„ცხინვალი“ და „დინამო თბილისი“ ფინალში
„ცხინვალი“ და „დინამო თბილისი“ ფინალში
12.01.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ზამთრის თასის" გათამაშების მეორე საასპარეზო დღეს, 45 წუთიანი შუალედით თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზის შემდეგ, მთავარ არენაზეც 2019 წლის გათამაშების კიდევ ერთი ფინალური საგზური „დინამო თბილისმა" მოიგო. 15-წლამდე დინამოელების მსგავსად, ხვალ 13 იანვარს, „ზამთრის თასი 2019"-ის ფინალში, მხოლოდ ამჯერად მთავარ ტურნირზე, „დინამო თბილისი" ითამაშებს. თბილისელები, „ცხინვალს" დაუპირისპირდებიან, რომლებთანაც ტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, 1 ბურთის სხვაობით დასთმეს. ფინალური მატჩი 18:45 წუთზე, ფეხბურთის ლეგენდების ფინალამდე გაიმართება.

ეს იქნება, ხვალ, მანამდე კი „ზამთრის თასი 2019"-ის გათამაშების მეორე დღის ქრონიკას გადავხედოთ.




12 იანვარს, ასპარეზობა „გ" ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა. წილისყრით ისე მოხდა, რომ „ზამთრის თასის" წინა ორი გათამაშების გამარჯვებული გუნდები „გაგრა" და „ლოკომოტივი" (ტურნირის მოქმედი ჩემპიონი) ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ. სამგუნდიან ქვეჯგუფში, „ზამთრის თასის" პირველმა მფლობელმა „გაგრამ" 6 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა,  მეორეზე - თბილისის „ლოკომოტივი". ბოლო, მესამე ადგილი და 0 ქულა, „ნორჩ დინამოს" ერგო, რომელიც შარშანდელი გათამაშებიდან განსხვავებით, 2019 წელს ჯგუფში ჩარჩა.

„გაგრა" -  „ნორჩი დინამო"    3-1

„ნორჩი დინამო" - „ლოკომოტივი"  2-7

„ლოკომოტივი"- „გაგრა" 3-6


საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდგა „დ" ჯგუფი შეხვედრები. ქუთაისის „ტორპედო", ლოგიკურად ჯგუფში ფავორიტად იყო მიცნეული, თუმცა დარბაზის ფეხბურთის სათამაშოდ, ქუთაისელებმა თბილისში, „ტორპედოს" 17-წლამდე გუნდი გამოუშვეს. დარბაზის ფეხბურთში გამოუცდელი ქუთათურები კი ჯგუფის ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1-6 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.  შესაბამისად, ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ლიგა 2-ის ბინადარი „შევარდენი 1906" და ელიგის მონაწილე „რუსთავი" გავიდნენ, რომელიც „ზამთრის თასზე" ნახევრად ახალგაზრდული შემაგდენლობით თამაშობდა და თან „შევარდენი 1906"-თან დიდი ანგარიშით 4-10 წააგო. სხვათა შორის, მიმდინარე ტურნირზე, „შევარდენი 1906"-„რუსთავის" შეხვედრა, ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. 

„ტორპედო"-  „რუსთავი" 1-6

„რუსთავი" -„შევარდენი 1906" 4-10

„შევარდენი 1906" - „ტორპედო" 6-1


¼ ფინალები

 მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ¼ ფინალში,  „გაგრა"-„რუსთავს",  „ლოკომოტივი" კი "შევარდენი 1906" დაუპირისპირდა.




„გაგრა" - „რუსთავი" 1-2

დღევანდელი სათამაშო დღის პირველ ¼ -ფინალური დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საერთო ჯამში, გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა. შეხვედრაში ანგარიში „რუსთავში" „დინამოს აკადემიიდან" გადასულმა პაატა კიტეიშვილმა მე-6 წუთზე გახსნა.  პირველი ტაიმიც რუსთაველებმა მოიგეს. „გაგრამ" ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრა. გოლი თენგიზ ბრეგვაძემ გაიტანა. მატჩის მიწურულს კი ლუკა სილაგაძემ საქმე პენალტებამდე არ მიიყვანა და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ამ მატჩის გოლების სტატისტიკა ასეთია: 0-1 კიტეიშვილი (6), 1-1 ბრეგვაძე (16), 1-2 სილაგაძე (21)




„შევარდენი 1906" - „ლოკომოტივი" 0-6

დიდი ანგარიშით, 6 უპასუხო გოლით მოიგო თბილისი „ლოკომოტვმა"  მეორე თბილისურ კლუბს „შევარდენი 1906"-ს, რომელიც თავის მხრივ, გამოცდილი, მათ შორის დარბაზის ფეხბურთში გამოცდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

