კვირიდან კვირამდე
კვირიდან კვირამდე
12.11.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, ანდორაში, უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი ჯგუფური შეხვედრის ჩასატარებლად შეიკრიბა. ვლადიმირ ვაისის გუნდი, ანდორა-ლა-ველაში, სატსტუმრო „ანდორა პარკ ჰოტელში" დაბინავდა. ჩვენი ნაკრები, უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს გამართავს. მატჩი, თბილისის დროით, 23:45 წუთიდან დაიწყება. ამ შეკრებაზე ტრავმების გამო, შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი.

უახლოესი ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა, ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არიან მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია),  გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ),  ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი („გეტებორგი", შვედეთი); თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

***  


ახალი კვირის ოფიციალურ სტარტებამდე, განვლილ კვირას გადავავლოთ თვალი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქართული სპორტის ისტორიაში. მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7-ჯერ გააუმჯობესა რეკორდი.  ლაშა ტალახაძე, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს. მას გარდა, კიდევ ორმა ქართველმა ძალოსანმა  ირაკლი თურმანიძემ და  რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

***



ირმა ხეცურიანი  მსოფლიო თაისის მფლობელი გახდა. ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 500 სპორტსმენი მონაწილეობდა და თბილისში გაიმართა ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ფინალში ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა ანგარიშით 15:3 დაამარცხა და მსოფლიოს თასს დაეუფლა. თბილისში გამართულ ტურნირს, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსიც დაესწრო.

ალბათ, გახსოვთ, რომ ირმა ხეცურიანმა შარშან, რომში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ქართველ ქალ სპორტსმენთა შორის, ირმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

***



კიდევ ერთი ქართველი ქალი, აღმოჩნდა განვლილ კვირას გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე.   ბუქარესტში გამართულ სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი მოჭიდავე ქალი ნინო ოძელაშვილი 72 კგ. წონით კატეგორიაშიმსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნინო ოძელაშვილი ჭიდაობა სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია. ნინოს გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც.

ვაჟთა შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვეს. კიდევ ერთი ბინჯაოს მედალი ქვემძიმეწონოსანმა დავით ლორიაშვილმა მიკერძოებული მსაჯობის გამო მიიღო. საერთო ჯამში, საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა ბუქარესტში, სულ 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს - მათგან 4 ოქროს, 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალია.

***



თითქმის 2 წლიანი შესვენების შემდეგ, პირველი შეკრება ჩაატარა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა. ქართველი გოგონები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან. მართალია, კენჭისყრა ჯერ არ გამართულა და არ ვიცით, თუ რომელ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენი მომავალი მეტოქეები დაახლოებით თრქეთის ნაკრების სიძლიერის გუნდები იქნებიან. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 8 და 11 ნოემბერს, ქართველმა ქალებმა, ტექნიკური ცენტრი „ბასას" მოედანზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს თურქებთან და ორივეში დამარცხდნენ, პირველში 0-2, ხოლო მეორე შეხვედრაში 0-5.


***



ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმაც. ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები აზერბაიჯანელი თანატოლები იყვნენ. მატჩამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი იქნებოდა და არ გამორიცხა, რომ ამ მიზეზით, თამაშში ხარვეზები იქნებოდა. მართლაც, ქართველ 19-წლამდელებს, პირველ ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობდა დარბაზთან შეგუება დასჭირდათ. ეს ტაიმი 0-1 წავაგეთ. მომდევნოში კი ორივე კარში 2-2 ბურთი გავიდა. ქართველებს ამ შეხვედრაში, თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყოთ. პირველი შეხვედრა სტუმრებმა, აზერბაიჯანელებმა 2-3 მოიგეს. სამაგიეროდ, 11 ნოემბერს, მეორე მატჩში, ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და დამაჯერებლად 10-3 გაიმარჯვეს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი, ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.

***




უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართული რაგბისთვის და დასანანი მარცხი.ქართველებმა ექვსი ერის კარი ვერ შეაღეს. ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე გამართულ სარაგბო დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს იტალიისა და საქართველოს ნაკრებები შეხვდნენ, თამაში თანაბარი ბრძოლაში წარიმართა. იტალიელებმა, ანგარიში ჯარიმით გახსნეს. რასაც, ჩვენებმა ლელოთი უპასუხეს და პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიშით, 7-3-საც იგებდნენ. თუმცა, ამის შემდეგ იტალიელებმა გადაწყობა მოახერხეს და პირველ შესვენებამდე ორი ლელოს დადება მოასწრეს, ანგარიში 18-7 გახდა. ამას საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მოთამაშის 10 წუთით გაძევება მოჰყვა და ჩვენმა გუნდმა ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა. მეორე ტაიმში იტალიელებმა კიდევ ორი ლელო დადეს. ქართველებმა კი, ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და ანგარიში 28-10 გახდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩვენს გუნდს ერთი ტექნიკური ლელო ჩაეთვალა და საბოლოოდ მატჩი იტალიელთა გამარჯვებით - 28-17 დასრულდა.

***



და ბოლოს, თითქმის ერთთვიანი დაგვიანებით ტრადიციული სტარტიდან და დუდუ დადიანის მემორიალის დასრულებიდან, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, სუპერლიგის რეგულარულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. შეგახსენებთ, რომ წელს, ნაცვლად 4 წრისა, გუნდები 2 წრედ ითამაშებენ. ასევე, განსხვავებით წინა ჩემპიონატისგან სუპერლიგაში 0-ის ნაცვლად 10 გუნდი მონაწილეობს. წლევანდელ ჩემპიონატში, დებიუტი აქვს, "შსს აკადემია ტიტებს", რომელმაც სასტარტო მატჩში 13-ქულიანი სხვაობით დაამარცხა თბილისის „დინამო", 60-73.

სხვა მატჩების ანგარიშები ასეთია:

„მგზავრები"- „დელტა"  81-74

„კაკტუსი"- „ოლიმპი"  78-74

„რუსთავი" - „ბათუმი" 70-73

„ქუთაისი" - „თსუ ჰიუნდაი" 80-73

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.


მასალაში გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო