თოკო vs ბექა
თოკო vs ბექა
13.01.2020
ავტორი: ი.პ.

ბექა ბურჯანაძე  vs თოკო შენგელია


ესპანეთის ჩემპიონტში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას ბასკონია სტუმრად ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას შეხვდა და 89:72 დაამარცხა. ორივე ქართველის ანგარიშზე ჯამში 23 ქულა გახლდათ.


შენგელია  სასტარტო ხუთეულში იყო და 34:16 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.


ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგად, თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ შეივონ შილდსს (24) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა აქტივში ილიმანე დიოპს.


ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:40 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-ვე ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.


ბასკონია 8 მოგებითა და 9 მარცხით მე-11 ადგილზეა, გრან კანარია კი იდენტური მაჩვენებლებით მეთორმეტეა.


მომდევნო ტურებში, 18-19 იანვარს, ბასკები მადრიდის რეალს ესტუმრებიან, კანარელები კი გასვლით შეხვედრაში სარაგოსას გაეჯიბრებიან.




დუდა სანაძე


დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ერთ-ერთ ლიდერ ლისაბონის ბენფიკას უმასპინძლა და 75:84 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:12 წუთში 14 ქულა და 1 პასი მოაგროვა.


სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


მასპინძელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი ბეილი ფილდსი, რომელმაც 21 ქულას 16 მოხსნა წაამატა.


ოლივეირენშე 11 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს, სტუმრად, ლუზიტანიასთან ჩაატარებს.