მტკივნეულით დაამარცხა. ნახევარფინალში უნდა ეჭიდავა ვარლამ ლიპარტელიანსაც, რომელმაც აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს გაფრთხილებებით მოუგო. ასევე, ბექა ღვინიაშვილს, რომელმაც  მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნიდერლანდელი ნოელ ვანტ ენდი 31 წამში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.


თუმცა, ½ ფინალები ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ, ვარლამ ლიპარტელიანმა, ლევან მატიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს.


დაგეგმილი მედლებიდან პირველი -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა მოიგო.


სამწუხაროდ, ოქროს მედის ნაცვლად მხოლოდ ბრინჯაოსთვის მოუხდა ბრძოლა გურამ თუშიშვილს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან, მსოფლიოს ნომერი პირველი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა. „თუშის" ამ ბრძოლის მოსაგებად, 2 ვაზარი და სულ 40 წამი დასჭირდა.


ბოლო წამზე იპონით მოიგო ბრინჯაოს მედალი  (+100კგ) ლევან მატიშვილმა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა  პრაღაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით წამოიღო.