2006

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბაკურიანი, კარში სრიალი


თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ნიამორის" საწყის პუნქტად ბაკურიანი იქცა. 5 თებერვლიდან 3 მარტამდე ფესტივალი მრავალი საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავს. ჩვენ გიამბობთ თუ როგორ განვითარდება საფესტივალო მოვლენები. ეს მისია, მიუხედავად იმისა რომ ფესტივალის დირექტორი ვარ, მე ვითავე...

 

დღე პირველი. "ნიამორის" ოფიციალური გახსნა დაიგეგმა ბაკურიანში, სადაც ჟურნალისტთა შორის სამთო-სათხილამურო შეჯიბრიც უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებს გვეკითხებოდნენ, ჟურნალისტებმა სად იციან "კარში" სრიალიო?.. არ იციან და ისწავლიან-თქო, ვპასუხობდით ჩვენ. "ნიამორის" პირველი აქციისთვის ,,მეოხეები” მრავლად გამოგვიჩნდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში, საქართველოს სათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში, ბაკურიანის გამგეობასა და სს "ყაზბეგში". მათ "ჯეოსპორტი" (ქართული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი), მაღაზია "მოდა+სპორტი" და გამაჯანსაღებელი ცენტრი "ნაუტილუსი" დაემატა და ზეიმიც მოეწყო.

 

4 თებერვალს, სპორტის სასახლესთან, 9 საათისთვის ბაკურიანში ყველა წამსვლელი ("ტელეიმედი", "მუდმივი კავშირის სამყარო", "მზე", "რუსთავი-2", "საზოგადოებრივი ტელევიზია", "ანაბეჭდი", "24 საათი", სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური, სტუდია "პილიგრიმი") შეიკრიბა. ბაკურიანში ჩასულებს საკმაოდ უღიმღამო და ცივი ამინდი დაგვხვდა. თუმცა მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც სასტუმრო "საბაში" დაბინავდნენ, თხილამურებს ხელი დაავლეს და "ტატრაზე" სავარჯიშოდ გავიდნენ. შესვენებაზე, როცა ე.წ. "თოფაძის ქოხში" მოვიყარეთ თავი, "იმედის" ჟურნალისტმა თეა სუხიშვილმა დაწვრილებით გვიამბო რა ხდებოდა საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე  -  ჩვენ ის თამაში მოვიგეთ... ჩვენების გამარჯვებით და სრიალით კმაყოფილმა ჟურნალისტებმა ერთხმად "ლელო, ლელო, საქართველო" შემოვძახეთ და სასტუმრომდე დავეშვით...

 

სასტუმროში წილისყრა ჩავატარეთ და დაძინებამდე კიდევ ერთი შეჯიბრიც გავმართეთ ლუდის სმაში. აქ ყველაზე სწრაფი "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი გიორგი ლაზაშვილი გამოდგა. მეორე დილით, სტარტის დღეს გავარკვიეთ, რომ მონაწილეთა ერთ ნაწილს შეჯიბრის მეორე რაუნდი უკვე ჩაეტარებინა, მაგრამ სტარტზე ვეღარ მოეღწია.

 

დღე მეორე. 12 საათისთვის ყველა საორგანიზაციო ჩოჩქოლი დასრულდა და 500 მეტრიან ტრასაზე, 25 კარით, "გამხსნელი", პატარა ლიზიკო კოზანაშვილიც ჩამოსრიალდა. მას ადგილობრივი სპორტსკოლის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი, შემდეგ მომღერალი დავით გომართელი და საზოგადოება "დინამოს" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი მიჰყვნენ.

 

13 საათისთვის შეჯიბრი უკვე მთელი ძალით გაჩაღდა. პირველად "კბილი" ერთმანეთს გოგონებმა მოუსინჯეს. ეს მისია სოფო ჩხაიძეს ("მუდმივი კავშირის სამყარო") ერგო - ნაჩვენები დრო 33:09". ერთი მონაწილის შემდეგ ეს დრო ნონო გაჩეჩილაძემ ("რადიო უცნობი") გააუმჯობესა – 32:50. გოგონებში მესამე ადგილისთვის ბრძოლა ძირითადად ტელე "იმედის" ხუთ წარმომადგენელს შორის წარიმართა. თუმცა, მათ მეათასედი წამით "რუსთავი-2"-ელმა ნატა ამაღლობელმა აჯობა.

