ქართველების ბოსნიურ-სლოვენიური თავგადასავალი
ქართველების ბოსნიურ-სლოვენიური თავგადასავალი
19.03.2019
ავტორი:

ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელბი გიორგი ტეფნაძე, გურამ იმნაძე, ბექარ ფაჯიშვილი, ზურა კვესტაძე, თემურ ქურდიანი და არჩილ ბადრიაშილი სლოვენიაში, 16-დღიან შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ქართველ მთამსვლელთა გუნდი, რომელიც სლოვენიის მთებსა და იულიუსის ალპებში ლეგენდარული სლოვენიელი მთამსვლელის, მარკო პრეზელის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ქართული გუნდის (ნაკრების) შერჩევა ეტაპობრივად, სპორტსმენთა აქტური სტატუსის, რეიტინგისა და სპეციალურად ჩატარებული ვარჯიშების დაჯამების შემდეგ მოხდა.

გთავაზობთ, შეკრების შესახებ, არჩილ ბადრიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერს:

„ეს გაცვლითი პროგრამა 2017 წელს ჩემი და ლეგენდარული სლოვენიელი მთამსვლელის მარკო პრეზელის ინიციატივით დაიწყო. 2018 წელს მარკო და 7 ახალგაზრდა ჩამოვიდნენ სტუმრად სვანეთში, სადაც განხორციელდა ასვლა უშბასა და ერთობლივი - დასავლეთ შხარაზე. ამჯერად სლოვენიაში გაძლიერებული შემადგენლობით წავედით და მასპინძლებმაც სამი უმაღლესი დონის მთამვლელი დაამატეს საკუთარ გუნდს. ორივე შეკრების მიზანი იყო გამოცილების გაცვლა, ალპინიზმის სხვადასხვა კულტურის გაცნობა.

სლოვენიის სკოლა ერთერთი უძლიერესია დღევანდელ სამყაროში. მათი სწრაფი და მსუბუქი სტილი და თოვლ-ყინულოვან კლდეებზე ყინულის ინსტრუმენტებით გადაადგილების ტექნიკა ჩვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ქართული სკოლა თავიდანვე სხვა ტექნიკაზე ორიენტირდებოდა, ამიტომ საჭიროა ორივე მხრივ დახვეწა, თუ გვინდა მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ყოფნა პერმანენტულ ხასიათს ატარებდეს.

იქაური მწვერვალები 2000-2864 მ-ია, თუმცა მთელი ქვეყანა დახუნძლულია მაღალი კედლებით და მთებით, კლდის ქანი კი ისეთია, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის მაღალი ფიზიკური და გონებრივი ძალის კონცენტრაციაა საჭირო.

ვისაც გაინტერესებთ, იხილეთ მოკლე აღწერა ჩვენი ასვლებისა და ვარჯიშების:

დღე 1: გაფრენა ლიუბლიანაში. შესვლა ლოგარის ხეობაში, ცენტრალური სლოვნია.

დღე 2: მწ. ოისტრიცა 2,350 მ. 2 გუნდი, 2 სხვადასხვა საშუალოზე რთული გზით, ორივე გუნდი თავიდანვე ჩაება სწრაფ-მსუბუქ ასვლებში, რომელიც მხოლოდ რთულ და სახიფათო რელიეფზე გულისხმობს დაცვის გაკეთებას. მარშრუტი შეიცავდა ვერტიკალურ ყინულზე ცოცვას (დაცვით:) და ა.შ.

დღე 3: მწ. ტურსკა გორა; მეორე და მესამე ჯგუფის მიერ სამი კლდოვანი 'ექვსიანი სირთულის' '3-5 თოკის სიგრძე მულტიპიტჩის' გავლა ლოგარსკის ხეობაში.

დღე 4: დასვენება.

დღე 5: მწ. რადუჰა. სამი სხვადასხვა მარშრუტი ალეს ჩესენთან და ლუკა სტრაჟართან ერთად. სირთულეები: M4 - M5 (70-90 გრადუს კლდეზე ყინულის ინტრუმენტებით ცოცვის სირთულე).

დღე 6: ერთობლივი ვარჯიში კედელზე 'დრაითულინგში'. 7 სხვადასხვა მოკლე მარშრუტი, სირთულით M4 - M6+ პირველივე ცდზე გავლით (onsight)

დაბანაკება ჩრდილო-დასავლეთ სლოვენიაში, ტრიგლავის ალპებში.

დღე 7: ოსპი, სამხრეთ სლოვენია. ერთობლივი ვარჯიში სპორტულ ცოცვაში, onsight მარშრუტები : 6a+ - 7a. (და პირველი ცოცვითვე ჩამოსვლა ამ მარშრუტზე:)

დღე 8: ცუდი ამინდის მეორე დღე, იცადა რამოდენიმე მარშრუტის გავლა ტრიგლავის მთებში, თუმცა უშედეგოდ.

დღე 9: მწ. ნად შჩიტომ გლავიე და კიდევ ორი სხვაც, განსხვავებული, სასიარულოდან - M5-ის ჩათვლით სირთულის გზებით.

საღამოს შეხვედრა მარკო პრეზელთან და ლუკა ლინდიჩთან, სუფრა, პრეზენტაცია, საუბარი.

დღე 10: ერთობლივი შეკრების დასასრული. ქართველებმა გადავინაცვლეთ მოისტრანას სოფელში.

დღე 11: სამნი (ზურა, ბექა, გუა) წავიდნენ იტალიის საცოც რეგიონ არკოში.

სამნი (გიორგი, თემო, მე) დავრჩით ტრიგლავის ალპებში. სპორტული ცოცვა მოისტრანას კლდეებზე 6a+ - 6c+ (onsights).

დღე 12: ჩვენი სამეული ავიდა დებელა პეჩის აღმოსავლელთით მდებარე მწვერვალზე (2000 მ) ჩრდილო კედლით, არაა გამორიცხული ახალი ვარიანტიც:)) დაშვება იყო განსაკუთრებული თავგადასავალი - ვერტიკალურთან ახლო დახრის ტყეში დაშვება.

დღე 13: დასვენების დღე; ამის შემდეგ მთაში ამინდი გაუარესდა. 14 და 15 მარტს ვიყავით იტალიასა და ხორვატიაში, საკუთარი სურვილითა და ხარჯებით. 16-ში კი ლიუბლიანადან გამოვფრინდით თბილისში.

  • რაც შეეხება ჯანმრთელობას. მე მესამე დღეს მივიღე მუხლის ტრავმა, რამაც განსაკუთრებით ბოლო ასვლების დროს იჩინა თავი. ხოლო გურამმა და ბექამ მე-6 დღეს მიიღეს კუნთების დაბეჟილობა ვარჯიშის დროს, რომელიც გურამთან აღინიშნებოდა სისხლჩაქცევითაც, მის მორჩენას რამოდენიმე დღე დასჭირდა.
  • პირველ რიგში მადლობა Alpine Association of Slovenia-ს და მარკო პრეზელს, ინიციატივაზე პასუხის, ძირითადი ფინანსებისა და ლოჯისტიკის საკუთარ თავზე აღებისათვის.

მადლობა საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური და აღჭურვილობით დახმარებისათვის.

მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს!

  • იმედი გვაქვს, ეს გამოცდილება კარგი ამბების საწინდარი იქნება სპორტული მიღწევებისთვის და მეტი ადამიანი მოინდომებს მთაში სიარულს. ჩვენ, სპორტსმენებსაც იმედია სულ უკეთესი მზაობა გვექნება გამოცდილების გაზიარებისთვის ძველი და ახალი მეგობრებისათვის!"

ექსპედიციის ფოტო