დაასახელებს თუ არა ფიბა საქართველოს ევრობასკეტ 2021 მასპინძელ ქვეყნებს შორის
დაასახელებს თუ არა ფიბა საქართველოს ევრობასკეტ 2021 მასპინძელ ქვეყნებს შორის
20.03.2019
ავტორი:

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობაზე მზადყოფნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ში ოფიციალურად 15 მარტს დააფიქსირა. ფიბა-ს თანხმობის შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული ვიზიტი ლიეტუვაში იმყოფებოდა, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურად შეხვდა ლიეტუვის ფედერაციის პრეზიდენტს და მსოფლიო კალათბურთის გამორჩეულ ფიგურას არვიდას საბონისს.

„კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის თაობაზე. განაცხადის მიღების ვადა 15 მარტამდე იყო და ამ დროისთვის ოფიციალურად დავაფიქსირეთ განაცხადი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად და ამ პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას. ჩვენ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აღგვითქვა. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნა საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მზადყოფნის შესახებ. შესაბამისად,  განაცხადი, ჩვენი მხრიდან სრულყოფილად და უნაკლოდ იქნა წარმოდგენილი. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 4-ჯერ იასპარეზა და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენს ქვეყანას სულ ცოტა დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო და ყველამ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე.  საქართველოში ხალხს უყვარს კალათბურთი და გულშემატკივრობს. საორგანიზაციო კუთხით ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობისას ფიბასგან არა ერთხელ დავიმსახურეთ მაღალი შეფასება. ამასთან,  2021 წელს ჩვენ ნაკრებს პოტენციალი ექნება არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს", - ამბობს პაატა გურასპაული.

ფიბა ევროპის გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სურვილის შესახებ ცნობილი აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. საპრეზიდენტო არჩევნები კი ფიბა ევროპაში 25 მაისს არის დაგეგმილი. ამ თარიღის შემდეგ, ფიბა ევროპის გამგეობა ახალ პრეზიდენტთან ერთად შეიკრიბება და სხვა საკითხებთან ერთად, ევრობასკეტ 2021 წლის შესახებაც იმსჯელებს.

ბუნებრივია, ფიბა ევროპის თანხმობის შემთხვევაში საქართველომ ევრო 2021 წლის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლოს, ჩვენ, როგორც მასპინძლებს, ბევრი საკალათბურთო ინფრასტრუქტურული დეტალი გაუმჯობესება მოგვიწებს, სათანადო მასპინძლობისთვის.