ჰოლანდია, უკრაინა და ავსტრია მარტის თამაშების გამარჯვებულს ელიან
ჰოლანდია, უკრაინა და ავსტრია მარტის თამაშების გამარჯვებულს ელიან
30.11.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

რუმინეთის დედაქალაქში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წილისყრა შედგა. ბუქარესტში გამართულ ღონისძიებას, ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. უეფას წლის ერთერთ მთავარ ღონისძიებაზე, სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები.


საქართველოდან ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ. წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი თითქმის სრულად დაკომპლექტდა. საბოლოო სახეს ჯგუფები და კალენდარი 31 მარტს მიიღებს, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი საუკეთესო 4 ნაკრებს გამოავლენს.


საქართველოს ნაკრების მიერ ევრო 2020-ის პლეი-ოფის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი С ჯგუფში ითამაშებს, სადაც წილისყრის შედეგად ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები იასპარეზებენ.


არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თუ რუმინეთის საფეხბურთო ნაკრები (ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მასპინძელი), ასევე წარმატებით დაძლევს პლეი-ოფს, მაშინ ერთა ლიგის D ლიგის გამარჯვებული ნაკრები (საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო), ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები მოხვდნენ.


შეგახსენებთ,რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 მარტს, საკუთარ მოედანზე ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული ნაკრები, საკუთარ მოედანზე უკვე 31 მარტს მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ოთხი გუნდიდან ერთერთი, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.


2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში გაიმართება.