 

რაც შეეხებ ვაჟებს, აქაც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა იმედელებს შორის გაიმართა. პირველი საუკეთესო შედეგი მამუკა გოგოლაძემ დააფიქსირა – 31:38". რამდენიმე წუთში ის ირაკლი შენგელიამ გააუჯობესა _ 31:25". ნაჩვენებ შედეგებს გიორგი ლაზაშვილმა ("რუსთავი-2") გაუსწრო _ 30'34". მომდევნო იმედელმა გიორგი წირქვაძემ კი მანძილი 29:84"-ში დაფარა. ამ შედეგის გაუმჯობესება ტრასაზე დარჩენილ ჟურნალ "ანაბეჭდის" რედაქტორს გოგი ახალკაცს შეეძლო, თუმცა გოგიმ მხოლოდ მეორე შედეგი აჩვენა - ზუსტად 30 წამი. სამეული კი ასეთი გამოვიდა: გიორგი წირქვაძე, გოგი ახალკაცი და გიორგი ლაზაშვილი.

 

ამის შემდეგ მსაჯებს სამოყვარულო შეჯიბრებისთვის დამახასიათებელი ერთი შედეგის გამოვლენაღა დასჭირდათ _ საუკეთესო "ჩაინიკები" დუდუ კურდღელია (რუსთავი-2") და ეველინა მენთეშაშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებლობა") გახდნენ, მათ მდუღარე წყლით სავეს "ოქროს ჩაიდანი” სტუდია "პილიგრიმმა" გადასცა. დანარჩენი გამარჯვებულები "ჯეოსპორტის" სათხილამურო ქურთუკებით, "მოდა+სპორტის" სათხილამურო აქსესუარებით და "ნაუტილუსის" პრიზებით დაჯილდოვდნენ. ბაკურიანის ,,ხელისუფლების” ორგანიზებულ ბანკეტზე კი "ნიამორის" ორგანიზატორებს, სამომავლოდ, "ნიამორის" გუნდური თასის გათამაშებაც შემოგვთავაზეს. ეს სამომავლოდ... "ნიამორის" მომდევნო აქცია კი გორში, ატენის ხეობაში, გაყინულ ჩანჩქერზე დაიგეგმა.

 

ყინული, ციგები – ნიამორის ექსტემალური უქმეები. ხუთშაბათს, 16 თებერვალს, თბილისში ხელოვნების ნაციონალურ ცენტრში, ხუთი კაცისგან შემდგარი ჟიური დიდხნას ფიქრობდა რომელი ფოტოსთვის მიეცა მომდევნო ეტაპის საგზური. არჩევანი დიდი იყო _ 30 ავტორის 172 ფოტო. საბოლოოდ, თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფოტო-კონკურსის მეორე ეტაპისთვის 17 ავტორის 34 ფოტო შეირჩა, რომლებიც 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ,,კინოს სახლის” დარბაზში გამოიფინება.

 

სწორედ ამ დღეებში გაიმართება ფესტივალის დასკვნითი და ცენტრალური ღონისძიება. იქ 6 დღის განმავლობაში 24 საკონკურსო ფილმის ჩვენება მოეწყობა. საინტერესოა რომ ძირითადი ნომინაციების გამარჯვებულების გარდა (რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს), მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა – დარბაზში მყოფ მაყურებელს თავად შეეძლება საკუთარი რჩეული ფილმის გამოვლენა. 3 მარტს ფესტივალი ფილმების და ფოტოკონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებს. მანამდე კი, “ნიამორმა” შაბათ-კვირას ექსტრემალური უიკ-ენდი მოიწყო...

