ქართული ჭიდაობა, ქართული გენეტიკის განუყოფელი ნაწილი
ქართული ჭიდაობა, ქართული გენეტიკის განუყოფელი ნაწილი
29.11.2018
ავტორი:

„საქართველო - „ჭიდაობა" საქართველოში - მოიცავს ჭიდაობის, მუსიკის, ცეკვისა და სპეციალური ტანსაცმლის ერთიანობას, საბრძოლო ხელოვნების უძველეს მიმდინარეობას წარმოადგენს, სპორტული სანახაობაა, რომელიც დღეს სოფლებსა და თემებში, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება" - ასეთი განმარტებით იწყება ქართული ჭიდაობის წარდგენა UNESCO-ს ვებ-გვერდზე, რომელსაც დღეს, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე, მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანეს.

ამიერიდან, „იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 4 ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლი ფიგურირებს - ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა და უკვე ქართული ჭიდაობა.

UNESCO-ს ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით 2014 წელს მიმართა. ორი წლის შემდებ, 2016 წელს ქართულ ჭიდაობას, ეროვნული კატეგორია მიენიჭა. სწორედ, ეს უნდა გამხდარიყო მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოსახვედრად პირველი ნაბიჯი.

საბოლოო პასუხამდე ქართული ჭიდაობის სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა ჩატარდა. ამ პერიოდში, შეისწავლეს, რა იყო ქართული ჭიდაობის ექსკლუზიურობა. დღეს კი, ზემოთ აღნიშნული სესიის დროს მისმა მონაწილეებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

 


მართა ბოკუჩავას ფოტო