რატომ უნდა დაემორჩილო წესებს სტადიონებზე
რატომ უნდა დაემორჩილო წესებს სტადიონებზე
30.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ჰილსბროუს" ტრაგედია, დღემდე საფეხბურთო სტადიონებზე დატრიალებულ ყველა ტრაგედიებს შორის ყველაზე მძიმედ და საზარლად ითვლება. ალბათ, ამის მიზეზი, არა მხოლოდ ტრაგედიის დროს დაღუპული 96 გულშემატკივარია, არამედ ისიც, რომ სტადიონზე ხანძრის გაჩენის პირველი წუთებიდან ფართომასშტაბიან კატასტროფამდე, ვერავინ გააცნობიერა თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ერთი დაუდევრობით გამოწვეულ დეტალს.


თუმცა, ვიდრე უშუალოდ ამ ტრაგედიის შესახებ მოგიყვებით, მანამდე სხვა მსგავსი ინციდენტებიც გავიხსენოთ. აღნიშნული რუბრიკის მიზანი, სტადიონების ოპერატორებამდე და გულშემატკივრამდე იმ ელემენტარული ქცევის ნორმების დაყვანაა, რაც ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს.


***


პირველი დიდი საფეხბურთო ტრაგედია 1902 წელს, შოტლანდიაში, გლაზგოში მოხდა. იმ დროს საფეხბურთო სტადიონებზე, საფეხბურთო ტრიბუნები ხის კონსტრუქციის იყო. „აიბროქს პარკი", როგორც იმ დროს აღნიშნულ არენას ერქვა ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის სანაკრებო საერთაშორისო მატჩს მასპინძლობდა. შოტლანდიის ნაკრები ინგლისის ნაკრებს მასპინძლობდა. თამაში 5 აპრილს ჩატარდა. მანამდე კი, გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, რომ ხის მასალისგან დამზადებული ტრიბუნა წვიმისგან გაიჟღინთა და მომდევნო დღეს, 70000-მდე გულშემატკივარის დატვირთვას ვერ გაუძლო. შეხვედრის 51-ე წუთი იყო, როდესაც ტრიბუნა ჩაინგრა და მაყურებლები 12 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. ტრაგედიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.




ყველაზე საინტერესო რაც ამ ტრაგედიის დროს მოხდა, ის იყო, რომ პანიკის გადასაფარად, ორგანიზატორებმა მატჩი დაასრულეს და მოგვიანებით, ეს იმით ახსნეს, რომ თუკი მომხდარს შეიმჩნევდნენ, სხვა ტრიბუნებზე მასობრივი ჭეჭყა დაიწყებოდა და ეს მსხვერპლის რაოდენობას გაზრდიდა. უკვე მოგვიანებით, ორგანიზატორებმა, მატჩის შედეგი გააუქმეს. გადათამაშება ერთი თვის შემდეგ, 3 მაისს, ბირმინგემში შედგა. თამაშის მონაწილე გუნდებმა კი, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები „აიბროქს პარკზე" დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს გადასცეს.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ მოვლენიდან. ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ტრიბუნის ჩაშლის მიზეზი, არა წვიმისგან გაჟღენთილი ხის კონსტრუქცია იყო, არამედ საყრდენი ბოძები, რომლებიც ფოლადისგან იყო დამზადებული. შემდგომი მიზეზი იყო ის, რომ 5 აპრილამდე,  „აიბროქს პარკზე" მსგავსი რანგის თამაშის ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდათ და შესაბამისად, არც გულშემატკივრის ასეთ დიდ რაოდენობას ელოდნენ.


ტრაგედიის შემდეგ, ბრიტანეთის ყველა სტადიონებზე, საყრდენი ბოძები ფოლადს და ხეს, რკინა-ბეტონის ბოძებით ჩაანაცვლეს. თუმცა, ამას „აიბროქს პარკის" ტრაგედიებისთვის ბოლო არ მოუღია.


