საქართველო U17 - აზერბაიჯანი U17 0-0
საქართველო U17 - აზერბაიჯანი U17 0-0
13.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" დღეს, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ, 0-0 ითამაშა.  

მიუხედავად ორი განსხვავებული ტაიმისა, თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, რეალური სახიფათო მომენტები მხოლოდ, მეორე ტაიმში და ისიც სტუმართა კართან შეიქმნა რამდენჯერმე. საქართველოს ნაკრების თამაში შეცვლაზე შემოსულმა მარიამ რომანჩუკმა გაამწვავა. სწორედ, მას ჰქონდა შანსი, ამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნის. თუმცა, მეკარესთან პირისპირ გასულმა შეტევა ვერ დააგვირგვინა. მომდევნო მომენტებში კი გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა ანასტასია ბოლქვაძეს.  




 „დღევანდელ შეხვედრაში ფრე იყო ლოგიკური შედეგი. ელიტ-რაუნდში გამგზავრებამდე, ერთის მხრივ, ეს არ არის ცუდი, რადგან გუნდს მეტი მოტივაცია ექენება და გოგონები მოგებისთვის განეწყობიან. პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ველოდით. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გუნდმა ბევრად უკეთ ჩაატარა და გვაჩვენა ის, რასაც ჩვენ მათგან ვითოხვთ. საერთო ჯამში, კარგი სპარინგი გამოვიდა", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს 17 -წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




მართლაც, საერთო ჯამში, მთელი შეხვედრის მანძილზე, ჩვენი ნაკრების თამაშს თუ რამე დაეწუნებოდა, პირველ ტაიმში თვითდაჯერების ნაკლებობა და ამ მხრივ, პასიურობა იყო. ეს კი, განსაკუთრებით მეორე ტაიმის ბოლოსკენ, საერთოდ აღარ იგრძნობოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მომენტი თითქმის არ შექმნილა, ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის გააზრებულ თამაშზე მიუთითებს. თუმცა, ბუნებრივია, ელიტ-რაუნდისას კიდევ უფრო სხვა მოცემულობა იქნება. ალბათ, ისევე, როგორც დღევანდელი მეტოქეების მეორე სპარინგის დროს, რომელიც 15 მარტს, კვლავ 14:00 სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9-18 მარტის ჩათვლით ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას გადის. 19 მარტს გამთენიისას კი, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრება, სადაც 21 მარტიდან ელიტ-რაუნდში დაიწყებს ასპარეზობას. აღნიშნული რანგის ტურნირში საქართველოს 17-წლამდე ქალთა  ნაკრები, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

ასევე იხილეთ