საკალათბურთ ლეგიონის ამბები - თოკო და შერმო 27 "დაეჯახებიან"
საკალათბურთ ლეგიონის ამბები - თოკო და შერმო 27 "დაეჯახებიან"
21.10.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

გიორგი შერმადინი


ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ტირის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის "ტენერიფე იბეროსტარმა" და იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ქალაქ მანრესაში ეთამაშნენ ამავე სახელწოდების გუნდს და 20 ქულის სხვაობით - 81:61 გაიმარჯვეს. ტენერიფელთა გამარჯვებაში დიდი წილი ქართველ ცენტრზე მოდის, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 


შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:19 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა. გიორგი კარგად გაისარჯა ფარქვეშ და თავი 9 მოხსნას მოუყარა, რასაც თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლები გახლდათ მის თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას მონაგარზე, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.


ხუთი ტურის შემდეგ შერმადინის გუნდს 3 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება.




თორნიკე შენგელია


თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში იმარჯვა. ბასკონიელებმა ვიტორიაში "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და 84:73 დაამარცხეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშეც ქართველი გახდა. შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა.


ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 35:43 წუთი ითამაშა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულაინი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 18 ქულას შენგელიამ 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 28-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბასკონიელთაგან 21 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა პიეირა ანრი, რომელიც საერთო შედეგიანობით შენგელიას ოდნავ ჩამორჩა.


ამ მოგებით ბასკონიელებმა ცხრილში საქმე ოდნავ გამოისწორეს. 2 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მე-11 ადგილზეა.