შაბათს, 13 აპრილს საქართველოს ქალთა ლიგა იწყება
შაბათს, 13 აპრილს საქართველოს ქალთა ლიგა იწყება
11.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 5 ქალაქში, შაბათს, 13 აპრილს, სტარტს აიღებს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება. რიგით მე-4 ეროვნულ ჩემპიონატში 10 გუნდი ხაშურის „ივერია", ლანჩხუთის „ლანჩხუთი", ქუთაისის „მართვე", ბათუმის „დინამო ბათუმი", თბილისის „ნიკე", ხობის „კოლხეთი", ჩხოროწყუს „სამეგრელო", თბილისის „ნორჩი დინამო", გორის „გორი იუნაიტედი", ახალციხის „ზარზმა" მიიღებს მონაწილეობას.

გათამაშებაში, რომელიც 2019 წლის 13 აპრილიდან - 20 სექტემბრამდე გაიმართება, დებიუტანტი გუნდი, ახალციხის „ზარზმა" ითამაშებს. ქალთა ლიგის პირველი წრის პირველ კალენდარულ შეხვედრაში, „ზარზმა" სახლში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „ნიკეს" მიიღებს.




„ქვეყნის ჩემპიონობა დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების სტარტზე ჩვენ ჩემპიონატის დებიუტანტს, „ზარზმას" ვხვდებით, მოწინააღმდეგეს დიდი პატივისცემით ვუდგებით. როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები ამ და სხვა მომდევნო შეხვედრებსაც იგივე შემართებით მოვეკიდებით, როგორც განვლილი 2018 წლის ჩემპიონატი ჩავატარეთ. 2018 წლის ჩემპიონატში, ჩვენც ახალი გუნდი და გათამაშების დებიუტანტი ვიყავით. ახალი, 2019 წლის ქალთა ლიგის გათამაშების ყველა შეხვედრაში, მაქსიმალურად დავიხარჯებით და არც ერთი ქულის დაკარგვას არ ვაპირებთ. კარგია, რომ საქართველოში მე-4 წელია რეგულარული ჩემპიონატი ტარდება. იზრდება ჩემპიონატის დონე და იზრდება ქალთა მასობრივობა ფეხბურთში. აქ მოთამაშე ფეხბურთელებს ემატებათ სათამაშო გამოცდილება და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებსაც ემატება გამოცდილი ფეხბურთელების რიცხვი. იყო ქვეყნის ჩემპიონი და ქვეყნის ლიგა ითამაშო ამ რანგში, არის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, მითუმეტეს, რომ წელს, ჩვენ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზეც გვიწევს თამაში და ეს, სრულად გვაქვს გააზრდებული", - ამბობს ნინო პასიკაშვილი „ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელი.



2019 წელს, პირევლად, შემოდგომაზე ქალთა გუნდები საქართველოს თასს გაითამაშებენ. თუმცა, ამ გათამაშების შესახებ  დეტალები,  მოგვიანებით გახდება ცნოვილი. მანამდე ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და ქალთა ლიგის პარტნიორის „ჯომას" დახმარებით, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს 2-2 პარტია სათამაშო ფორმა გადაეცათ. ფედერაციის ოფიციალური ცნობით, გუნდების სათამაშო ფორმები ქალთა ფედერაციის, ქალთა ლიგის, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თუკი, ასეთი ჰყავს გუნდს, სპონსორის ლოგოებით იქნება დაბრენდილი, ისევე, როგორც ეს საქართველოს ვაჟთა ლიგებშია მიღებული. ტრადიციულად, სეზონის წინ გუნდებს საფეხბურთო ინვენტარიც გადაეცათ. ხოლო, გასულ სეზონთან შედარებით, გაეზარდათ დაფინანსება. ამას გარდა, TSFF.GE-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონული გუნდები ნაწილს ადგილობრივი მინიციპალიტეტებიც ეხმარებიან.

„ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაში ტრადიციულად 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ფედერაციაში ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 12 გუნდის განაცხადი იყო შემოსული. სამწუხაროდ, 2-მა გუნდმა ასაკობრივი ცენზის გამო ვერ დააკმაყოფილა დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმები. თუმცა, სამომავლოდ, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდების რიცხვის ზრდას არ გამოვრიცხავთ. სიახლე მატჩებში მონაწილე გუნდების „შეცვლების" რაოდენობაა. ადრე, გუნდს თამაშის მანძილზე 5 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ჰქონდა, წლევანდელი გათამაშებიდან კი მწვრთნელებს თამაშში 7 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ექნებათ. ეს კი, მეტ გოგონას მისცემს საშუალებას ჩართული იყოს თამაშის პროცესში და მიიღოს სათამაშო გამოცდილება, რაც მომავალში ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს წაადგება", - ამბობს ნინო სორდია, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.




ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაში კიდევ ერთი სიახლეა - მატჩებზე მომსახურე ქალი მსაჯების რაოდენობა გაიზარდა. თუკი, აქამდე ქალთა ლიგას ორი ქალი მსაჯი ხათუნა მაისურაძე და ქეთი გაიპარაშვილი ემსახურებიდნენ, ამიერიდან მათ კიდევ 3 გოგონა დაემატება და  მათი რიცხვი 5-მდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ქალთა ლიგა, რეგულარული ჩემპიონატის სახით 2016 წლიდან ტარდება. პირველ ჩემპიონატში, მხოლოდ 6 გუნდი ასპარეზობდა. მომდევნო წლიდან მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ქალთა ლიგის 2 გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის „მართვე" იყო. 2018 წელს, კი ჩემპიონობა გათამაშების დებიუტანტმა თბილისის „ნიკემ" მოიპოვა.                  

2019 წლის შემოდგომიდან, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.  მანამდე უეფა-ს ქალთა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ორჯერ ქუთაისის „მართვემ" მიიღო მონაწილეობა.