 

18 თებერვალი, შაბათი. დილის შვიდი საათია... ამ დროს დაიწყეს თავშეყრა გორში, ატენის ხეობაში, სოფელ ბოშურთან ახლოს მდებარე გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვის მოყვარულებმა. მონაწილეებით სავსე ავტობუსი თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტიდან გავიდა.

 

"ტიან-შანში” დაღუპულ ქართველ ალპინისტთა მემორიალი” საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის თაოსნობით უკვე მეორე წელია იმართება. წელს ამ შეჯიბრს ფესტივალი “ნიამორიც” შეუერთდა.

 

შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს სად გორი და სად ყინულიო, ან რა ჩანჩქერი გაიყინაო... აგიხსნით – რამდენიმე წლის წინ გორის მთამსვლელთა კლუბის “ტონთიოს” წევრებმა, რომლებიც გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში ლაშქრობებს, ძირითადად, ატენის ხეობაში აწყობენ, ნაცნობი გზა ზამთარში გაიარეს და გაოცდნენ, როცა 40 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი გაყინული ნახეს. მათ ჩანჩქერზე ცოცვა დაიწყეს და ხეობაში შესული მწყემსიც შეაშინეს – მას ყინულზე მცოცავი არსებები ეშმაკები ეგონა.

 

მოკლედ, იმ დღიდან მოყოლებული ეს გაყინული ჩანჩქერი ქართველი მთამსვლელებისა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთა თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა.

 

18 თებერვალს, ატენის ხეობაში საასპარეზოდ 35 ვაჟი და 7 გოგონა შეიკრიბა. მონაწილეთა შორის ახალბედები სჭარბობდნენ, თუმცა იყვნენ ძალიან გამოცდილებიც - ბიძინა გუჯაბიძე (ორგზის ევერესტელი და მესიმაღლე), ნუკრი გველებიანი (სსრკ-ს ახალგაზრდა მეკლდეურთა ჩემპიონატების პრიზიორი), სოფო თვარაძე (პირველი ქართველი გოგონა, რომელმაც ჰიმალაიში მწვერვალი ამა-დაბლამი დალაშქრა) და საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები მეკლდეურთა შორის. შეჯიბრება სისწრაფეში ჩატარდა და ტრასა არანაკლებ ცნობილმა მთამსვლელმა გია თორთლაძემ გახსნა (ტრასის გამხსნელი შეჯიბრში არ მონაწილეობს – თ.ჯ.). შეჯიბრების მსაჯების გადაწყვეტილებით განისაზღვრა მონაწილეთა საკონტროლო დრო _ ვაჟებისთვის 5 წუთი, გოგონებისთვის 7 წუთი (ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილე მექანიკურად ეთიშება შეჯიბრს).

 

როგორც მოსალოდნელი იყო, თავდაპირველად საუკეთესო დრო გამოცდილმა ბიძინა გუჯაბიძემ უჩვენა – 1.18:28 და ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვინმე ამ შედეგის გაუმჯობესებას შეძლებდა... მაგრამ სპორტი მოულოდნელობებისგან არ არის დაზღვეული და პირველი სასწაული გიორგი ნიგურიანმა მოახდინა. ცნობილი `კლდის ვეფხვის” შთამომავალმა გუჯაბიძის შედეგი თითქმის 4 წამით გააუმჯობესა – 1:15:00. სულ მალე საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა გიორგი კომახიძემ მეორე შედეგი უჩვენა. კიდევ რამდეიმე წუთი და `ბოშურის” რეკორდი კიდევ ერთხელ უმჯობესდება – “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი ნიკა ლებანიძე მანძილს 1.10:05 წამში ფარავს. კიდევ 20 წუთში სპორტის აკადემიის სტუდენტი გურამ გაზდელიანი სასწაულს ახდენს – მისი ნაჩვენები დრო 0:56:10 წამია. ის “ტიან-შანში დაღუპულ ქართველ ალპინისტთა მემორიალის” გამარჯვებული ხდება.

