კიტე, ავსტრიაში ინდივიდუალურად ვარჯიშობს
კიტე, ავსტრიაში ინდივიდუალურად ვარჯიშობს
25.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც ევროპაში, კორონა ვირუსმა ცხოვრების განაწესი შეცვალა და შეჩერდა, როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონატები და ტურნირები, სპორტსმენებიც, რიგითი მოქალაქეების მსგავსად დაექვემდებარნენ მოთხოვნას #დარჩისახლში და ახლა, ონლაინ, მწვრთნელებისა და გუნდის ექიმების მეთვალყურეობით აგრძელებენ ვარჯიშს, უშუალოდ, მათთვის გაწერილი დავალებებით. გამონაკლისი, არც ოთარ კიტეიშვილია. ავსტრიული გრაცის „შტურმისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ჩვენი გვერდი პერმანენტულად ეხმიანება და ცდილობს, ონლაინ გაამხნეოს.


მეორე კვირა იზოლაციაში

ვარჯიშები აღარ გვაქვს. მალე ორი კვირა გახდება ასე ვართ. თუ არ ვცდები, ასეა, მაგრამ გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად გვიწევს ვარჯიში. ეს ვარჯიშები, ძირითადად საფეხბურთო სპეციფიკიდან გამომდინარეობს და ძალაზე და სირბილზე არის გათვლილი. დღესაც, ვიყავი გასული სარბენად. დაახლოებით 1 საათის მანძილზე დავრბივარ და მერე სადღაც 30-40 წუთი სტატიკურ ვარჯიშებს ვაკეთებ. ასე, სამი დღე ზედიზედ ვვარჯიშობ და ერთი დღე ვისვენებ. მწვრთნელებთან და კლუბის სამედიცინო პერსონალთან, ყოველდღიური კონტაქტი არ გვაქვს ბუნებრივია, მაგრამ რამდენიმე დღეში ერთხელ, მირეკავენ და მკითხულობენ როგორ ვარ. ასეთი კავშირი აქვს კლუბის ხელმძღვანელობას ყველა ფეხბურთელთა,  


მოლოდინი

ამ ბოლო დღეებში, ავსტრიაში, არის მოლოდინი, რომ თამაშები, შესაძლოა მაისისთვის დაიწყოს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კლუბებიც ვარჯიშებს განვაახლებთ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერც მე და ვერც ვერავინ ამის შესახებ, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. ყველაფერი, დამოკიდებულია ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების სიხშირეზე და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.


რეალობა

მას შემდეგ, რაც ამ იზოლაციაში დავიწყეთ არსებობა, ქალაქში, მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშისთვის, სირბილისთვის გავდივარ. მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად მიწევს გასვლა. ამ დროს, ვცდილობ, პროდუქტი, დიდი რაოდენობით მოვიმარაგო, რომ შემდეგ, მეყოს და სახლიდან რამდენიმე დღე აღა გავიდე. კი, განსხვავება ძველ, კორონა ვირუსამდე გრაცსა და დღევანდელ ქალაქს შორის განსხვავება არის. ხალხიც, ასე თუ ისე მოძრაობს ქუჩებში. ძირითადად, სეირნობენ და დანარჩენი ყველაფერი გაჩერებულია.


შეეძლო საქართველოში დაბრუნება?

საქართველოში წამოსვლის ნებართვას  არ მომცემდნენ. ვარჯიშისგან თავისუფალ დროს ვარ სახლში, ვკითხულობ წიგნებს, ან ვუყურებ ფილმებს. ვთამაშობ ფლეისთეიშენს...


***

ამ დროისთვის ოთარ კიტეიშვილი კლუბი, 16 ქულით მე-6 ადგილზეა და  არის ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ზონაში.


შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 5,588 ადამიანი ინფიცირებული COVID 19-ით და ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 30 გარდაცვლილია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან ეარვეისის" ბოინგით, ხვალ საქართველოში ავსტრიიდან დაახლოებით 150 მოქალაქე ჩამოვა.


ფოტო: SK Sturm Graz