ქართველი ქომაგი ტრიბუნებზე დაბრუნდა
ქართველი ქომაგი ტრიბუნებზე დაბრუნდა
31.07.2020
ავტორი: თ.ჯ.

დღეიდან, 31 ივლისიდან, საქართველოს საფეხბურთო სტადიონებზე, მარტის შემდეგ საფეხბურთო მატჩზე დასწრება, პირველად მოახერხა ფეხბურთის გულშემატკივარმა. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, სპეციალური  პროტოკოლის მიხედვით, ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაზე, თელავში, ადგილობრივ „თელავსა" და თბილისის „მერანის" შეხვედრას ორივე გუნდის გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.


მე-8 ტურის დაწყებამდე, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:


„25 ივნისს განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. უკვე მიმდინარეობს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3 და აგვისტოში განახლდება ყველა პროექტი და შეჯიბრი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა 2020 წელს, მათ შორის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება, ქალთა ლიგა.


მოგეხსენებათ, 21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინიციატივით მიმართა საკოორდინაციო საბჭოს, რომ ემსჯელათ მაყურებლის დაშვების საკითხზე. დღეს უკვე გვაქვს პროტოკოლი, რომლის შესაბამისად, 31 ივლისიდან, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.


„პროტოკოლი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ და ჩვენ ამ პროტოკოლზე გვაქვს მორგებული შიდა რეგულაციები, იცით რომ სტადიონის ტევადობის მხოლოდ 33 პროცენტი იქნება ნებადართული, იმის გათვალისწინებით, რომ მაყურებლებს შორის გარკვეული დისტანცია იქნას დაცული და შესაბამისად ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციამაც უკვე გავუგზავნეთ კლუბებს რეგულაციები. სტადიონს, რომლის ტევადობა არ აღემატება 2500 მაყურებელს, სტუმარ გუნდს შეუძლია 30 ადამიანისგან დაკომპლექტებული ფან-კლუბით ეწვიოს. სტადიონი კი, რომელიც აღემატება 2500-ს მაყურებელს, იქ უკვე წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია 50-დან 100-მდე ფანკლუბის წევრის დასწრება.


კლუბები ინფორმირებულები არიან პროტოკოლთან დაკავშირებით, პირველი ასეთი თამაში იქნება თელავში, ერთ-ერთი მოთხოვნა არის თერმო-სკრინინგი და მრავალი სხვა რეგულაცია. ამ რეგლამენტის დაცვა  მასპინძელი გუნდების პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა დავეხმარებით მათ ორგანიზებაში თუკი ამის საჭიროება იარსებებს".