ქართული კლუბები ნახევარფინალში არიან
ქართული კლუბები ნახევარფინალში არიან
18.04.2019
ავტორი:

შაბათს, 20 აპრილს, 18:00 „დინამო თბილისის აკადემიაში" ვიტალი დარასელიას თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ½ მატჩი გაიმართება, სფფ-ს აკადემია იტალიურ „ემპოლის" შეხვდება. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, კიდევ ერთ ½ ფინალში „დინამო თბილისი" „ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. 1981 წლის აპრილის შემდეგ, ამჯერად, მართალია 15-წლამდე ასაკობრივი გუნდების დონეზე, მაგრამ „დინამო თბილისისა" და „ფეიენოორდის" პირველი დაპირისპირება შედგება. შეხვედრა „დინამოს აკადემიაში" 20:00 დაიწყება.




დღეს კი, „დინამოს აკადემიაში" ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო კალენდარული დღე იყო. თავდაპირველად საასპარეზოდ, „ბ ჯგუფის" გუნდებს დაეთმოთ მოედანი. პორტუგალიურმა „ბრაგამ" დღეს, ძალების მაქსიმალურად მობილიზება მოახერხა და თბილისურ ტურნირზე პირველი, თანაც ამ მომენტისთვის ტურნირის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მოიგო. „ბრაგამ" „დინამო კიევი", რომელიც დარასელიას ტურნირის ისტორიაში, მე-4 გათამაშებაში ყველაზე სუსტი გუნდით არის წარმოდგენილი 6-1 დაამარცხა, ტურნირზე პირველი 3 ქულა ჩაიწერა, თუმცა, ½ ფინალში ვერც თვითონ გავიდა და კიეველებსაც არ მისცა ამის შესაძლებლობა.




სამაგიეროდ, დარასელიას ტურნირის მე-4 გათამაშებაში ½ ფინალში ამ ჯგუფის მეორე წყვილი სფფ-ს აკადემია და „ფეიენოორდი" გავიდნენ. ჯგუფის დასკვნით თამაშებამდე, აქ ლიდერი 4 ქულით სფფ-ს აკადემია იყო. „ფეიენოორდთან" შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც კი, მომდევნო ეტაპზე, სწორედ ეს გუნდები აგრძელებდნენ ასპარეზობას. თუმცა, ინტრიგა, ჯგუფში, დასადგენი რიგითობა და შესაბამისად, ½ ფინალისთვის მომავალი მეტოქის გარკვევა იყო.  შეხვედრა, ორმხრივ შეტევებში წარიმათა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში, სფფ-ელთა დარტმას, რომელიც როტერდამელთა კარის ხარიხამ მოიგერია, არც ერთი გუნდის წევრს, მოწინააღმდეგის მეკარე, დიდად არ შეუწუხებია.  შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულა. სფფ-ს აკადემიამ „ბ ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა და ½ ფინალში, რომელიც „დინამოს აკადემიაში" 18:00 დაიწყება იტალიურ „ემპოლის" შეხვდება.




ინფორმაციის სახით, ჯგუფში პირველი ადგილი 5 ქულით სფფ-ს აკადემიამ დაიკავა, ხოლო მეორეზე 4 ქულით როტერდამის „ფეიენოორდი" გავიდა. ასევე 4 ქულა დააგროვა „ბრაგამ". თუმცა, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით ყურადღება ურთიერთშეხვედრებს ექცევა და ამ კომპონენტში პორტუგალიელებს, ჰოლანდიელებმა აჯობეს.




18 აპრილის მე-3 შეხვედრა ინგლისურ „ვულვერჰემფთონსა" და „ციურიხს" შორის შედგა, ჩვენი გვერდი, ტურნირის დასრულების შემდეგ, დარასელიას ტურნირში, ფეხბურთის სამშობლოდან პირველ მონაწილე გუნდზე, დამოუკიდებელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. მანამდე კი, დღეს, ინგლისელებმა ტურნირზე პირველი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმის დასრულებამდე 16 წუთით ადრე, ითან მაკლეოდიმ „ციურიხთან" ანგარიშში სხვაობა 1 გოლამდე შეამცირა. ტაიმის მიწურულს, 2 ეპიზოდში, ინგლისელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ. თუმცა, ვერ მოახერხეს. „ციურიხს" კი, პირველ ტაიმში გატანილი 2 გოლი, 3 ქულის ასაღებად ეყოთ. შეხვედრა 2-1 დასრულდა „ციურიხის" სასარგებლოდ.  




„ა ჯგუფიდან" „ციურიხი" ½ ფინალში მაშინ გავიდოდა, თუკი, „დინამო თბილისი" იტალიურ „ემპოლის" დიდი ანგარიშით დაამარცხებდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, დინამოელებს, უკვე შეხვედრის მე-3 წუთზე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. თუმცა, გოლი, მხოლოდ მე-15 წუთზე გავიდა. დავით შიოლაშვილმა, შორი მანძილიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა ანგარიში, რომელიც ამ შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა. „დინამო თბილისმა" 1-0 გაიმარჯვა და ახლა ½ ფინალის მოლოდინშია, სადაც, როგორც უკვე გითხარით „ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.




„დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდის დღევანდელ შეხვედრას „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ.




20 აპრილს ½ ფინალებამდე, 12:00 და 14:00 საათზე მცირე ½ ფინალები გაიმართება. თავდაპირველად „ციურიხი" - „დინამო კიევს" დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ, „ვულვერჰემფთონი" - „ბრაგას".

21 აპრილს დილის 10:00 საათიდან, „დინამოს აკადემიაში" დარასელიას ტურნირის ბოლო საასპარეზო დღეა.

10:00 საათი 7-8 ადგილები

12:00 საათი 5-6 ადგილები

14:00 საათი 3-4 ადგილები

17:00 საათზე კი „დინამო არენაზე" ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის მე-4 გათამაშების ფინალი გაიმართება.