11 მოედანზე, 17 ქომაგი და კიდევ, 200 მე-12!
11 მოედანზე, 17 ქომაგი და კიდევ, 200 მე-12!
15.11.2018
ავტორი:

ანდორაში, რომლის ტერიორია მხოლოდ 467,63 კვადრატული კილომეტრია და პირინეებში, საფრანგეთისა და ესპანეთის სახელმწიფოებს შორის მდებარეობს, დღეს, 200-ზე მეტი ქართველი „ესტადა ნაციონალზე" საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უქომაგებს.

უეფა-ს ერთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის რიგით მე-5 მატჩზე დასასწრებად საქართველოდან, ჩვენი ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბის 17 წარმომადგენელთან ერთად,რომლებიც დღეს, ბარსელონადან ანდორაში ჩამოვლენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველებიც  და სპეციალურად, ამ მატჩის საყურებლად საქართველოდან წამოსული გულშემატკივარიც შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ „ესტადა ნაციონალი" 3500 მაყურებელს იტევს.



საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც 4 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და არც ერთი მიღებული. ამ ტენდეციის შენარჩუნებას საქართველოს ეროვნული ნაკრები დღესაც შეეცდება, რომელსაც ანდორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ დაანონსებული ე.წ. „მატარებლის" გარღვევა მოუწევს.

„100 პროცენტიანი რეზულტატი გვაქვს, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და წარმატებული თამაშის გაგრძელება გვსურს. ანდორის წინააღმდეგ რა თქმა უნდა სამი ქულის მოპოვება გვსურს და ასევე არ გვინდა გოლი გავუშვათ. ყველამ ვიცით, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებთ თუ ქულათა შესაბამის რაოდენობას დავაგროვებთ", - ამბობს ვაკო გვილია.


 „ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ", - ამბობს გიორგი აბურჯანია.



„როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრისთვის მომავალი ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სახლში ვთამაშობთ. ამასთან ერთად ჩვენი მიზანია, რომ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგის პლეი-ოფს საკუთარ სტადიონზე ვუმასპინძლოთ.

ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბევრი მოთამაშე იმსასურებს თამაშს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია. აქედან გამომდინარე მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დააბალანსოს შემადგენლობა ისე, რომ მომავალ ორ თამაშში მაქსიმალური ენერგია გვქონდეს", - ამბობს გურამ კაშია.




საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც მთებში მოქცეულ პატარა სახელმწიფოში 12 ნოემბრიდან ემზადება ამაღლებული საბრძოლო განწყობაა. ბოლო ვარჯიშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის განკარგულებში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვაისმა, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა, რომ ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, შესაძლოა ახალი გვარები იყოს. ანდორასთან შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.