 

ვაჟთა შეჯიბრისგან შედარებით, გოგონათა ასპარეზობა უფრო ხანმოკლე გამოდგა, თუმცა შვიდი მანდილოსნის ცქერა, არც თუ უინტერესო იყო. გოგონათა შორისაც სპორტის აკადემიის სტუდენტებმა იმარჯევს - I და II ადილებზე შესაბამისად ნატო ლიპარტელიანი და თამარ დიდებულიძე გავიდნენ, მესამეზე კი _ მოყვარული მთამსვლელი სალომე მაჭავარიანი. ფესტივალის სახელით მათ გამაჯანსაღებელი და ფიტნეს ცენტრი `ნაუტილუსის” პრიზები გადავეცით. ყველა გამარჯვებულს კი საჩურები შეხვდათ `ყაზბეგი ჯგუფისგან”.

 

19 თებერვალი, კვირა. მათ, ვინც შაბათს ძალიან არ დაიღალა, კვირა დილას შეკრება გუდაურში, ცნობილ `კოსტიას ხიჯინაში” დაიწეს. სამთო-თხილამურების მოყვარულთა შორის ამ პოპულარულ ადგილას ციგების შეჯიბრში მონაწიელობის 30-მა (ვაჟმა და გოგონამ) მსურველმა გაიარა რეგისტრაცია, თუმცა კუდებზე (3100 მეტრი ზღვის დონიდან) ასულებმა, ინსტრუქტორების (ივა ხარაძე და დევი მჭედლიშვილი) საჩვენებელი გამოსვლების შემდეგ გარისკვას ისევ თხილამურით სრიალი ამჯობინა და საასპარეზო ადგილს გასცილდა.

 

ასეა თუ ისე, 12 `თავდადებული” და ორი ინსტრუქტორი თითქმის სამი საათის განმავლობაში თავაწყვეტილები ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ექსტრემალი იქნებოდა და ვის შეხვდებოდა ფესტივალი `ნიამორის” ჯილდოები. მოციგავეებმა `ფორმულასთვის” დამახასიათებელი სიჩქარე განავითარეს და ფინიშად გაუკვალავი თოვლი არჩიეს... სხვაგვარად ვერც გაჩერდებოდნენ.

 

ბოლოს ისევ "ხიჟინაში” შევიკრიბეთ და გამარჯვებულები დავასახელეთ. ორი დღის შედეგებით "ნიამორის” პარტნიორის, მაღაზია "მოდა+სპორტი” მიერ დაწესებული ციგა ქეთი ღორობერიძეს შეხვდა. ფესტივალის მიერ დაწესებული `ატომიკის” თხილამურები ორი დღის შედეგებით ირაკლი ჟღენტს ერგო. ჟურნალი `ანაბეჭდის” პრიზები კი, ორი დღის შედეგებით, ლადო დანგაძემ, ახალბედა ექსტრემალმა თეატრალური ინსტიტუტიდან - ეკა ღოღობერიძემ და გამოცდილმა დევი მჭედლიშვილმა დაიმსახურეს.

 

ამ აქციით "ნიამორი” ფინიშის სწორზე გავიდა და ახლა ფილმების კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენას დაველოდებით.

 

“ნიამორი” ახალი თავგადასავლების მოლოდინშია. 3 მარტს ,,კინოს სახლში” მოსული მაყურებელი ფესტივალი “ნიამორის” საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისგან უშედეგოდ ითხოვდა ფესტივალში გამარჯვებული ფილმების ჩვენებას... გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ისედაც დიდხანს გაგრძელდა. ერთთვიანი მარათონის ყველა გამარჯვებული, ასეთი კი 34 (სათხილამურო, ყინულზე ცოცვის, ციგების შეჯიბრის, ფოტოკონკურსის, ფილმების კონკურსის) მონაწილე იყო, სწორედ ამ დღეს დავაჯილდოვეთ. საღამოს ტელე-იმედის სპორტული ჟურნალისტი თეა სუხიშვილი და “ექსტრემალი, მსახიობი და კულინარული ნიჭით აღსავსე წამყვანი” ზურაბ შარია უძღვებოდნენ.

