შენგელიას და ბითაძის გარეშე, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა
შენგელიას და ბითაძის გარეშე, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა
19.02.2019
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთშია. ქართველთა ბერძენი მწვრთნელის ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლეონში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს ნაკრებს 2 საფეხურიანი სასწაული სჭირდება, ქართველებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგონ, ხოლო სერბებმა ორივე დარჩენილი მატჩი წააგონ.

„რეალისტები უნდა ვიყოთ. ძალა არ დავიშურეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მაგრამ იმ გუნდთან, ვის მაგივრადაც უნდა გვეთამაშა მსოფლიოზე, ვერაფერი გავაწყვეთ. სერბეთს ვერ გავასწარით. თუმცა, ძალიან ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რადგან ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. იყო დასანანი მარცხებიც. მაგალითად, საბერძნეთთან, თბილისში, ბოლო წამზე დავთმეთ თითქმის მოგებული შეხვედრა. ლაპარაკია ძალიან ძლიერ საბერძნეთზე... მთავარია, მომდევნო წელს კარგად მომზადებულები და ორგანიზებულები შევხვდეთ. მომავალ ზაფხულს უნდა მოვაწყოთ ერთგვარი კემპი ახალგაზრდებზე დასაკვირვებლად და მათ განსავითარებლად. თუმცა არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც. მაგალითად, მამუკელაშვილი, რომლისთვისაც ეს მომენტი მშვენიერი იქნებოდა საქართველოს ნაკრებთან მოსამზადებლად. თუმცა, ის ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს და სასწავლებელი უფლებას არ აძლევს შუა სეზონში დატოვოს გუნდი. ეს ნორმალურია. უბრალოდ სისტემის შეცდომაა. ახალი გუნდის მშენებლობა დაწყებული გვაქვს, მაგრამ საჭიროა კალათბურთელების მეტად ერთად ყოფნა. გვჭირდება დრო და მოთმინება. მოთმინება სჭირდება ყველას ჩვენ, გულშემატკივარს, რადგან კარგად მოგეხსენებათ, ერთ დღეში არაფერი შენდება", - ამბობს ილიას ზუროსი, საბერძნეთში გამგზავრებამდე, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშის დროს ქართულ მედიასთან.

საბერძნეთში, საქართველოს ნაკრები 11 კალათბურთელით გაემგზავრა. ადგილზე გუნდს თად მაკფადენიც შეუერთდება.  დღესვე 19 თებერვალს, ზუროსის გუნდი "Dyo Aorakia" არენაზე პირველ ავარჯიშს ჩაატარებს. ელინთა მიწაზე, ქართველთა ბერძენი მწვრთნელის განკარგულებაში არიან: გიორგი ცინცაძე („ალ-შამალი" ყატარი), თედ მაკფადენი („გრან-კანარია" ესპანეთი ACB), რატი ანდრონიკაშვილი („ბურგოსი" U18, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე („დელტა", თბილისი), დუდა სანაძე („რადომი" პოლონეთი), მიხეილ ჭოჭუა („დინამო" თბილისი), მერაბ ბოქოლიშვილი („დინამო" თბილისი), მიხეილ ბერიშვილი („ალ-შამალი" ყატარი), ილია ლონდარიძე („შსს-აკადემია ტიტები"), გიორგი შერმადინი („უნიკახა" ესპანეთი ABC), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი"), ბექა ბექაური („დელტა" თბილისი).

„მეტოქეს, კარგი და გამოცდილი გუნდი ჰყავს. მხოლოდ, ბურუსისს არ ვგულისხმობ, რომელიც "რეალში" თამაშობდა. სხვა ბევრი კარგი კალათბურთელი ჰყავთ. მართალია, ისინი ამჟამად ევროლიგის კლუბებს არ წარმოადგენენ, მაგრამ საბერძნეთში მაღალი დონის კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ავიღოთ კალათბურთელები „აეკ"-იდან, ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული. საბერძნეთში არიან „პაოკის" მოთამაშეები, რომლებიც წლეულს ევროთასებზე მშვენივრად გამოდიან. "არისში" თამაშობს ნაკრების წევრი ბოხორიდისი, რომელსაც "პანათინაიკოსში" თამაშის გამოცდილება აქვს. ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ, როგორც დაგპირდით, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ამბობს ილიას ზუროსი.

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელს თანასის სკურტოპულოსს, საქართელოსთან და გერმანიასთან მატჩებისთის 14 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი და დიმიტრიოს მავროეიდისი.

ბერძნებთან თამაშამდე, 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს "Dyo Aorakia" არენაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშებს. 21 თებერვალს კი, თბილისის დროით 10:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს. თუმცა, პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგებით, მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. ბერძნებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება და უკვე მომდევნო დღეს, 24 თებერვალს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.