ქალთა ეროვნული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება
ქალთა ეროვნული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება
07.11.2018
ავტორი:

თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, 8 და 11 ნოემბერს, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.  ორივე შეხვედრა, ადრე დაანონსებული „მიხეილ მესხის სტადიონის" ნაცვლად,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შედგება. თამაშები 14:00 დაიწყება. ამავე დროს, 7 ნოემბერს, „ბასაზე", ნაკრები ქართული მედიისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

ლევან ბაჯელიძემ, აღნიშნულ შეკრებაზე, რომელიც არასრული შემადგენლობით 2 ნოემბერს დაიწყო, საერთო ჯამში 20 ფეხბურთელს დაუძახა. გამოძახებულთა შორის არიან მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი", თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი"), თამარ ნადირაშვილი; მცველები: თამარ ქველიძე („კარლსრუე", გერმანია), თამარ ტატუაშვილი („ჰაქარიგუჯუ სპორი", თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი ( „ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), ანა ზაქაიძე („ნიკე", თბილისი), ნათია სხირტლაძე („ნიკე", თბილისი), ნინო სუთიძე; ნახევარმცველები: თეონა ბაქრაძე („ჰაქარიგუჯუ სპორი", თურქეთი), თამარ დოლიძე („დინამო", ბათუმი), ნინო პასიკაშვილი („ნიკე", თბილისი), თეონა თოდაძე („ნიკე", თბილისი), მარიამ დანელია („ლანჩხუთი"), ტატა მატვეევა („სანდვიკენი", ნორვეგია), თამთა შენგელია („მართვე", ქუთაისი); თავდამსხმელები: ხატია ჭყონია („ქონაქი ბელედიესპორი", თურქეთი), ლელუ ჭიჭინაძე („იედნისტი", უკრაინა), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი").




აღნიშნულ შეკრებაზე კლუბს ვერ დაეხმარება საქართველოს 2-გზის და ყაზახეთის მრავალგზის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლეადორი გულნარა გაბელია („ბიიკ ყაზიგიურტი" ყაზახეთი), რომელსაც ყაზახურ გუნდთან ერთად ამ შეკრების დროს უწევს ასპარეზობა. ტრავმის გამო, შეკრებაზე არ არიან ანა ჩემინავა („ჟალგირისი", ვილნიუსი, ლიეტუვა) და ლანა გორგაძე („მართვე, ქუთაისი). სამაგიეროდ, თითქმის 2 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, გუნდის მეკარე თამარ ნადირაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან ბაჯელიძის თქმით, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, იმედი აქვს, რომ ნადირაშვილი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის 100 %-ით იქნება მზად.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის პირველ მოსამზადებელ ციკლში, მატებაა ქალთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც. უეფა-ს A ლიცენზიის მქონე ქალი მწვრთნელი, სალომე ხუბულური, რომელიც ეროვნული ნაკრების წინა შესარჩევ ციკლში თავად თამაშობდა ნაკრებში და მე-3 წელია საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია, ამიერიდან ეროვნულ ნაკრებშიც იმუშავებს.