ჭიდაობის ფედერაციასთან დილიდან სათათბიროდ იკრიბებიან
ჭიდაობის ფედერაციასთან დილიდან სათათბიროდ იკრიბებიან
23.01.2019
ავტორი:

ჭიდაობის ფედერაციასთან 23 იანვარს 14:00 საათზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ის ნაწილი შეიკრიბება, რომლებიც ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. გეგა გეგეშიძე შსს-მ 2019 წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლა, ხალიჩის მიღმა ჩხუბით დასრულდა. ევროპის ჩემპიონების - ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის მხარდამჭერებს შორის ხელჩართული ბრძოლის განსამუხტად სპორტის სასახლის დაცვის სამსახურს რამდენიმე წუთი დასჭირდა.

ინციდენტი მას შემდეგ აგორდა, რაც შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დათუნაშვილი ტურნირზე უცხოეთიდან მოწვეულ გვერდით მსაჯთან მივიდა და მისი გადაწყვეტილება გააპროტესტა. დათუნაშვილის მწვრთნელის საქციელმა კიდევ უფრო დაძაბა დარბაზში სიტუაცია და მალე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ოღონდ მსაჯები ამ შემთხვევაში უკვე აღარავის ახსოვდა.

მაშინვე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზურაბ დათუნაშვილი შეჯიბრებიდან მოხსნეს და ჩემპიონად რობერტ კობლიაშვილი გამოცხადდა. ფედერაციის გენერალური მდივნის გიორგი კიკაბიძის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომისიას ამ კვირაში უნდა ემსჯელა. თუმცა, მოჭიდავეთათვის კვირა არა სადისციპლინო კომიისიის სხდომოთ, არამედ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენებით დაიწყო. მთელი დღის მანძილზე, დიღმის მასივში მდებარე პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა აქცია მიმდინარეობდა.  აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სხავდასხვა თაობის მოჭიდავეები მზად იყვნენ დამსხდარიყვნენ და მომხდარზე „ოჯახში" ელაპარაკათ.  უკვე მომხდარის თაობაზე კი, ჭიდაობის ქართველ ქომაგებს ბოდიშს უხდიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, სწორედ ჭიდაობის ფედერაცია აღიარეს წლის საუკეთესო ფედერაციად. მოჭიდავეებისთვის კი 2019 წელი უსიამოვნო ხმაურით დაიწყო.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო