დინამო თბილისის აკადემიაში, დღეს, ვიტალი დარასელიას ტურნირი დაიწყო, რომელიც 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 8 კლუბი 7 ქვეყნიდან ერთი კვირის მანძილზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის თასის მოგებას შეეცდება. თავდაპირველად, ორ ქვეჯგუფში გადანაწილებული გუნდები, ჯგუფებში გაარკვევენ თანმიმდევრობას.
წილისყრის შედეგად დარასელიას სახელობის თასის რიგით მე-4 გათამაშებაში ა ჯგუფში: „დინამო თბილისი", „ციურიხი", „ემპოლი" და „ვულვერჰემფთონი", ბ ჯგუფში კი, შესაბამისად, „ფეიენოორდი", „დინამო კიევი", „ბრაგა" და სფფ-ს აკადემია მოხვდნენ.
ტურნირის პირველი დღის პირველი შეხვედრა, „დინამო კიევსა" და როტერდამის „ფეიენოორდს" შორის გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ როტერდამელები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე დომინირებდნენ, უკრაინელთა მიერ, პირველ ტაიმში გატანილი გოლის გაქვითვა ვერ მოახერხეს. გოლი კი, შეხვედრის 31-ე წუთზე, ჰორბაჩიმ გაიტანა. „დინამო კიევისა"და „ფეიენოორდის" შეხვედრა 1-0, კიეველთა გამარჯვებით დასრულდა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სფფ-ს აკადემია, „ბრაგას" დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი, ემოციურად უფრო დაძაბული იყო, ვიდრე საგოლე მომენტებით. შესაბამისად, მსაჯს ყვითელი ბარათის გამოყენებაც ბევრჯერ მოუხდა და პორტუგალიელი ფეხბურთელის გაძევებაც. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელებმა, ვერც კაცნაკლული „ბრაგასთვის" მოახერხეს გოლის გატანა. შეხვედრა ფრედ 0-0, დასრულდა და გუნდებმაც, საჭირო ქულები გაინაწილეს. შესაბამისად, ამ ჯგუფს, პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, სათავეში „დინამო კიევი" ჩაუდგა. მომდევნო ადგილებს სფფ-ს აკადემია და „ბრაგა" იყოფენ. „ფეიენოორდი" კი, ჯერ-ჯერობით, ქულის გარეშეა.
ხვალ, 17 აპრილს, ბ ჯგუფის შეხვედრებით დაიწყება დარასელიას ტურნირის მეორე საასპარეზო დღე.
12:00 საათი „დინამო კიევი" - სფფ-ს აკადემია
14:00 საათი „ბრაგა" - „ფეიენოორდი"
ა ჯგუფიდან, პირველად „ემპოლი" და „ვულვერჰემთონი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იტალიელებმა, ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე გახსნეს, 1-0. გოლი, ლორენცო ინაკიტიმ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში ჩატარდა და ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, ამ შეხვდრაში, მეტი გოლი აღარ გასულა. ასპარზობის პირველი დღის შემდეგ იტალიურმა კლუბმა პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ჯგუფში მხოლოდ, მეორე ადგილზეა.
დარასელიას ტურნირის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ კი, ა ჯგუფს, ტურნირის მასპინძელი „დინამო თბილისი" ჩაუდგა სათავეში. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი, დღეს, „ციურიხს" შეხვდა და სამბურთიანი სხვაობით მოიგო. თბილისელებს, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მატჩის დაწყებიდან მე-4 წუთზე ჰქონდათ. თუმცა, გიგი აბუაშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა. კიდევ ცოტა ხანში, ხარიხამ ახლა დინამოელები იხსნა გოლისგან. თუმცა, ამ მომენტიდან ზუსტად 2 წუთში, 28-ე წუთზე, ომარ თოდუამ ანგარიში გახსნა, 1-0. ტაიმის დასრულებამდე, ნელ-ნელა მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს. თუმცა, მომდევნო გოლის გატანა, მხოლოდ მატჩის დასრულებამდე, 17 წუთით ადრე მოახერხეს (შეგახსენებთ, რომ ტურნირის დებულების თანახმად, გუნდები ფინალური მატჩის გარდა 35-წუთიან ტაიმებს თამაშობენ). მეორე გოლი კი, „ციურიხის" კარში ჯადული იობაშვილმა გაიტანა, 2-0. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იობაშვილი, ვიტალი დარასელიას 2018 წლის გათამაშების აღმოჩენა იყო. წელს კი, დინამოელთა სამწვრთნელო შტაბი, მასზე დიდ იმედებს ამყარებს. იობაშვილის მიერ გატანილი გოლიდან, კიდევ 2 წუთში, გიგი აბუაშვილმა საკუთარ საჯარიმოში მიიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმომდე გზად, 2 ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი, მეტოქის კარში გადაგზავნა. „დინამო თბილისმა" 3-0 მოიგო და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
ხვალ 18.00 საათზე „დინამო თბილისი" „ვულვერჰემფთონს" შეხვდება. თუმცა მანამდე 16:00 ამ ჯგუფის მეორე წყვილი"ემპოლი" და „ციურიხი" გაარკვევენ ურთიერთობას.
***
აღსანიშნავია, რომ ტურის პირველი დღის მატჩებს, დინამო თბილისის აკადემიაში, წვიმიანი ამინდის და სიცივის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი დარასელიას რიგით მეოთხე გათამაშებაში მონაწილე გუნდების სახელწოდებები საკმაოდ, ხმამაღლა ჟღეს, პირველ ტურში, ევროპის ცნობილი საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდების დიდმა ნაწილმა არც თუ დამაჯერებლად იათამაშა. თუმცა, შესაძლოა ეს ტურნირის სასტარტო დღიდან უფრო გამომდინარეობს და ხვალიდან, გუნდები, უფრო საინტერესო ორთაბრძოლებს შემოგვთავაზებენ.
***
დღესვე, „დინამოს აკადემიაში" დარასელიას სახელობის რიგით მე-4 გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციულად, ტურნირის გახსნას, პატნიორებთან და სპონსორებთან ერთად, ვიტალი დარასელიას თანაგუნდელები, ვეტერანი დინამოელები დაესწრნენ, თავად ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან ერთად. პირველი, სიმბოლური დარტყმა კი, „დინამო თბილისი" - „ციურიხის" მატჩში, თავად ვიტალი დარასელიას შვილიშვილმა შეასრულა. თბილისში, ვიტალი დარასელიას ტურნირის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა, მარტვილის ფილიალის 30-მდე აღსაზრდელმაც მიიღო.
ბადრი კეთილაძის ფოტოები