„ვიტ ჯორჯია“ ზამთრის თასის გათამაშებას გამოეთიშა
„ვიტ ჯორჯია“ ზამთრის თასის გათამაშებას გამოეთიშა
11.01.2019
ავტორი:

ეროვნულ ლიგაში ამოსულმა „ვიტ ჯორჯიამ" 2019 წლის სეზონისთვის სამზადისი „დ. პეტრიაშვილის ზამთრის თასის" გათამაშებაში ახალგაზრდული შემადგენლობით დაიწყო. გუნდმა დღეს, „ა" ჯგუფის 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა წააგო: „ცხინვალთან" 4-2, „დინამო თბილისთან" 2-1 და „სიონთან" 4-3.

„2018 წლის საფეხბურთო სეზონი ჩვენი გუნდისთვის გვიან დასრულდა. ვგულისხმობ პლე-ოფებს, სადაც თამაში მოგვიწია. ამიტომ, იმ შემთხვევაში თუკი, ამ ტურნირში ძირითადი გუნდით მივიღებდით მონაწილეობას, ფეხბურთელებს, დასასვენებლად ნაკლები დრო დარჩებოდათ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ „ზამთრის თასზე" მეორე გუნდი გამოსულიყო. დიდი გუნისთვის კი, ძალების მოსაკრებად მეტი დრო მიგვეცა", - ამბობს ირაკლი ხვედელიანი, კლუბის მენეჯერი, TSFF.GE-სთან საუბარში.

ახალი სეზონისთვის სამზადისს, „ვიტ ჯორჯია" მეორე დღეა შეუდგა. ამ ეტაპისთვის ფეხბურთელები სეზონისწინა გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადიან. 16 იანვრიდან გუნდი ვარჯიშს უკვე მოედანზე, სრული დატვირთვით დაიწყებს. 28 იანვარს კი, საკონტროლო შეხვედრას „ცხინვალის" წინააღმდეგ ჩაატარებს. კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩში „ვიტ ჯორჯია" 4 თებერვალს, „გაგრას" დაუპირისპირდება.

„4 თებერვლის საკონტროლო მატჩის შემდეგ, ანტალიაში, ზამთრის შეკრებაზე გავემგზავრებით. ჩვენი გუნდის სატრანსფერო აქტივობები სეზონის დასრულებისთანავე გადაწყდა.  გუნდში ჩაირიცხა 5 ახალი ფეხბურთელი, რომლებთანაც უკვე გაფორმებულია სრულფასოვანო კონტრაქტები. თუმცა, ჯერჯერობით, მათ სახელებსა და გვარებოს დასახელებისგან კლუბის ოფიციალურ განცხადებამდე, თავს შევიკავებთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ მოთამაშეები სხვადასხვა პოზიციაზე დავიმატეთ - მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი. ასე, რომ წერტილოვანი სელექცია მოვახდინეთ საჭირო პოზიციაზე და კვალიფიციური ფეხბურთელები მოვიყვანეთ. ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს გუნდს გააძლიერებენ და დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან", - ამბობს ირაკლი ხვედელიანი.

კლუბის ახალწვეულების შესახებ, „ვიტ ჯირჯია" თურქეთის შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებს განცხადებას. ელიგაში დაბრუნებული კლუბი კი, რომელიც 21-წლიან ისტორიას ითვლის, ტრადიციას არ ჰღალატობს და გუნდში, მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები ჰყავს. „ვიტ ჯორჯია", ამ მიდგომით ქართულ ფეხბურთში საკუთარი ნიშის შენარჩუნებას აგრძელებს.