 

პირველი სიურპრიზები კი ფოტო-კონკურსის გამარჯვებულებს ელოდათ. ფოტოკონკურსი 14-18 თებერვალს, თბილისში, ხელოვნების ნაციონალურ ცენტრში ჩატარდა.

 

მესამე წელია ფესტივალის ფოტოგამოფენების უცვლელი პარტნიორია “ფოტოსამყარო-პროფოტოცენტრი”. გამარჯვებულებს მათ მიერ დაწესებელი პრიზების (17 საუკეთესო ავტორს ფასდაკლების ბარათები, საუკეთესო ფოტოს ორ ავტორს კი პროფესიული ფირები და ფოტოკამერის აქსესუარები შეხვდათ) გარდა, სიურპრიზები – ციფრული ფოტოაპარატები “ყაზბეგი ჯგუფმა” და ჯურნალმა “ანაბეჭდი” მოუმზადეს.

 

ხუთი კაცისგან (ბესო გულაშვილი, გოგიტა ბუხაიძე, მაკა კუკულავა, თეა სხიერელი და კოტე გაბრიჩიძე) შემდგარი ჟიური დიდხნას ფიქრობდა რომელი ფოტოსთვის მიეცა მომდევნო ეტაპის საგზური. არჩევანი კი დიდი იყო, 30 ავტორის 172 ფოტო. საბოლოოდ მეორე ეტაპისთვის 17 ავტორის 34 ფოტო შეირჩა, რომლებიც 25 თებერვლიდან ,,კინოს სახლის” დარბაზში იყო გამოფენილი.

 

ჟიურის თავმჯდომარემ ბესო გულაშვილმა პირველად “საუკეთესო ფოტოს” ავტორები დაასახელა – ირინა ჯაფარიძე (ფოტო “უსათაურო”) და მიშა თვარაძე (ფოტო “ნაკვალევი”). ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ტელე-იმედის თანამშრომელია... ორივე გამარჯვებულის შავ-თეთრმა ფოტომ, როგორც ჩანს ჟიური ისე მოხიბლა, რომ საბოლოოდ ერთისთვის განკუთვნილი პრიზიც ორად გაიყო.

 

ისე აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ავტორი, ერთდროულად, დარჩენილ ორ ნომინაციაში _ “საუკეთესო მყინვარწვერი” და “საუკეთესო რეპორტაჟი” დაწინაურდა. თითქმის ორსაათინაი ფიქრის და სჯა-ბაასის შემდეგ კი ჟიურიმ გადაწყვიტა რომ კოტე გუჯაბიძისთვის ჟურნალი “ანაბეჭდის” პრიზი გადაეცა, რეპორტაჟისთვის “ქორწილი ალპინისტურად” – სახასიათო რეპორტაჟია და კაცს კარგ გუნებაზე გაყენებსო, აღნიშნავდნენ ჟიურის წევრები.

 

მეორე ნომინაციაში “საუკეთესო მყინვარწვერი” ჟიურიმ ჩათვალა, რომ კოტე “დააბინავეს” და ,,დუბლი” ხალხს სალაპარაკოს მისცემდა, თანაც მეორე კანდიდატის ფოტოც ძალიან კარგი იყო და დაადგინა - “ყაზბეგი ჯგუფის” სახელობითი პრიზი 18 წლის რომა ლომიძეს შეხვედროდა. რაც შეეხება კოტე გუჯაბიძის “მყინვარწვერის” მთელ სერიას, ამ ფოტოებით საპატრიარქოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

 

ფოტო-კონკურსის ყველა გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუის მიერ დაწესებული პრიზებიც გადაეცა.

 

2006 წლის განმავლობაში, ფესტივალი ჟიურის წევრებთან და ჯერ კიდევ “არ ნაპოვნ” დონორებთან ერთად II ეტაპში გასული ფოტოგრაფებისთვის მასტრეკლასის ჩატარებასაც აპირებს.

