სპორტფოტო 2019 - ოლიმპიური წლის მოლოდინში
სპორტფოტო 2019 - ოლიმპიური წლის მოლოდინში
13.02.2020
ავტორი: თ.ჯ.


ტრადიციული პროექტი „სპორტფოტო" 2020 წელს მეექვსედ გაიმართება. პროექტი, რომელიც განვლილი წლის მთავარ სპორტულ მოვლენებს ფოტო-კადრებად შემონახულს აჯამებს თბილისში 17 თებერვალს „ფაბრიკის" საგამოფენო სივრცეში გაიხსნება.


17 და 18 თებერვალს, „ფაბრიკის" საგამოფენო სივრცეში 28 სპორტული (პროფესიონალი და დამწყები ფოტოგრაფის) 160-ზე მეტი ფოტო გამოიფინება. ექსპონატებს შორის, წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ფოტოები გამოიფინება.


წელს პირველად, დამთვარიელებელს, საშუალება ექნება ნახოს ორ ქართულ ოჯახში მოძიებული, ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიის ამსახველი საინტერესო კადრებიც.


ისევე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ჩვენი პროექტი, მხოლოდ ფოტო-გამოფენით არ შემოიფარგლება. ტრადიციულად, ჩვენ ფოტო-ალმანახის სახით, 2019 წლის მთავარ სპორტულ მოვლენებსაც ვაჯამებთ. მითუმეტეს, რომ 2019 წელი, ზაფხულის ოლიმპიადის მოსამზადებელი პერიოდი იყო და ქართველი სპორტსმენების შედეგებიც, უფრო შთამბეჭდავი.


ტრადიციულად, „სპორტფოტო" თბილისის მერიის დაფინანსებით კეთდება. თუმცა, წელს, სიახლეა - კატალოგის გამოცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით მოხერხდა. ტრადიციულად ჩვენს გვერდით არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.


მას შემდეგ, რაც გამოფენა დაიხურება, „სპორტფოტო" თბილისის სკოლებს ეწვევა და სპორტსმენებთან ერთად, ახალგაზრდებში, სპორტის ამა თუ იმ სახეობის პოპულარიზაციას, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობაზე ისაუბრებს.


გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის ზაფხულში, თბილისის სამი საფეხბურთო კლუბი უეფა-ს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას, „სპორტფოტო" ამ კლუბების „დინამო თბილისის", „საბურთალოსა" და „ლოკომოტივის" აკადემიებს  ეწვევა.


პროექტის „სპორტფოტოს" ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „კასტირიონი", რომელიც 2004 წლიდან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებებს ატარებს.