საჰარ ჰოდაიარი ირანელი ქალი, რომელიც ფეხბურთის სიყვარულმა იმსხვერპლა
საჰარ ჰოდაიარი ირანელი ქალი, რომელიც ფეხბურთის სიყვარულმა იმსხვერპლა
11.09.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

21-ე საუკუნის ირანი. ქვეყანა, სადაც ქალებს ძირითადი უფლებებისთვის  ჯერ კიდევ ბრძოლა უწევთ. ქვეყანა, სადაც 9 წლის გოგონას გათხოვება შესაძლებელია, თუმცა მოზრდილ ქალებს სტადიონზე შესვლა ეკრძალებათ...

დღეს, 2019 წლის 11 სექტემბერს  "ლურჯ გოგონად" წოდებული საჰარ ჰოდაიარი, რომელმაც გასულ კვირას სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ თავი დაიწვა, გარდაიცვალა.  



ვინ არის „ლურჯი გოგონა"?

29 წლის საჰარ ჰოდაიარი, რომელსაც „ლურჯი გოგონა"  მისი საყვარელი გუნდის, თეირანის „ეშტეგლალის" მაისურის ფერის გამო შეარქვეს, საკუთარი ოცნების ახდენას, რომ ენახა საყვარელი გუნდის თამაში სტადიონზე, შეეწირა. იგი პოლიციამ მარტში დააკავა, როდესაც ის კაცის ტანსაცმელში გადაცმული ცდილობდა საფეხბურთო კლუბის "ეშტეგლალის" მატჩზე შეღწევას. ის გირაოთი გაათავისუფლეს. თუმცა გასულ კვირას სასამართლომ მისთვის ამ ქმედების გამო 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობის შეფარდება დააპირა.

პირადად ჩემთვის საჰარ ჰოდაიარი და მისნაირი ქალები არიან იმედი, რომლებიც მათ ქვეყანაში არსებული სიტუაციისა  თუ „სულელური" კანონებისა და მათი თანმდევი სასჯელის მიუხედავად არ ნებდებიან და საკუთარი მიზნისა თუ ოცნების ასახდენად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. „ლურჯი გოგონა" ტყუილად არ მოკვდა .. მოკვდა იმიტომ, რომ გამხდარიყო ცვლილებების საფუძველი ქვეყანაში, რომ მომავალში სხვა გამბედავ ქალებს ნაკლები სირთულეები შეხვდეთ ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე.

მისი გარდაცვალების პირველივე შედეგი სოციალურ მედიაში გამოწვეული  პროტესტის დიდი ტალღაა, რომელსაც მრავალი ცნობილი ადამიანი, ფეხბურთელი და აქტივისტი შეუერთდა. ისინი აქტიურად იყენებენ ჰეშთეგს #bluegirl და ასევე მოუწოდებენ FIFA-ს რომ  ირანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს, ხოლო გულშემატკივრებს მატჩების ბოიკოტისკენ.  

ირანელმა ჟურნალისტმა მოჰამედ მოსაედიმ „ლურჯ გოგონას" ტვიტერზე პოსტი მიუძღვნა: „დადგება დღე, როდესაც დედაქალაქის ყველაზე დიდ სტადიონს დაერქმევა „ლურჯი გოგონა". ეს მოხდება ერთ დღეს, როცა შეიძლება არც ერთი ჩვენგანი აღარ იყოს ცოცხალი. თუმცა ჩვენი შვილიშვილები დაიმახსოვრებენ თუ რა გზის გავლა მოგვიხდა ჩვენი ძირითადი უფლებების მოსაპოვებლად".

რამდენიმე საფეხბურთო კლუბმა, მათ შორის „ეშტეგლალმა" ოჯახს სამძიმრის მესიჯები გაუგზავნა. ირანის ეროვნული ნაკრებისა და „ბაიერნის" ცნობილი  ირანელი ფეხბურთელი ალი ქარიმი საფეხბურთო მატჩებზე ქალების დასწრების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა და  თანამემამულეებს, ჰოდაიარის გარდაცვალების გამო პროტესტის ნიშნად, მატჩების ბოიკოტისკენ მოუწოდა. იტალიურმა კლუბმა „რომამ" კი  თავისი ტვიტერის  სპარსულ ანგარიშზე ტრადიციული ლოგოს ყვითელი და წითელი ფერი, ლურჯი და ყვითელი ფერებით შეცვალა რათა სოლიდარობა გამოეხატა „ლურჯი გოგონას" მიმართ.