 

“ნიამორის” 2006 წლის ბოლო “გაჩერება” ,,კინოს სახლი” გამოდგა. იქ ერთი კვირის განმავლობაში საფესტივალო ფილმების ჩვენება მიმდინარეობდა. ალბათ გახსოვთ, რომ ფესტივალში 24-მა ფილმმა მიიღო მონაწილობა (საქართველო, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ბრიტანეთი, ბრაზილია, აშშ, რუსეთი) და მათ შორის ქართული მხოლოდ რვა იყო.

 

ენობრივი ბარიერის მიუხედავად (იტალიური ფილმები არც ქართულად იყო ნათარგმნი, და არც ინგლისური სუბტიტრი ჰქონდათ) ,,კინოს სახლში” ახალგაზრდა და შედარებით გამოცდილი ალპინისტები, ექსტრემალები, მოგზაურები და რაღა თქმა უნდა ჟიურის წევრები ერთგულად უყურებდნენ ყველა საფესტივალო ფილმს.

 

ის კი არა და, ჟიურის ზოგიერთი წევრი ფილმებს დამატებით სახლშიც ნახულობდა - ესაო და არაფერი გამომეპაროსო... ჟიურის მუშაობა მხოლოდ ოდნავ შეფერხდა, როცა ფესტივალის 15 ფილმის ასლი მოიპარეს, თუმცა “ნიამორი” რისი ექსტრემია, თუ მსგავსი თავგადასავალი არ გადახდა? (მეც, როგორც ფესტივალის დირექტორმა ცოტა ვიბუზღუნე და მერე გავჩერდი...-თ.ჯ.). ფესტივალი კი დინებას გაუყვა.

 

2006 წელს “ნიამორის” ჟიურის შემადგენლობა სოლიდური იყო (დაჯილდოების საღამოზე მოსულმა იტალიის საელჩოს წარმომადგენლებმა გაოცება ვერ დამალეს, როცა პატარა დარბაზში გინენსის წიგნის ორი წევრი და ორიც ევერესტზე ასული ქართველი იხილეს) - ლევ საქრისოვი (ვეტერანი ალპინისტი და გენესის რეკორდსმენი), ჰენრი კუპრაშვილი (გინესის რეკორდსმენი “კოლხური” სტილით ცურვაში), ირაკლი უგულავა (1999 წლის ევერესტის ქართული ექსპედიციის წევრი), ია თიკანაძე (ლეგენდარული გურამ თიკანაძის ქალიშვილი და საქართველოში ებერტის ფონდის წარმომადგენელი), კოტე ჯანდიერი (სცენარიტი და კინორეჟისორი) კახა თოლორდავა (მსახიობი და კონომცოდნე), ირაკლი ღლონტი (ინტერნიუს-ჯორჯია), ნიკა ერქომაიშვილი (მთამსვლელი, მაშველი, გამყოლი, მოკლედ ადამიანი რომელიც მთასთან დაკავშირებულ ყველა საქმეში წაგადგება – თ.ჯ.) და ბოლოს, ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე ეკა გაბაშვილი (ჟურნალისტი და ამჟამად “სილქროუდგრუპის” პიარ-მენეჯერი).

 

2006 წლის ფესტივალის ამ დასკვნით წერილში თავს არ შეგაწყენთ იმ შიდა სამზარეულოზე თხრობით, რაც უბრალოდ დაგღლით... და პირდაპირ გამარჯვებულ ფილმებზე და ამ ფილმების მოკლე ანოტაციებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

 

მაშ ასე, 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, კინოს სახლში მოსულ მაყურებელს ერთგვარ “დაუგეგმავ არჩევნებში” მოუხდა მონაწილეობა. მათ თავად უნდა გამოევლინათ “მაყურებლის სიმპათიის პრიზის” მფლობელი. “ნიამორის” ეს სპეციალური პრიზი (“ჯეოსპორტის” სამთო ქურთუკები) ქართული ფილმის “ცისფერი მთების სამფლობელოში” გმირებს შეხვდათ.

