„ლოკომოტივი“ ტიტულის შესანარჩუნებლად ემზადება
„ლოკომოტივი“ ტიტულის შესანარჩუნებლად ემზადება
10.01.2019
ავტორი:

"დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" 2018 წლის მფლობელი თბილისის „ლოკომოტივი" ტიტულის შენარჩუნებას 2019 წლის გათამაშების დროსაც შეეცდება. აღნიშნულ ტურნირში „ლოკომოტივი" ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2018 წლის ფინალშიმ  „შევარდენი" 4-0 დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი, „ლოკომოტივის" კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა.

თბილისური კლუბი 2019 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად დღეს შეუდგა. საგურამოს ბაზაზე, დღეს გუნდმა პირველად ივარჯიშა. „ლოკომოტივთან" ერთად ივარჯიშა სანდრო გურეშიძემაც, რომელიც თბილისურ კლუბში ბოლნისის „სიონიდან" გადმოვიდა. ამ დროისთვის, ტრავმების გამო გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობენ მამია გავაშელიშვილი, უჩა ლობჟანიძე და ნიკა ჭანტურია. ახალი სეზონიდან, როგორც უკვე ოფიციალურად ცნობილია, გუნდთან ერთად ვერ იქნებიან რევაზ თევდორაძე  და ლევან ქურდაძე, რომლებსაც კლუბთან ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. ზურიკო დავითაშვილი კი,  კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 17 წლის ნახევარმცველმა, შეგახსენებთ, რომ ხელი ყაზანის „რუბინთან" მოაწერა.

არა გამორიცხული, უახლოეს დღეებში „ლოკომოტივის" კიდევ ერთ მატებაზე გავრცელდეს ინფორმაცია. არაოფიციალურად კი, ახალგაზრდა მეკარის დემეტრე ბულისკერიას განათხოვრების თაობაზე „ლოკომოტივსა" და „დინამო თბილისს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ზამთრის თასის" გათამაშებას, შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი" 2019 წლის გათამაშებაში  „გ ჯგუფში" „გაგრასა" და „ნორჩ დინამოსთან" ერთად იასპარეზებს. პირველ მატჩში „ლოკომოტივი" 12 იანვარს, „ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდება, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი „გაგრას". საინტერესოა, რომ „ლოკომოტივს" ჯგუფშივე მოუწევს ურთიერთობის გარკვევა „ზამთრის თასის" პირველ, 2017 წლის გამარჯვებულ „გაგრასთან", რომელმაც 2018 წლის საფეხბურთო სეზონის დროს ბევრი სიურპრიზი შემოგვთვაზა.


სფფ-ს ფოტო (ლაშა კუპრაშვილი)