ჩისკო მუნიოსი ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ჩისკო მუნიოსი ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
12.01.2019
ავტორი:

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, ოფიციალურად გამოაცხადა დედაქალაქურ კლუბში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კლუბის გულშემატკივართა შორის საყვარელი ესპანელი ფეხბურთელის ჩისკოს დაბრუნების შესახებ. კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, რომ  ჩისკო მუნიოსი დინამოელთა გუნდის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდება. „დინამო ჩემს გულშია და აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ", - აცხადებს ესპანელი დინამოელი, რომელმაც ქართულ კლუბში თამაშის დროს,  ორჯერ ზედიზედ 2012-13 (24 გოლი) და 2013-2014 (19 გოლი) წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ჩისკო მუნიოსი, რომელიც „დინამო თბილისის" ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი და 2-ჯერაც ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. „დინამოელთა რიგებში" 2014 წლის 11 დეკემბერს, „დინამო არენაზე" ესპანელმა, ბოლო, გამოსამშვიდოებებლი შეხვედრა ჩაატარა და სწორედ, მის მიერ გატანილი გოლის წყალობით, „დინამო თბილისმა" „ჩიხურას" დამარცხება და საქართველოს სუპერთასის მოგება შესძლო. გატანილი გოლის შემდეგ, ჩისკომ ტირილი ვერ შეიკავა, ხოლო გასახდელისკენ მიმავალმა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდა.




საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დაბრუნებული, თითქმის 4 წლის შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კვლავ „დინამო თბილისის" ფორმით გამოცხადდა და „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თაისის" გათამაშების ½ ფინალს დაესწრო, რომელშიც „დინამო თბილისის" სახელით, საფეხბურთო კლუბის აკადემიის 17-19 წლის აღსაზრდელები ასპარეზობდნენ და „რუსთავის" დამარცხების შემდეგ, ფინალური საგზურის მოპოვება შესძლეს.




ოლიმპიურ სასახლეში, TSFF.GE-სთან საუბარში, ჩისკო მუნიოსმა აღნიშნა, რომ მოხარულია კვლავ თბილისში ყოფნით და მისთვის ნაცნობ გარემოშიც თავს კარგად გრძნობს. თუ კონკრეტულად რას ჩაიბარებს საქართველოში დაბრუნებული ესპანელი, ამის შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთო, გვითხრა ჩისკომ. ფაქტია, რომ ჩისკოსთან ერთად, თბილისში კიდევ რამდენიმე ესპანელი იმყოფება. მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი ფეხბურთელი ფრან კარბია არის, რომელთანაც თბილისურმა კლუბმა  ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ესპანელი „ხიმნასტიკის" აღზრდილია, გამოდიოდა „პობლა დე მაფუმეტში". 2013 წლიდან კი, სეგუნდა დივიზიონის „რეუს დეპორტიუში" ასპარეზობდა. ბუნებრივია, „დინამო თბილისში" ესპანელების მატება სწორედ ჩისკოს სახელს უკავშირდება.

საქართველოში, მოქმედი სპორტსმენის რანგში, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, ფაქტია, რომ ჩისკო მუნიოსმა დაპირება შეასრულა და პირველივე შესაძლებლობისას,  ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა.