ამა დაბლამზე, მორიგი ქართული ექსპედიცია გაემგზავრა
ამა დაბლამზე, მორიგი ქართული ექსპედიცია გაემგზავრა
18.04.2019
ავტორი:

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდი კიდევ ერთ ექსპედიციაში გაემგზავრა. ახალგაზრდა მთამსვლელებისგან ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიშვილი  დაკომპლექტებული ორკაციანი გუნდი ამჯერად, ჰიმალაების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და მომხიბვლელი მთის, ამა-დაბლამის დალაშქვრას შეეცდება.

6812 მეტრის სიმაღლის მთას დასავლეთში "ჰიმალაების მატერჰორნს" ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი კი "დედის ყელსაბამია". როგორც ჩანს, მისი, ხელების მსგავსად გაშლილ ორ ფერდს შორის არსებული მყინვარი, ადგილობრივებს "დაბლამს", შერპა ქალების ყელსაბამს აგონებს.

ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიშვილი წყვილი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად,  უკვე ძალიან გამოცდილი მთამსვლელები არიან. მათ 2017 წელს, ბიძინა გუჯაბიძის გუნდის შემადგენლობაში გავლილი აქვთ უშბაზე, მარშრუტი "ხარაკტერნიკის", რის გამოც წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო, "ოქროს წერაყინი" მოიპოვეს. ამას გარდა, 2018 წლის ზამთარში სწორედ ამ წყვილმა გაიარა ჭაუხში ასათიანის "სვეტი"-ს მარშრუტი, რაც აგრეთვე ერთ-ერთი გამორჩეულად რთული ასვლა იყო. ამა-დაბლამის ექსპედიცია, მთამსვლელთა ამ წყვილისათვის, ძალიან დიდი გამოცდილების მიმცემი იქნება.

ექსპედიცია 16 აპრილს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. სპორტსმენების ფიზიკური მომზადება საუკეთესო იმედების ქონის საფუძველს გვაძლევს. ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით ნებისმიერ სიახლეს ექსპედიციის მსვლელობის შესახებ, რომლებსაც კი ჯგუფის წევრებისაგან მივიღებთ.