შეხვედრის საწყისი წუთები ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს „ლოკომოტივმა" ორი უპასუხო ბურთი გაიტანა და როგორც მოგვიანებით აშკარა გახდა, გადამწყვეტ უპირატესობასაც დაეუფლა. პირველ ტაიმში თორნიკე კირკიტაძემ დუბლი შეასრულა. „ლოკომოტივმა" კი, მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და ½ ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ მატჩის გოლების სტატისტიკა ასეთია: 0-1 კირკიტაძე (9), 0-2 კირკიტაძე (11), 0-3 უბილავა (13), 0-4 უბილავა (19), 0-5 კიკაბიძე (23), 0-6 კობახიძე (24)


½ ფინალები

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ნახევარფინალური მატჩებიც გაიმართა.




„ცხინვალი" -  „ლოკომოტივი" 3-0

ამ ნახევარფინალიური დაპირისპირების შემდეგ, ლევან ქურდაძე „ზამთრის თასი 2019"-ს ბომბარდირთა სიას 7  გატანილი გოლით ჩაუდგა სათავეში. გამოცდილმა მცველმა შეხვედრის მე-8 და მე-11 წუთებზე ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და თავის ყოფილ კლუბს, „ზამთრის თასის" გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაურთულა. საბოლოოდ, კი ისე გამოვიდა, რომ ყოფილი თანაგუნდელის გოლებმა, „ლოკომოტივი" გატეხა და შეხვედრაც წააგო. „ცხინვალი" კი „ზამთრის თასის" ფინალშია.

ამ მატჩის გოლების სტატისტიკა ასეთია: 1-0 ლ. ქურდაძე (8), 2-0 ლ. ქურდაძე (11), 3-0 გ. ქურდაძე (23)




„დინამო თბილისი" - „რუსთავი" 5-3

ბომბარდირთა დავაში, კვლავ ერთი ბურთით ნაკლები აქვს გატანილი გიორგი მოისწრაფიშვილს. ახალგაზრდა დინამოელმა ½ ფინალში კიდევ 2 გოლის გატანა შესძლო და ახლა 6 გოლი და წინ ფინალური მატჩი აქვს სათამაშო.  „დინამო თბილისისა" და „რუსთავის" შეხვედრა კი უხვგოლიანი, საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ანგარიში სწრაფად, მე-4 წუთზე სწორედ მოისწრაფიშვილმა გახსნა. კიდევ 2 წუთში „რუსთავმა" და „დინამომ" გოლები გაცვალეს.  ეს ტაიმი თბილისელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. თითქმის ანალოგიურად გაგრძელდა მეორე ტაიმიც. თბილისელები სხვაობის გაზრდას 2 ბურთამდე ახერხებდნენ, რუსთაველები კი, კვლავ ამცირებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, ტაბლოზე მაინც 2-ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა. შევხვედრაც და ½ ფინალში საგზურიც „დინამო თბილისმა" მოიგო და „ზამთრის თასის" ფინალში, მეორედ მოახერხა გასვლა.   

ამ მატჩის გოლების სტატისტიკა ასეთია: 1-0 მოისწრაფიშვილი (4), 1-1 სილაგაძე (6), 2-1 ჭავჭანიძე (7), 3-1 აწყურელი (13), 3-2 ციცქიშვილი (15), 4-2 ჯანგველაძე (17), 4-3 ხუხუა (23), 5-3 მოისწრაფიშვილი (24)


***


„ზამთრის თასი 2019"-ის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "ცხინვალი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 18:45 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 11:00 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს 2018 წლის გათამაშების გამარჯვებული, თბილისის „ლოკომოტივი" და „რუსთავი" შეხვდებიან.

ამის შემდეგ, კი ლეგენდების ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშები დაიწყება.

16:00 ბავშვთა ტურნირის ფინალი ჩატარდება. მისი დასრულების შემდეგ, კი ლეგენდების ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართება. 18:45 საათზე „ზამთრის თასის" ფინალური შეხვედრა ჩატარდება. საფეხბურთო ზეიმს კი 13 იანვარს, ლეგენდების ფინალი დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თასი 2019-ზე დასწრება სრულიად უფასოა და დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორებისგან რამდენიმე სიურპრიზი ელით. ამის შესახევ სფფ ინფორმაციას რამდენიმე დღეა ავრცელებს. დღეს, კი ფედერაციის ფეისბუქ-გვერდით ცნობილი გახდა, რომ ის პირველი 500 გულშემატკივარი, რომელიც 13:00-15:00 საათამდე  მოვა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ევრო 2020-ის საქართველო-შვეიცარიის 2-2 ბილეთს მიიღებს საჩუქრად.