„ზამთრის თასი 2019" - პირველი დღის ქრონიკა
„ზამთრის თასი 2019" - პირველი დღის ქრონიკა
11.01.2019
ავტორი:

მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" გათამაშების პირველი დღის შემდეგ, გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც 12 იანვარს ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ. „ა" ჯგუფში მოხვედრილი ორი გუნდი „ცხინვალი" და „დინამო თბილისი", „გ" და „დ" ჯგუფების თამაშების შედეგებს ელიან.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი „ზამთრის თასი 2019",  „ა" ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. მიმდინარე გათამაშებაში ეს იყო, ერთადერთი ჯგუფი, სადაც თავი ოთხმა გუნდმა მოიყარა. შესაბამისად, ამ ჯგუფში მოხვედრილ „დინამო თბილისს", „ვიტ ჯორჯიას", ბოლნისის „სიონსა" და „ცხინვალს" თითო თამაშით მეტის ჩატარება მოუხდა, ვიდრე, მომდევნო ჯგუფებში გადანაწილებულ გუნდებს.

„ცხინვალმა", რომელიც „ზამთრის თასის" გათამაშებაში დარბაზის ფეხბურთში გამობრძმედილი „თავისუფალი აგენტებით" გაძლიერდა, ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ამ ჯგუფში, საკმაოდ დაძაბული გამოდგა სწორედ, „ცხინვალისა" და „დინამო თბილისის" შეხვედრა, სადაც გამარჯვებული, 1-მა გოლმა გამოავლინა. დარბაზის ფეხბურთში უფრო გამოცდილმა ცხინვალელებმა, „დინამო თბილისი", რომელიც ამ ტურნირზე ძირითადად აკადემიის 17-წლამდე და 19-წლამდე აღსაზრდელებით არის დაკომპლექტებული, მინიმალური ანგარიშით 2-3 დაამარცხეს. მიუხედავად ამ მარცხისა, დინამოელები მეორე ადგილზე გავიდნენ და მოგვიანებით ¼-იც ითამაშეს.

„ა" ჯგუფში შეხვედრები ასე დამთავრდა:

„ვიტ ჯორჯია" - „ცხინვალი" 2-4

„დინამო თბილისი" - „სიონი" 4-1

„ვიტ ჯორჯია" - „დინამო თბილისი" 1-2

„ცხინვალი" - „სიონი" 7-2

„დინამო თბილისი"- „ცხინვალი" 2-3

„სიონი" - „ვიტ ჯორჯია" 4-1




არანაკლებ საინტერესო გამოდგა „ბ" ჯგუფის შეხვედრებიც. განსაკუთრებით, ბოლო, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსა" და ლიგა 2-ის ბინადარ „თელავს" შორის. „საბურთალოს", რომელსაც მანამდე გორის „დილასთან" ჰქონდა წაგებული შეხვედრა, თელაველებთან გამარჯვება აძლევდა მხოლოდ ხელს. თუმცა, საბოლოოდ, ჯგუფის გამარჯვებული 6 ქულით „თელავი" გახდა. გუნდმა, ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილი და მეოთხედფინალში თამაშის უფლება კი გორის „დილამ" მოიპოვა.

ამ ჯგუფის შეხვედრები კი ასე დასრულდა:

„საბურთალო" - „დილა" 1-3

„დილა" - „თელავი" 0-3

„თელავი" - „ საბურთალო" 3-1

 



¼ ფინალები

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ¼ ფინალები გაიმართა. დებულების თანახმად, მეოთხედფინალში "ცხინვალმა" "ბ" ჯგუფის მეორე ადგილოსანთან „დილასთან" გაარკვია  უძლიერესის ვინაობა. „დინამო თბილისმა" კი, ამავე „ბ" ჯგუფის პირველადგილოსან „თელავთან". 

„ცხინვალი" - „დილა" 2-1

დრამატული გამოდგა "ცხინვალისა" და "დილას" დაპირისპირება. გორელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ. თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთზე დამარცხდნენ. ამ მატჩში, გორელთაგან ერთადერთი გოლი გია ჩადუნელმა გიიტანა. ცხინვალელთაგან კი ანგარიში გიორგი ქურდაძემ გაათანაბრა. მატჩის დამთავრებამდე წუთიც კი არ იყო დარჩენილი და ყველა, პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როდესაც გიორგი მაღალდაძემ „ცხინვალს" ½ ფინალის საგზური მოუტანა.




„თელავი" - „დინამო თბილისი" 3-5

¼ ფინალში ახალგაზრდა დინამოელები უფრო თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ჯგუფური შეხვედრების დროს. ანგარიში მე-6 წუთზე გიგა გულდედავამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე კი, შესაძლოა, „ზამთრის თასი 2019"-ის ერთ-ერთი ულამაზესი გოლით დინამოელები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დაძაბულად და საინტერსოდ წარიმართა. საბოლოო წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა დინამოელთა კარის მცველსაც. მეორე ტაიმის სტარტზე, კახაბერ კაკაშვილის გუნდმა, გულდედავას 2 გოლს კიდევ ორი დაუმატა და 4-0 დაწინაურდა. თუმცა, გამოცდილმა და საკმაოდ საინტერესო კახურმა გუნდმა, ბოლომდე იბრძოლა და მატჩი, მხოლოდ 2-ბურთანი სხვაობით წააგო.

ამ მატჩის გოლების სტატისტიკა ასეთია: 0-1 გულდედავა (6), 0-2 გულდედავა (13), 0-3 ჯანგველაძე (15), 0-4 აწყურელი (17), 1-4 რუხაძე (17), 1-5 აწყურელი (18), 2-5 ნ. ბაშელეიშვილი (22), 3-5 ნ. ბაშელეიშვილი (23).


ბომბარდირები:

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობის პირველი დღის შემდეგ, „ზამთრის თასი" 2019-ის ბომბარდირთა დავაში „ცხინვალიდან" ლევან ქურდაძე 5 გატანილი გოლით და ახალგაზრდა დინამოელი, გიორგი მოისწრაფიშვილი (4 გოლი) დაწინაურდნენ.  ორივე ფეხბურთელს ხვალინდელი დღის ბოლოს ½ ფინალში ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი ეძლევა. თუმცა, არაა გამორიცხული და დიდი ალბათობით, მათ დავაში „გ" და „დ" ჯგუფში მოასპარეზე ფეხბურთელებიც ჩაებმებიან.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასი 2019"-ის  მეორე სათამაშო დღე, 12 იანვარს, დილის 10:00-დან დაიწყება.