9 ნოემბერს, ფუტსალის ლიგის მე-4 გათამაშება აიღებს სტარტს
9 ნოემბერს, ფუტსალის ლიგის მე-4 გათამაშება აიღებს სტარტს
06.11.2018
ავტორი:

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, 2018-19 წლების სეზონზე, სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა -  ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშება აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.




კიდევ ერთ სიახლე, წლევანდელი გათამაშებისას ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან,  ფუტსალის  ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის  გუნდები ლიგის  თასის  გათამაშებაში  ჩაერთვებიან. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

ტრადიციულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშების პრეზენტაცია და წილიყრა დღეს, 6 ნოემბერს, სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა.