„დინამო თბილისი“ და სფფ-ს აკადემია ჯგუფებს ლიდერობენ
„დინამო თბილისი“ და სფფ-ს აკადემია ჯგუფებს ლიდერობენ
17.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე გათამაშების მეორე საასპარეზო დღის შემდეგ, 6 ქულა, მხოლოდ „დინამო თბილისს" აქვს. დინამოელებმა დღეს, „ვულვერჰემფთონის" დამარცხება 4-0 მოახერხეს. მე-14 და 21-ე წუთებზე, ჯერ საჯარიმო დარტყმა, ხოლო შემდეგ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ლუკა გაგნიძემ. მეორე ტაიმში, უკვე, ლუკა ჯანაშიამ მოახერხა თავის გამოჩენა და 49-ე წუთზე „დინამო თბილისი" 3-0 დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ჯადული იობაშვილმა შეხვედრაში მეოთხე, ხოლო ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და „დინამო თბილისის" მორიგ გამარჯვებაში, თავისი კვალიც დატოვა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, დინამოელებს 6 ქულა აქვთ და „ა ჯგუფში" პირველ ადგილს იკავებენ.




ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლები კი, თბლისიურ ტურნირზე ჯერ-ჯერობით ბოლო საფეხურზე არიან ჯგუფში და სიტუაციის გამოსასწორებლად და თუნდაც ერთი ქულის ასაღებად, მათ ხვალ, ერთი ჯგუფური თამაშიღა რჩებათ „ციურიხის" წინააღმდეგ. „ციურიხმა" კი, „დინამო თბილისთან" გუშინ განცდილი მარცხის შემდეგ, დარასელიას ტურნირზე, პირველი ქულა აიღო. შვეიცარიელების მეტოქე ამჯერად, იტალიური „ემპოლი" იყო, რომელმაც პირველ დღეს, „ვულვერჰემფთონის" დამარცხება შესძლო და „დინამო თბილისის" მსგავსად, 3 ქულა ჰქონდა. წარმატებული სტარტით გათამამებულმა „ემპოლიმ",  „ციურიხთანაც" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთზე, ტურნირის სწრაფი გოლითაც ანგარიში გახსნა. გოლის ავტორი ფილიპო პანიკუჩი იყო. მანვე ტაიმის მე-20 წუთზე იტალიელთა სასარგებლოდ ანგარიში კიდევ ერთი გოლით გაზარდა და „ემპოლი" 0-2 დაწინაურდა. მეორე ტაიმში, „ციურიხმა" თამაშს მოუმატა, თუმცა, კულმინაციამ შეხვედრის მიწურულს იჩინა თავი. ჯერ იყო და 67-ე წუთზე მიხაილ სტევანოვიჩმა 11-მეტრიანით სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, 1-2, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დანიელ დენოონის თავურმა დარტყმამ, „ციურიხს", დარასელიას ტურნირზე პირველი ქულა მოუტანა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.




ახლა ამ ჯგუფიდან, ტურნირის ½ ფინალში გასასვლელად, დინამოელებს ნებისმიერი შედეგი, მეორე ადგილზე მყოფ „ემპოლის" კი, ფრეც აძლევს ხელს. ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს კი, სწორედ „დინამო თბილისი" და იტალიური „ემპოლის" მატჩით დასრულდება, ტურნირის ეს მონაკვეთი. შეხვდრა, „დინამო აკადემიაში" 18:00 საათზე დაიწყება.

მანამდე, 16:00 საათზე,  „ვულვერჰემფთონი" „ციურიხს" დაუპირისპირდება.

***

დარასელიას ტურნირზე, პირველი 3 ქულა მოიპოვა კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა. სფფ-ს აკადემიამ  მეორე დღის პირველი შეხვედრაში, წვიმიან ამინდში, კიევის „დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 1-0 და ახლა, 4 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 30-ე წუთზე დიმა ღურწკაიამ გაიტანა. მცდელობების მიუხედავად, კიეველებმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს და ახლა, ხვალ, ჯგუფური ასპარეზობის ბოლო დღეს გაარკვევენ, დარასელიას ტურნირის მეორე ეტაპს, ჯგუფში დაკავებული რომელი ადგილიდან გააგრძელებენ. ამ მომენტისთვის „დინამო" და „ფეიენოორდი" 3-3 ქულით მე-2-3 ადგილებს იყოფენ.




ჯგუფის ბოლო შეხვედრას „დინამო", „ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს, თბილისურ ტურნირზე მეორე მარცხი, ამჯერად „ფეიენოორდისგან", თანაც დიდი ანგარიშით 5-0 იწვნია.




თავის მხრივ, ბოლომდე გარკვეული არც პირველ ადგილზე მყოფი სფფ-ს აკადემიის ბედია, რადგან ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ისინი სწორედ, „ფეიენოორდის" წინააღმდეგ ატარებენ. ასე, რომ ხვალ, „დინამოს აკადემიაში", მორიგი საასპარეზო დღე 12:00 და 14:00 ორი საკმაოდ საინტერესო შეხვედრით დაიწყება.