პირველი თამაში 2 წლის შემდეგ
პირველი თამაში 2 წლის შემდეგ
08.11.2018
ავტორი:

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, 8 ნოემბერს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა. ქართველმა ქალებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება, თურქეთის ქალთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ქალთა ფეხბურთი საკმაოდ პოპულარულია და ქვეყნის მასშტაბით ქალთა 3 ლიგა ტარდება. თურქეთის ქალთა ნაკრები, ფიფა-ს რეიტინგში 2018 წლის მონაცემებით მე-60 ადგილზეა. საქართველო კი 106-ზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების ძირითადი ბირთვი, სწორედ თურქეთის ჩემპიონატში თამაშობს.




„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ საკმაოდ ძლიერ თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდით, რადგან მომავალ შესარჩევში სწორედ ასეთი დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ჩვენ წარმატებულად ასპარეზობა გვსურს. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ თამაშს, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მადლობას ვუხდი ჩვენს გოგოებს ბოლომდე ბრძოლისთვის, მათ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს. 100 პროცენტიანი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გავიტანეთ და შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. ვულოცავ თურქეთის ნაკრებს გამარჯვებას, ჩვენის მხრივ კი, გავაანალიზებთ თითოეულ შეცდომას და მომავალ შეხვედრაში მეტოქეს სხვა თამაშს დავუპირისპირებთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 




ნებისმიერ ქვეყანაში, სპორტის ამა თუ იმ სახეობების განსავითარებლად და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი ადგილების დასაკავებლად, კონკრეტული სახეობის მიმართ ქყვეყნის დამოკიდებულებაც ბევრს წყვეტს. „ბასაზე" საქართველო-თურქეთის ამხანაგური მატჩის საყურებლად თბილისში აკრედიტებული საელჩოს წარმომადგენლების გარდა, საქართველოში მყოფი თურქული სათვისტომოს წევრებიც ესწრებოდნენ და მთელი მატჩის მანძილზე ამხნევებდნენ საკუთარ გუნდს. რა დასამალია, და ჩვენთან, ქალთა ფეხბურთმა „თვალებში" 3 წლის წინ გამოიხედა. ბუნებრივია, აქცენტი ახალ თაობებზე არის გაკეთებული, რადგან იმ გოგონების დიდი ნაწილი, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, ქალთა ფეხბურთის მთელმა სიმძიმემ მათ მხრებზე გადაირა და ფეხბურთის სიყვარულის გამო, წლების წინ იძულებული იყვნენ უცხოურ კლუბებში გადახიზნულიყვნენ (რადგან საქართველოში, ელემენტარულად არ არსებობდა ქალთა საფეხბურთო გუნდები და არ ტარდებოდა ჩემპიონატი), რამდენიმე წელში აქტიური ფეხბურთიდან წავლენ. ახლა კი საქართველოში ქალთა ლიგა ტარდება და შესაბამისად მოქმედი ქალი ფეხბურთელების რიცხვიც (თუმცა, ისევ ასაკობრივი თვალსაზრისით) მომატებულია.




„ნაკრებში თაობათა ცვლა გვაქვს. ნახეთ, რომ დღეს დებიუტი ჰქონდათ მეკარე გაბუნიას, ასევე კალანდაძე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ორივე 2000 წელს არიან დაბადებულები. შეცვლაზე ვათამაშეთ 2002 წელს დაბადებული წოწერია. ნელ-ნელა ვცდილობთ, ახალგაზრდები ვათამაშოდ. თაობათა ცვლა, უნდა მოხდეს შერწყმულად, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად. მათგან უნდა ისწავლონ და ნელ-ნელა მიეჩვიონ ნაკრებს. სად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა უფრო გვაკლია? ჩვენთან ჩემპიონატი უკვე დიდი ხანია დასრულებულია. თურქეთში, სეზონი შუაშია და ფიზიკური მომზადების მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩემპიონატი მიდის, გაცილებით უკეთ ხარ მომზადებული. ვიდრე,  2 თვის დასრულებულზე. დღევანდელ თამაშში გამოჩნდა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ, ლეგიონერებს არ ვთვლი, დაგვეტყო. თურქეთი, ფიზიკურად ჩვენზე კარგად გაოიყურებოდა.", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.




მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თურქეთის გამარჯვებით 0-2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მეკარემ, სამი 100%-იანი გოლისგან იხსნა კარი. თუმცა, თურქებმა ეროვნულის დებიუტანტის, თათია გაბუნიას კარის აღება მატჩის მეორე ნახევარში მაინც მოახერხეს. 67-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვაში წარმოქმნილი არეულობით მელიქე ფექელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, 0-1. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბაჯელიძეს, ძირითადი შემადგენლობის 2 მცველი ნინო სუთიძე და ნათია სხირტლაძე უკვე გაყვანილი ჰყავდა მოედნიდან. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 88-ე წუთზე ებრუ თოფგლიმ შორეული საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.




„სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ იმისთვის, რომ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის პრობლემები აღმოვფხვრათ და ამ მნიშვნელოვან მატჩებს მზად შევხვდეთ. დღევანდელი შედეგი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ ამხანაგურ შეხვედრას უკეთ ვითამაშებთ", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, ნაკრების ფეხბურთელი.




ანგარიშის გათანაბრების საშუალება ჰქონდა საქართველოს ნაკრებს. ლელუ ჭიჭინაძემ, რამდენიმე მეტოქის მოტყუება, მათ შორის მეკარისაც მოახერხა და უხერული კუთხიდან ბურთი კარის მიმართულებით გაგზავნა. თუმცა, ბოლო მომენტში თურქთა მცველმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა მოახერხა.  აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრას, ფიფა-ს ქართველ არბირტთა ბრიგადა სჯიდა. გიორგი ვადაჭკორიას, ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილი ეხმარებოდნენ.




საქართველოსა და თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 11 ნოემბერს 14:00 საათზე, კვლავ ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" გაიმართება.


იხილეთ მატჩის ფოტო-ალბომი