საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის მორიგი ეტაპები გუდაურში
საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის მორიგი ეტაპები გუდაურში
14.03.2019
ავტორი:

სნოუბორდ-კროსის შემდეგ, 15-17 მარტს გუდაური ისევ დარჩება სათხილამურო სპორტის მოყვარულების ყურადღების ცენტრში. ამჯერად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრება და ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სქი ქროსის სახეობაში.

თუმცა, მანამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილიმა უკვე გამართული სნოუბორდ-კროსის ეტაპი შეაჯამა:  „ამ რანგის შეჯიბრის ჩატარება საქართველოსთვის უპრეცედენტოა. მომავალ წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო მსოფლიო თასის ეტაპები დაგვემატება. ყველა დღე და სეზონი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. სახელმწიფო პასუხისმგებლობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით ჩატარებაში, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გარდა, ის წარმატებული ადამიანებიც უდგანან გვერდში, რომლებსაც მთის სიყვარული აერთიანებთ და სრულად აქვთ გააზრებული თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ამ შეჯიბრებების წარმატებით და უნაკლოდ ჩატარებას".




გუდაურში ჩატარებული ევროპის თასის სნოუბორდისა და სკი კროსის ეტაპების გასამართად სპეციალურად გუდაურში რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები და მთაში მომუშავე პროფესიონალები ჩამოვიდნენ. შეჯიბრების ორგანიზების პროცესში გუდაურის ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის სრულად არის ჩართული. მოხალისეების ჯგუფებს სათავეში, საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წარმატებული სპორტსმენები: ალექსი ბენიაიძე, ჯაბა გელაშვილი, გოგა ობგაიძე, დაჩი ბუჩუკური და სხვანი ჩაუდგნენ.  მათ საორგანიზაციო საკითხებში ასევე ეხმარება, 2012-2014 წლდებში საქართველოს ძირითადი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ლაზარინი.

„სწორედ, მათი ერთობლივი, დაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებმა წარმატებით და მაღალ დონეზე ჩაიარა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველოსთვის საპატიო ადგილის დასამკვირდებად წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.  მომავალი სქი ქროსის მოხალისეების ჯგუფს ფედერაციაში შემოსული განაცხადების მიხედვით, ახალი ნაკადი დაემატება.  წარმატებული და შემდგარი ადამიანების ასეთი აქტივობა შეჯიბრების ორგანიზებაში საგულისხმოა და იმედის მომცემი... მინდა ხაზგასმით აღვნიშნო 'ვაით რებითის' (White Rabbit ) სრულიად განსაკუთრებული წვლილი ევროპის თასის ეტაპების საშეჯიბრო ტრასის გამართვაში, რომლებიც ფრანგ კოლეგასთან ერთად 24/7ზე მუშაობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", - ამბობს ეკატერინე გაბაშვილი.




სნოუბორდ-კროსის შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, ხვალიდან, 15 მარტიდან გუდაური მორიგ საერთაშორისო სტარტებს უმასპინძლებს, ამჯერად სქი-კროსში, რომელიც ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა.

შეჯიბრისას ოთხი სპორტსმენი ერთდროულად იღებს სტარტს და სხვადასხვა დაბრკოლებებიანი, სპეციფიკური ტრასის გავლას მინიმალურ დროში ცდილობს. 

შეჯიბრებაში 13 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.

ასპარეზობის პირველ დღეს, 15 მარტ,  FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის.  16-17 მარტს კი, FIS-ის ევროპის თასის ეტაპები.




შეგახსენებთ, რომ  2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.  მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტებზე, მსავსი შეჯიბრებები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ-კროსში და სკი-კროსში, საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.