 

ამ ფილმის სიუჟეტი ტიან-შანში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელები ერთ-ერთი ტექნიკურად რთული მთის დალაშვრას აპირებენ. ავარია გზაში, უამინდობა, ზვავი, რომელშიც 11 ადამიანი დაიღუპა – ამ ემოციურ ფონზე ჩვენები მაინც გადიან ბოლო შტურმზე, მაგრამ, როგორც ფილმის ერთ-ერთი გმირი ამბობს, მთაში არ არის მთავარი მწვერვალზე ასვლა, უფრო ძნელია მობრუნება და ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც კი.

 

ნომინაციაში “პირველი ნაბიჯი” გამარჯვებული ასევე ქართული 8 წუთიანი ფილმი გახდა სახელად - “ექსტრემალები”. ეს არის ისტორია ახალგაზრდებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ცდილობენ დაემსგავსონ ფილმებში ნანახ ექტრემალებს და ყოველგავრი დაცვის გარეშე ეჭიდებიან კლდეებს ბოტანიკურ ბაღში. სხვათა შორის, როცა ჟიურიმ ეს ფილმი გამოარჩია, ავტორები და გმირები გააფრთხილა, რომ გაუაზრებელი რისკი გაუმართლებელია.

 

ამავე მოტივაციით, ჟიურიმ კიდევ ერთი ქართული ფილმის ოპერატორს ლევან ლეკიაშვილს (ტელე-იმედი) “ყვითელი ბარათი” ამოუღო... ფილმში “ქორწინების მწვერვალი” არის ერთი კადრი, სადაც 4100 მეტრზე გამართული ალპინისტური ჯვრისწერის შემდეგ ოპერატორი, თავის კამერიანად, აწყვეტილი მოსრიალებს (ე.წ. “...სლეით”)... ჟიურიმ ეს შეაფასა, როგორც საკუთარი თავის, ექსპედიციის და ბოლოს, ტექნიკის საფრთხის ქვეშ დაყენებად. თუმცა, “ნიამორის” ორგანიზატორები (პირადად მე, რომელიც საინტერესო კადრებზე ხშირად “ვნადირობ”) სრულიად სხვაგვარად ვფიქრობთ. მიუხედავად ამის, ფილმმა “ჟიურის სპეციალური პრიზი” მიიღო – იმ დადებითი ემოციისთვის, რომელიც ფილმშია ასახული.

 

საუკეთესო “ოპერატორისთვის” და “რეჟისორისთვის” პრიზი უშუალოდ ფესტივალმა “ნიამორი” და მისმა მეგობრებმა დააწესეს - ერთკვირიანი მოგზაურობა საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი მყინვარწვერზე... ახლა, ამერიკული ფილმის Vertical Frontier ოპერატორს და ბრაზილიური ფილმის “სამხრეთული ექსტრემის” რეჟისორს შემოდგომაზე საქართველოში ელიან...

 

საქართველოში ეპატიჟება ფესტივალის პარტნიორი ტურისტული სააგენტო “ექსპლორ ჯორჯია” საუკეთესო “უცხოური ფილმის” ორ წარმომადგენელს. ეს პრიზი ბრიტანულმა ფილმმა Twice Upon A Tme In Bolivia დაიმსახურა. სამივე ზემოთ ჩამოთვლილი ფილმი ალპინისტური ექსპედიციის ისტორიებია.

 

საქართველოში ჩამოვა “ნიამორის” კიდევ სამი ნომინაციის გამარჯვებული. მათთვის პრიზები საქართველოს ტურიზმის დეპარტამნეტმა დააწესა. ამის შესახებ დაჯილდოების საღამოზე დამსწრეებს ამ უწყების თავკაცმა საბა კიკნაძემ ამცნო.

 

ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ: ნომინაციაში “ექსტრემი” – ამერიკული ფილმი “ნარინჯისფერი ოცნება”. ეს არის ფილმი ხალხზე, რომლებსაც არ ეშინიათ გაუკვალავ თოვლში, მთების მწვერვალებიდან სრიალი, პარაშუტით ხტომა და ათასგვარი “საშინელების” ჩადენა. იმ დღეს, როცა ,,კინოს სახლში” ფილმის ჩვენება იყო, დარბაზიდან გამოსული ხმები, ძირითადად შეკივლებები, ქუჩაში გამვლელსაც კი ესმოდა...