ირანის აკრძალვა

ალბათ საინტერესოა იმის, გაგება თუ რატომ ეკრძალებათ ირანელ ქალებს სტადიონზე შესვლა. ცნობისთვის, ეს აკრძალვა ძალაში მხოლოდ 80-იანი წლებიდან შევიდა.  გარდა სტადიონზე შესვლისა, ქალებს საფეხბურთო მატჩების ყურება საზოგადოებრივ ადგილებშიც (მაგ. რესტორნები) ეკრძალებათ.  ამ აკრძალვის მთავარ მიზეზად რელიგიური ლიდერების მოსაზრება  მიიჩნევა, რომლის მიხედვითაც ქალებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართვა მუსლიმური კანონის დარღვევაა და ამასთან ურწმუნოების სტიმულირებას ემსახურება.

მოგეხსენებათ, რომ გასული წლის ოქტომბერში ქალებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ თავიანთი ეროვნული გუნდის თამაშს, თუმცა უნდა დამსხდარიყვნენ სტადიონის გარკვეულ სექციაში, სადაც კაცები არ იყვნენ. ცნობისთვის,  ათასობით ქალი დაესწრო ამ თამაშს. თუმცა. ეს ერთჯერადი მოვლენა აღმოჩნდა და ქალებს კვლავ უწევდათ კაცების ფორმაში გადაცმულებს ეყურებინათ საყვარელი სპორტის სახეობებისთვის როგორიცაა ფეხბურთი, ფრენბურთი და ა.შ.

Amnesty International-ის განცხადებით ირანი ერთადერთი ქვეყანა გახდ, რომელიც ქალებს სტადიონზე შესვლას უკრძალავს და მცდელობისთვის სჯის მათ. საუდის არაბეთმაც კი შეამსუბუქა ამ მიმართულებით წესები.




FIFA-ს მისია

FIFA-ს ჰქონდა მცდელობა ირანზე ზეწოლის, რათა მათ ქალები დაუშვან სტადიონზე. ამას მოწმობს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მიერ ივნისის თვეში გაგზავნილი წერილიც, რომელშიც იგი ირანის ფეხბურთის ფედერაციისგან ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა, ან არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე ღონისძიებები დაგეგმილი. იმისათვის, რომ ყველა ირანელი და უცხოელი ქალი, სურვილის შემთხვევაში ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე დაესწროს საფეხბურთო მატჩებს.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-  ირანს 31 აგვისტომდე მისცა ვადა, რათა  დაეშვა ქალები სტადიონებზე, თუმცა როგორც ვხედავთ, ირანი  FIFA-ს ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ ასრულებს.

მოგეხსენებათ, FIFA-მ 2017 წელს შეიმუშავა „ადამიანის უფლებათა პოლიტიკა" , რომელიც ორგანიზაციის ვალდებულებებს აძლიერებს რომ „პატივი სცენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეეცადონ ხელი შეუწყონ ამ უფლებების დაცვას."

რაც შეეხება ირანს, მისი  ეროვნული  ნაკრები ერთ-ერთი ტოპ ნაკრებია აზიის ქვეყნებში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ საშინაო მატჩს 10 ოქტომბერს გამართავს. თუმცა მეორე მხრივ, FIFA  ახლა მთელ მსოფლიოში გულშემატკივრების მხრიდან  მზარდ ზეწოლას გრძნობს. ისინი, ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. „ლურჯი გოგონას" გარდაცვალებასთან დაკავშირებით FIFA-მ მწუხარება გამოთქვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს ამ აკრძალვის გაუქმებისკენ. როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში ვნახავთ..

ფაქტია, რომ საჰარ ჰოდაიარის სიკვდილი ცვლილებებს მოიტანს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მისი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ანუ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში არც სელებრითებს, არც ფეხბურთელებს და #bluegirl კამპანიაში ჩართულ სხვა ადამიანებს მისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებიათ..


წყაროები:

The New York times /BBC /Gulfnews/ Aljazeera / twitter