ამავე სტადიონზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში ჭყლეტაში 2 ადამიანი დაიღუპა. შესაბამისად, წინა ტრაგედიის მსგავსი მასშტაბები რადგან არ იყო, შოტლანდიაში, ეს ინციდენტი შედარებით უმტკივნეულოდ ჩასრულდა. ამჯერად, ტრაგედია სტადიონიდან, მეტროსთან გამავალი კიბის სივიწროვის გამო მოხდა. სტადიონის მე-13 კარიდან, „კოპლანდ როუდის" სადგურზე გასავლელი გზის მონაკვეთზე, 1961 წლის 16 სექტემბერს, მატჩის შემდეგ, როდესაც ხალხი სახლებში წასვლას ჩქარობდა 2 ადამიანი დაიღუპა. სხვათა შორის, ამავე ადგილას ინციდენტები 1967 და 1969 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა, შოტლანდიელები მორიგ მსხვერპლს გადაურჩნენ. სტადიონის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან აეცილებინა 150 000 ფუნტი სტერლინგის დახარჯვა და კიბის გაფართოება მოუხდა.




თუმცა, გლაზგოელებს, კიდევ ერთი დიდი გამოცდა 1971 წელს ელოდათ. 2 იანვარს, „რეინჯერსისა" და „სელტიკის" ისტორიული მატჩი გაიმართა. „რეინჯერსი" შეხვედრას, მინიმალური ანგარიშით 0-1 აგებდა და გლაზგოელებს, როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის მარცხის ყურება აღარ უნდოდათ და ვერც თამაშიდან წასასვლელად უწევდათ გული. შესაბამისად, ცნობილ მე-13 გასასვლელთან გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაგროვდა.


უკვე მოგვიანებით, გამოძიების მასალებში ასეთი სახის ჩანაწერიც ფიგურირებს - მამას, რომელსაც შვილი მხრებზე ეჯდა ჩამოუვარდა. მის გარშემომ მყოფებმა, კი ბავშვისთვის, რომ არ გადაევლოთ, წრე გააკეთეს და მამას შვილის აყვანის შესაძლებლობა მისცეს. თუმცა, ეს ვერ შენიშნეს, გარშემომყოფებმა და წინ მყოფებს მიაწვნენ. შესაბამისად, წარმოიშვა საცობი, რაც მოგვიანებით ჭყლეტის მიზეზი გახდა.




არის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც „რეინჯერსის" ფანები საუბრობენ. შეხვედრისთვის დამატებულ დროში, „რეინჯერსის" ფეხბურთელმა კოლინ სტინმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1-1. გულშემატკივართა, იმ ნაწილმა, რომლებმაც სტადიონზე დარჩენილ ქომაგთა შეძახილი გაიგეს, უკან შემოტრიალება გადაწყვიტეს და კიბეზე აბრუნდნენ. ჯერ კიდევ ტრიბუნასთან მყოფებმა კი, ეს ვერ შენიშნეს და მეტროს სადგურისკენ დაშვება გააგრძელეს. შესაბამისად, ის ქომაგები, რომლებიც შუაში აღმოჩნდნენ, ორივე მხრიდან ალყაში მოექცნენ. ჭყლეტის შედეგად, „რეინჯერსის" გულშემატკივართა შორის, 66 ადამიანი გარდაიცვალა და მათი სიკვდილი, სამედიცინო დასკვნებით არის ასფიქსია. პოლიციის ჩანაწერებით, კიდევ ერთი ვერსია, რომ მოხდა გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სიმართლეს არ შეესაბამება.




მესამე ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, „აიბროქს პარკის" სტადიონს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.  უსაფრთხო ტრიბუნების ნიმუშად, შოტლანდიელებმა გერმანული მოდელი შეარჩიეს და 3 წელში, ტრიბუნების ¾ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური დასაჯდომი ადგილებით ჩაანაცვლეს. რეკონსტრუქციის შედეგად გულშემატკივართა რაოდენობა 44 ათასამდე შემცირდა, თუმცა „რეინჯერსის" ხელმძღვანელობა, ქომაგთა უსაფრთხოებას წინა ფლანგზე აყენებდა.


კიდევ ერთი რეკონსტრუქცია სტადიონს 1990 წელს ჩაუტარდა და შედეგად, მისი ტევადობა 50000 -ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი.




 მასალაში გამოყენებული ფოტოები:

@Ronnie Anderson

@ Colin Mearns

@pinterest.com

@commons.wikimedia.org

@scotzine.com

დაელოდე შემდეგ ამბავს #გახმაურებული #ტრაგედიები და #სტადიონები