 

არანაკლებ ემოციურად მიიღო მაყურებელმა შვეიცარული ფილმი Last Exit Titlis, რომელიც სამკაციან ალპინისტურ ექსპედიციაზე მოგვითხრობს. ფილმმა ნომინაციაში “ალპინისტური ექსპედიცია” გაიმარჯვა.

 

მომდევნო ნომინაცია “მაშველები”... სამწუხაროდ, საქართველოში ეს ხალხი მას შემდეგ ახსენდებათ, როცა “ურემი ბრუნდება”... ამიტომ, იმედია, ფესტივალი კიდევ ერთხელ შეახსენებს შესაბამის ორგანოებს, რომ გამართული სამაშველო სამსახურის გარეშე “ქვეყნისთვის პრიორიტეტი – ტურიზმი და სამთო სპორტი” საქართველოში ვერ განვითარდება.…ამ ნომინაციაში კი იტალიურმა ფილმმა Soccorso Alpino გაიმარჯვა.

 

ფესტივალის დახურვას კიდევ ერთი VIP-სტუმარი ესწრებოდა, ადამიანი, რომლის მობილურის ნომერი ყველა ქართველ ალპინისტს ჩანიშნული აქვს. ეს არის პილოტი შამილ ქართოშიძე, კაცი რომელსაც ,,კინოს სახლში” შეკრებილები ოვაციით შეხდნენ. ნომინაციაში “მოგზაურები” კი ნინო ჯაფიაშვილის ფილმმა “პილოტი” გაიმარჯვა. შამილი ამ ფილმის გმირია...

 

რაც შეეხება გრან-პრის – ფულადი ჯილდო, საქართველოში იტალიის საელჩომ დააწესა. ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ წინა ფესტივალზე “ნიამორის” უმაღლესი ჯილდო, სწორედ იტალიურმა ფილმმა აიღო და როგორც “სამართალმემკვიდრეებმა”, იტალიელებმა “ესტაფეტა” ახალ მფლობელს, ამჯერად ქართულ-რუსულ ფილმს “გადალახვა – ლჰოცზე” გადასცეს.

 

ფილმი ჰიმალაიში რუსულ-ქართული ექსპედიციის შესახებ გვიამბობს. მრავალი სირთულის მიუხედავად, რუს მეგობრებთან ერთად ოთხი ქართველი ბენო ქაშაკაშვილი, აფი გიგანი, გელა ოთარაშვილი და ბიძინა გუჯაბიძე მაინც ახერხებენ მწვერვალის დალაშქვრას...

 

ეს იყო და ეს... დასასრულს კიდევ ერთხელ მათ შესახებ ვინც ფესტივალს გვერდში დაუდგა: საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, იტალიის საელჩო, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ცენტრი, საქართველოს სათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია.

 

“პროფოტოცენტრი-პოტოსამყარო”, “ყაზბეგი ჯგუფი”, ჟურნალი “ანაბეჭდი”, “ჯი-ემ-თი ჯგუფი” და ხელოვნების ნაციონალური ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, ზაზა დარასელის ფონდი. მაღაზია “მოდა+სპორტი”, “ჯეოსპორტი”. ფესტივალის ინტერნეტ-პარტნიორია “სი-დი-ენი”. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ: ტელეკომპანია “მზე”, სტუდია “მაესტრო”, რადიო “არ დაიდარდო”, საინფორმაციო სააგენტოები “ნოვოსტი გრუზია”, “მედიანიუსი” და “ჯი-ეიჩ-ენი”, გაზეთები "24 საათი", "სპორტი".

 

ფესტივალი “ნიამორი” კი მაისამდე ტაიმ-აუტს იღებს. სავარაუდოდ ამ დროს, ჩვენ ჯომარდობაში, საქართველოს მორიგი ჩემპიონატის ორგანიზებით დავკავდებით დიდ სამეგობროსთან ერთად.