2019 წლის ორიდან ერთ ამხანაგურში ხორვატიის წინააღმდეგ
2019 წლის ორიდან ერთ ამხანაგურში ხორვატიის წინააღმდეგ
18.02.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. სფფ-ს ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის ბოლო მატჩს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების ურთიერთდაპირისპირებებს, ამ ქვეყნის ნაკრებებს სულ ორი მატჩი აქვს გამართული. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლევან კობიაშვილის გოლით ჩვენმა გუნდმა თბილისში ხორვატია 1-0 დაამარცხა. მეორე შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 1-2 წააგო. ქალაქ სპლიტში ქართველთაგან გოლის ავტორი ჯაბა კანკავა იყო.

სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის გუნდი 19 ნოემბერს, ხორვატიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. მატჩის მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით გაირკვევა. მოგვიანებით გახდება ცნობილი საქართველოს კიდევ ერთი სპარინგის ვინაობა, რომელსაც ჩვენი ნაკრები კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში სექტემბერში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთგუნდიან ჯგუფში ასპარეზობს, შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს მიმდინარე წელს სულ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნება.

2020 წლის უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერთ თვეში, 23 მარტს თბილისში, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს კი, კვლავ შვეიცარიელების წინააღმდეგ სავარაუდოდ ლუცერნში 15 ნოემბერს ჩაატარებს.